გელათის მონასტერი

გელათის სახურავის რესტავრაციის პროცესში დაშვებულ ხარვეზებს ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის

44
(განახლებულია 12:04 03.04.2021)
გელათის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფმა იმსჯელეს.

თბილისი, 3 აპრილი  – Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი მოადგილეებთან ერთად შეხვდა არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფს, რომელიც გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის პროცესში დაშვებულ ხარვეზებს შესწავლის. ჯგუფი დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შეიქმნა.

შეხვედრაზე მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.

„პირველ რიგში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, რომ UNESCO-სთან (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია - რედ.) სრულფასოვანი კომუნიკაცია აწარმოოს და მოკლე ვადებში მიაღწიოს საქართველოში ისეთი სპეციალიზაციის მქონე ექსპერტების მოწვევას, რომლებიც ქვეყანას სამწუხაროდ არ ჰყავს, მათ შორის, მოჭიქული კრამიტით გადახურვის სპეციალისტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, მიმდინარე წლის 5 აპრილამდე სამინისტროსა და ექსპერტებს წარუდგინოს გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის სარესტავრაციო სამუშაოების 2008 წელს შემუშავებული პროექტი და ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც დღემდე სახურავზე ჩატარებულ სამუშაოებს ქრონოლოგიურად ასახავს.

„მოცემული მასალები სამინისტროსა და ქართველ არქიტექტორ-რესტავრატორებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ ჩატარებული სამუშაოების შესრულებისას დაშვებულ შეცდომებს და მათი გამოსწორებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა უცხოელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განისაზღვრა არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფი, რომელიც ძირითადი ტაძრის სახურავის ერთ-ერთ მონაკვეთზე წითელი მოჭიქული კრამიტის ნიმუშებს აიღებს და ექსპერტიზაზე გადააგზავნის, ვინაიდან, როგორც შეხვედრაზე გაირკვა, წითელი კრამიტის სახურავზე დაგებამდე მას სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა არ ჩატარებია.

წითელ კრამიტზე ექსპერტიზის პასუხი და 2008-2020 წლების დოკუმენტების კვლევა აუცილებელია უცხოელ ექსპერტთა ვიზიტის სათანადოდ მოსამზადებლად.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სამინისტრო გეგმავს მეორე ჯგუფის შექმნასაც, რომელშიც ფერწერის სპეციალისტები გაერთიანდებიან და დაზიანებული ფრესკების გადარჩენის საკითხზე იმუშავებენ.

როგორც მანამდე წულუკიანმა აღნიშნა, კომპანია, რომელიც გელათის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს 2011 წლიდან ატარებს, ტენდერის გზით არ შერჩეულა. იგი მაშინდელმა ხელმძღვანელობამ პირდაპირი წესით შეარჩია როგორც ორგანიზაცია, რომელიც სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად შესაფერისი იყო.

გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის სამუშაოები 2016 წელს შესრულდა, მაგრამ კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა, რის გამოც ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.

გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი. 1994 წლიდან არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

 

44
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ხუთი ქართველი მეცნიერი დააჯილდოვა

45
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ის ქართველი მეცნიერები დააჯილდოვა, ვინც სხვადასხვა კუთხით ემსახურებიან ქართული ენის გადარჩენასა და განვითარებას

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუთი ქართველი მეცნიერი დააჯილდოვა,  ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„გადავწყვიტე დედაენის დღეს დამეჯილდოვებინა ადამიანები, ვინც სხვადასხვა კუთხით ემსახურებიან ქართული ენის გადარჩენასა და განვითარებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

უწყების ცნობით, პრეზიდენტმა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ენრიკო გაბიძაშვილი საქართველოში კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განვითარებაში, ძველი ქართული ნათარგმნი და ორიგინალური მწერლობისა და ქართულ-ბიზანტიური საეკლესიო მწერლობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ოთხი ქართველი მეცნიერი კი პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა.

მათ შორის, ქართული ენის სიწმინდის დაცვისა და ქართული ენის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების მედლით დაჯილდოვდა ვახტანგ ელერდაშვილი.

ასევე, საზღვარგარეთ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისათვის ღირსების მედალი გადაეცათ მაია დარჩიასა და ლელა ჟორჟოლიანი-ლიკლიკაძეს.

დღეს ღირსების მედლით დაჯილდოვდა ზაქარია ფურცხვანიძეც, რომელსაც სახელმწიფო ჯილდო საზღვარგარეთ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის მიენიჭა.

საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება. ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 43 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რის შედეგადაც საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა.

 

 

45
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი

თბილისი ბეთჰოვენის მუსიკის საღამოს უმასპინძლებს

20
(განახლებულია 19:12 14.04.2021)
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით კონცერტი ეპიდრეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება. მსმენელის წინაშე პიანისტი ალექსანდრე ვასაძე წარდგება.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. გერმანელი კომპოზიტორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებების საღამო თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის კულტურულ-მუსიკალურ ცენტრში 18 აპრილს გაიმართება. 

სცენაზე გაიჟღერებს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტი №3 და სიმფონია №7. მსმენელის წინაშე წარდგება სიმფონიური ორკესტრი დავით მუკერიას დირიჟორობით და ქართველი პიანისტი და ორგანისტი ალექსანდრე ვასაძე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით კონცერტი ეპიდრეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება. კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება.

ბეთჰოვენი გამოჩენილი გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი, „ვენის კლასიკური სკოლის“ ბოლო წარმომადგენელია. მისი შემოქმედება მოიცავს გარდამავალ პერიოდს კლასიკურიდან რომანტიკულ ეპოქაში. ბეთჰოვენი ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღიარებული კომპოზიტორია მსოფლიო მუსიკალური კულტურის ისტორიაში.

20
თემები:
საქართველო და კულტურა
კახა კალაძე

კალაძე: ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას

15
(განახლებულია 13:59 15.04.2021)
კახა კალაძეს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ვესტიბულოპათიის დიაგნოზი დაუსვეს – ექიმების განცხადებით, მერის ავადმყოფობა მის სპორტულ წარსულს უკავშირდება.

 

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში კვირის ბოლოსთვის დაბრუნდება და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. 

43 წლის კალაძე უცხოეთში გამოკვლევების ჩასატარებლად 12 აპრილს გაემგზავრა – იგი მარტის ბოლოს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ე.წ. ვესტიბულოპათიის დიაგნოზით (ვესტიბულარული ანალიზატორის ფუნქციის დარღვევა) მოხვდა. 4 აპრილს მან კლინიკა დატოვა და რეაბილიტაციის კურსს სახლის პირობებში გადიოდა. 

„დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ბედნიერი ვარ, რომ კარგად ვარ. ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად განვახორციელებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დედაქალაქს სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ Facebook-ჩართვაში.

ადრე ქართულ მასმედიაში თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის მმართველი გუნდიდან და, ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ვერსიით, კალაძე მილანში დაბრუნებას გეგმავს, სადაც ფეხბურთელის წარმატებული კარიერა ჰქონდა.

კონკრეტულად რომელ ქვეყანაში იმყოფება დედაქალაქის მერი, ამის თაობაზე ინფორმაციას თბილისის მერიის პრეს-სამსახური არ ავრცელებს.

15