ლანა ღოღობერიძე

ლანა ღოღობერიძეს ხელოვნებისა და ლიტერატურის ფრანგული ორდენი გადაეცა

46
(განახლებულია 15:48 31.03.2021)
ეს ჯილდო ქართველი რეჟისორისა და მწერლის ბრწყინვალე კარიერის დაგვირგვინებაა, აღნიშნეს საფრანგეთის საელჩოში

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მწერალი ლანა ღოღობერძე ხელოვნებისა და ლიტერატურის ოფიცრის ფრანგული ორდენით დაჯილდოვდა. ორდენი ხელოვანს საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა გადასცა.

ლანა ღოღობერიძე: ქართველები ისტორიის უდაბნოში მარტო შეჭრილი ერი ვართ>>

ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი (L'Ordre des Arts et des Lettres) საფრანგეთის კულტურის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოა, რომელიც 1957 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია იმ პირთა დაჯილდოება, რომლებსაც დიდი მიღწევები აქვთ მხატვრულ ან ლიტერატურულ სფეროებში ან დიდი წვლილი შეიტანეს საფრანგეთსა და მსოფლიოში ხელოვნებისა და ლიტერატურის გავრცელებაში.

ეს ჯილდო ქართველი რეჟისორისა და მწერლის ბრწყინვალე კარიერის დაგვირგვინებაა, აღნიშნავენ საქართველოში საფრანგეთის საელჩოში

„ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობის შემდეგ, ქ-ნი ლანა ღოღობერიძე საფრანგეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა 2004 წელს, ხოლო შემდეგ თავისი ქვეყნის ხმა იუნესკოში გააჟღერა. ამიერიდან ის საერთაშორისო კინემატოგრაფიისა და ფრანგულ-ქართული მეგობრობის შეუცვლელი სახეა“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ლანა ღოღობერიძე 1928 წელს დაიბადა თბილისში. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე. 1954 წელს მიიღო ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1957 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

მისი პირველი მხატვრული ფილმი იყო „ერთი ცის ქვეშ“. 1975 წლიდან ხელმძღვანელობდა რუსთაველის თეატრის რეჟისორთა სტუდიას. 1988 წლიდან კი „ქართული ფილმის“ დირექტორი იყო.

მისმა მხატვრულმა და დოკუმენტურმა ფილმებმა რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა. გახლავთ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1980), სან-რემოს (1979), ტოკიოს (1987), ბერლინის (1993) და სხვა კინოფესტივალების პრემიების ლაურეატი.

ლანა ღოღობერიძე 2018 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

ღოღობერიძეს ნათარგმნი აქვს უოლტ უიტმენის, თაგორის, ვერლენის, ახმატოვას, პასტერნაკის ლექსები. ავტორია მონოგრაფიისა უოლტ უიტმენის შესახებ.

ლანა ღოღობერიძე: თუკი რაიმეთი საინტერესო ვართ მსოფლიოსთვის ეს ჩვენი ხასიათია>>

ლანა ღოღობერიძეს გადაღებული აქვს ფილმები: „მე ვხედავ მზეს“, „ფერისცვალება“, „როცა აყვავდა ნუში“, „აურზაური სალხინეთში“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „დღეს ღამე უთენებია“, „ორომტრიალი“, „ვალსი პეჩორაზე“, „ოქროს ძაფი“.

46
თემები:
საქართველო და კულტურა (1080)
რუსთაველის თეატრის დარბაზი

ხმაური რუსთაველის თეატრთან - აქციის მონაწილეებსა და მსახიობებს შორის დაპირისპირება მოხდა

101
(განახლებულია 22:57 17.04.2021)
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები მსახიობ ნინუცა მაყაშვილს უცხადებენ მხარდაჭერას და რეჟისორ რობერტ სტურუას უპირისპირდებიან, თეატრის მსახიობები კი თავის მხრივ სტურუას უჭერენ მხარს.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრთან აქციაზე დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „გილდიას“ წევრებსა და თეატრის მსახიობებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, იუწყება „პირველი არხი“.

აქციის მონაწილეები ძალადობასა და დისკრიმინაციას აპროტესტებენ. მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობ ნინუცა მაყაშვილს და საგამოძიებო ორგანოს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდეს. აქციაზე მყოფი პირებმა ასევე განაცხადეს, რომ სტურუა მოძალადეა და რეპეტიციებზე ქალებს შეურაცხყოფას აყენებს.

12 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ფაქტები გაიხსენა და განაცხადა, რომ იგი ბესო ზანგურის მხრიდან, რომელიც მაშინ მისი მეუღლე იყო, ძალადობის მსხვერპლი იყო, ორსულობის პერიოდშიც კი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გუშინ კი რუსთაველის თეატრმა მსახიობი ბესო ზანგური სპექტაკლების ყველა როლიდან დროებით მოხსნა. ამის შესახებ ბრძანება დღეს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ გამოსცა.

რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას გაკეთებულმა განცხადებებმა თეატრში მყოფი მსახიობების გაღიზიანება გამოიწვია. მსახიობები განმარტავენ, რომ აქციის მონაწილეთა განცხადებები, თითქოს რეჟისორი რობერტ სტურუა ბესო ზანგურის მიერ ჩადენილი საქციელის წახალისებას ცდილობს, სიცრუეა.

„ჩვენი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ყველაფერმა რობერტ სტურუაზე გადაიარა. ბესო ზანგური ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია და იურიდიულად, რაც თეატრს შეეძლო გაეკეთებინა, უკვე გააკეთა“, - განაცხადა რუსთაველის თეატრის მსახიობმა გოგა ბარბაქაძემ.

მეორე მხრივ „გილდიას“ დამფუძნებელი გიგა ბექაური განმარტავს, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა თეატრის თითოეულმა წევრმა და მათ შორის რეჟისორმა სტურუამ სოლიდარობა გამოუცხადოს ნინუცა მაყაშვილს. როგორც ცნობილია, სტურუამ ბესო ზანგურს სოციალურ ქსელში მხარი დაუჭირა.

„თანამდებობაზე მყოფი პირები, თეატრში ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ან სოლიდარობა გამოუცხადონ მაყაშვილს ან, მინიმუმ, გაჩუმდნენ და არაფერი თქვან, რადგან ასე აზიანებენ უამრავი ადამიანის ჯანმრთელობას. ჩვენი მთავარი მიზანია ადამიანებმა შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა“, - განაცხადა გიგა ბექაურმა.

ნინუცა მაყაშვილის მიერ ბესო ზანგურთან დაკავშირებულ განცხადებას საზოგადოებაში მწვავე რეაქციები მოჰყვა. ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მსახიობი ამბობს, რომ ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან მისი თვითმიზანი არ არის ყოფილი ქმრის პასუხისგებაში მიცემა.

101
უცხოეთში არსებული ქართული ცეკვის ანსამბლი

მოსკოვში ქართული ცეკვის ფესტივალი გაიმართება

22
(განახლებულია 16:24 16.04.2021)
ღონისძიება უცხოეთში ქართული ხალხური საცეკვაო ხელოვნების პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. ქართული ცეკვის ფესტივალი მოსკოვის დიდ საკონცერტო დარბაზ Космос-ში 22–29 აპრილს გაიმართება, ნათქვამია „რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში

ღონისძიების ორგანიზატორია ქართულ–რუსული ურთიერთობების განვითარებისა და აღორძინების ფონდის კულტურის დეპარტამენტი. ფესტივალი ეძღვნება რუსეთისა და საქართველოს გამოჩენილი ქორეოგრაფის გივი ციმაკურიძის იუბილეს და ცეკვების საერთაშორისო დღეს.

საკონცერტო დარბაზის სცენაზე მოსკოვისა და მოსკოვის ოლქში არსებული 15-მდე ქართული ქორეოგრაფიული კოლექტივი წარდგება.

კონცერტი ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება. ფესტივალზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინ–რეგისტრაცია. კონცერტზე დასასწრები ადგილები შეზღუდულია.

22
ტურისტები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

6
დღეს დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 4 პროცენტს გადააჭარბა, ხოლო ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 3 პროცენტს მიუახლოვდა

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 818 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 465 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

აჭარა - 75, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 29, კახეთი - 25, გურია - 18,  მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 4,35%, ბოლო 14 დღის - 2,98%, ბოლო 7 დღის - 3,41%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 783 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 280.915-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობaში გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.939-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 10.478 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.982 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1.577, აჭარაში - 405, იმერეთში - 371.

512 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 89 პირი, მათგან თბილისში - 67, იმერეთში - 6, აჭარაში - 7.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 439 ადამიანი, მათ შორის 228 - თბილისში, 196 - აჭარაში.

საცხოვრებელ ბინაზე ვირუსის მკურნალობის კურსს 7.057 პირი გადის.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 310 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 262, ხოლო აჭარაში - 3. თვითიზოლაციაში იმყოფება 16.452 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8.317 პირი, აჭარაში - 2.314, იმერეთში - 1.180.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 818-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.358-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

6