მოზარდ მაყურებელთა თეატრი

უკვე დაიკეტა: თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა COVID–19–ის გამო მუშაობა შეაჩერა

35
(განახლებულია 12:21 06.04.2021)
ბავშვებსა და მოზარდებს შორის ყველაზე პოპულარულმა თეატრმა სპექტაკლების ჩვენება დროებით გადადო ისე, რომ გახსნაც ვერ მოასწრო

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მუშაობა შეაჩერა. სპექტაკლების ჩვენება გაურკვეველი ვადით გადაიდო, ნათქვამია თეატრის ოფიციალურ Facebook–გვერდზე.

რა შეზღუდვები იხსნება 1 აპრილიდან>>

პანდემიის გამო დიდი ხნის პაუზის შემდეგ თეატრებმა საქართველოში რეპეტიციები 15 მარტიდან, ხოლო სპექტაკლების ჩვენება მაყურებლის დასწრებით, რეკომენდაციების სრული დაცვით 1 აპრილიდან განაახლა.

„ყურადღება, ძვირფასო მაყურებლებო! თეატრის თანამშრომლის კონტაქტს დაუდასტურდა კორონავირუსი. თქვენი უსაფრთხოების გამო დროებით შეჩერებულია სპექტაკლების ჩვენება. დეტალურ ინფორმაციას, თუ როდის განვაახლებთ მუშაობას, მოგაწვდით მოგვიანებით. მადლობა თანადგომისათვის“, – აღნიშნულია თეატრის განცხადებაში.

ამ დღეებში სპექტაკლის ჩვენება ასევე გადაიდო მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრშიც, სადაც მსახიობს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის თვითიზოლაციაში გადავიდა, ხოლო დოსტოევსკის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის „დანაშაული და სასჯელი“ საპრემიერო ჩვენებები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

35
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (524)
რუსთაველის თეატრის დარბაზი

ხმაური რუსთაველის თეატრთან - აქციის მონაწილეებსა და მსახიობებს შორის დაპირისპირება მოხდა

106
(განახლებულია 22:57 17.04.2021)
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები მსახიობ ნინუცა მაყაშვილს უცხადებენ მხარდაჭერას და რეჟისორ რობერტ სტურუას უპირისპირდებიან, თეატრის მსახიობები კი თავის მხრივ სტურუას უჭერენ მხარს.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრთან აქციაზე დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „გილდიას“ წევრებსა და თეატრის მსახიობებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, იუწყება „პირველი არხი“.

აქციის მონაწილეები ძალადობასა და დისკრიმინაციას აპროტესტებენ. მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობ ნინუცა მაყაშვილს და საგამოძიებო ორგანოს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდეს. აქციაზე მყოფი პირებმა ასევე განაცხადეს, რომ სტურუა მოძალადეა და რეპეტიციებზე ქალებს შეურაცხყოფას აყენებს.

12 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ფაქტები გაიხსენა და განაცხადა, რომ იგი ბესო ზანგურის მხრიდან, რომელიც მაშინ მისი მეუღლე იყო, ძალადობის მსხვერპლი იყო, ორსულობის პერიოდშიც კი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გუშინ კი რუსთაველის თეატრმა მსახიობი ბესო ზანგური სპექტაკლების ყველა როლიდან დროებით მოხსნა. ამის შესახებ ბრძანება დღეს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ გამოსცა.

რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას გაკეთებულმა განცხადებებმა თეატრში მყოფი მსახიობების გაღიზიანება გამოიწვია. მსახიობები განმარტავენ, რომ აქციის მონაწილეთა განცხადებები, თითქოს რეჟისორი რობერტ სტურუა ბესო ზანგურის მიერ ჩადენილი საქციელის წახალისებას ცდილობს, სიცრუეა.

„ჩვენი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ყველაფერმა რობერტ სტურუაზე გადაიარა. ბესო ზანგური ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია და იურიდიულად, რაც თეატრს შეეძლო გაეკეთებინა, უკვე გააკეთა“, - განაცხადა რუსთაველის თეატრის მსახიობმა გოგა ბარბაქაძემ.

მეორე მხრივ „გილდიას“ დამფუძნებელი გიგა ბექაური განმარტავს, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა თეატრის თითოეულმა წევრმა და მათ შორის რეჟისორმა სტურუამ სოლიდარობა გამოუცხადოს ნინუცა მაყაშვილს. როგორც ცნობილია, სტურუამ ბესო ზანგურს სოციალურ ქსელში მხარი დაუჭირა.

„თანამდებობაზე მყოფი პირები, თეატრში ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ან სოლიდარობა გამოუცხადონ მაყაშვილს ან, მინიმუმ, გაჩუმდნენ და არაფერი თქვან, რადგან ასე აზიანებენ უამრავი ადამიანის ჯანმრთელობას. ჩვენი მთავარი მიზანია ადამიანებმა შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა“, - განაცხადა გიგა ბექაურმა.

ნინუცა მაყაშვილის მიერ ბესო ზანგურთან დაკავშირებულ განცხადებას საზოგადოებაში მწვავე რეაქციები მოჰყვა. ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მსახიობი ამბობს, რომ ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან მისი თვითმიზანი არ არის ყოფილი ქმრის პასუხისგებაში მიცემა.

106
უცხოეთში არსებული ქართული ცეკვის ანსამბლი

მოსკოვში ქართული ცეკვის ფესტივალი გაიმართება

22
(განახლებულია 16:24 16.04.2021)
ღონისძიება უცხოეთში ქართული ხალხური საცეკვაო ხელოვნების პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. ქართული ცეკვის ფესტივალი მოსკოვის დიდ საკონცერტო დარბაზ Космос-ში 22–29 აპრილს გაიმართება, ნათქვამია „რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში

ღონისძიების ორგანიზატორია ქართულ–რუსული ურთიერთობების განვითარებისა და აღორძინების ფონდის კულტურის დეპარტამენტი. ფესტივალი ეძღვნება რუსეთისა და საქართველოს გამოჩენილი ქორეოგრაფის გივი ციმაკურიძის იუბილეს და ცეკვების საერთაშორისო დღეს.

საკონცერტო დარბაზის სცენაზე მოსკოვისა და მოსკოვის ოლქში არსებული 15-მდე ქართული ქორეოგრაფიული კოლექტივი წარდგება.

კონცერტი ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება. ფესტივალზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინ–რეგისტრაცია. კონცერტზე დასასწრები ადგილები შეზღუდულია.

22
ჩინური ვაქცინა Sinopharm

გამყრელიძე:  საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება

0
კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინურ პრეპარატს ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია, მაგრამ ბევრი ქვეყანა ამ პრეპარატს უკვე იყენებს ვაქცინაციისთვის.

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური პრეპარატი Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინურ პრეპარატს ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია. სპეციალისტების განცხადებით,  ვაქცინამ ჯანმოს ავტორიზაცია აპრილის ბოლოსთვის უნდა მიიღოს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ეპიდრისკების გათვალისწინებით, ექსპერტები ერთმნიშვნელოვნად უჭერენ მხარს მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესში Sinopharm-ის დროულად ჩართვას. Sinopharm-ით ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან დაიწყება.

„გადაწყვეტილია, რომ მალე დაიწყება ჩინური ვაქცინით აცრები. ქვეყანაში არის დასაწყობებული Sinopharm-ის 100 ათასი დოზა“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ზრდის დინამიკა შეინიშნება, თუმცა არა ისეთი, როგორსაც სპეციალისტები ელოდებიან. გამყრელიძემ მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ჩინური ვაქცინა Sinopharm მსოფლიოს 35 ქვეყანაშია აღიარებული და აღნიშნული პრეპარატის 200 მლნ დოზამდე უკვე გამოყენებულია.

საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. საქართველო ასევე ელოდება Sinovac-ის ვაქცინას, რომელსაც ჩინეთიდან უსასყიდლოდ მიიღებს.

ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.

ვირუსის ინაქტივაცია ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია, აღნიშნავენ ეპიდემიოლოგები. ამ ტექნოლოგიითაა შემუშავებული, მაგალითად, დიფტერიის, В–ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველასა და სხვა დაავადებების ვაქცინები.

ამჟამად საქართველოში ვაქცინაციისთვის Pfizer-ის და AstraZeneca-ს პრეპარატები გამოიყენება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 29.184 ადამიანს ჩაუტარდა.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში უახლოეს მომავალში მასწავლებლები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

0