ქართული ყავის კომპანია „მეამას“ შენობა

ქართული არქიტექტურული კომპანია საუკეთესოთა რიცხვში მოხვდა

475
(განახლებულია 10:52 21.02.2021)
თბილისში მდებარე ყავის კომპანიის ოფისის პროექტი ახალგაზრდა არქიტექტორების საერთაშორისო კონკურსის გრან-პრი მოიპოვა

თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. ქართველი არქიტექტორის, ჰარვარდის უნივერსტიტეტის კურსდამთავრებული გიორგი ხმალაძის კომპანია Khmaladze Architects Architzer-ის პლატფორმამ შეიყვანა 139 ფირმის სიაში, რომელთა საქმიანობა 2021 წელს დაკვირვების ქვეშ იქნება.

Architzer-მა 2021 წლის „მაღალხარისხიანი არქიტექტურული და დიზაინერული ფირმების კატალოგი“ გამოაქვეყნა. ბევრმა მათგანმა გასულ წელს გამოცემა A+Awards-ის პრემია დაიმსახურა.

„რჩეულთა“ სიაში აღმოჩნდა ასევე Khmaladze Architects, რომელმაც თბილისში ყავის კომპანია „მეამას“ და ბათუმში McDonald’s-ის შენობები დააპროექტა.

„ქართულმა კომპანიამ Khmaladze Architects ბოლო წლებში სხვადასხვა კატეგორიის მრავალრიცხოვანი ჯილდოს, პროექტის და არქიტექტურული ტიპოლოგიის შექმნის შედეგად დიდი მნიშვნელობა და აღიარება მოიპოვა... საინტერესოა, რას უნდა ველოდოთ 2021 წელს კომპანიის დამაარსებლის, გიორგი ხმალაძისგან და მისი გუნდისგან“, - წერს Architizer.

გასულ წელს „მეამას“ ფაბრიკის პროექტმა A+Awards-ის სამ სხვადასხვა კატეგორიაში ხუთი ნომინაცია მოიგო, მათ შორის „არქიტექტურა და ბეტონი“ და „საოფისე ინტერიერის დიზაინი“.

ასევე ყავის კომპანიის პროექტმა ახალგაზრდა არქიტექტორების საერთაშორისო კონკურსის ArchDaily&Strelka Award 2019 გრან-პრი მიიღო.

ხმალაძის მიერ დაპროექტებული ყავის ფაბრიკა თბილისის აეროპორტის გზაზე მდებარეობს. ავტომაგისტრალის მხრიდან შენობის ფასადი ერთმანეთზე დაწყობილი ბეტონის ფილებს ჰგავს.

შენობის ფართობი 4,5 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს. ფაბრიკის გარდა, ის ასევე განთავსებულია საოფისე სივრცე, სადეგუსტაციო დარბაზები და საგამოფენო ფართი. სივრცეებს მინის ტიხრები ჰყოფს.

Architizer-ის გუნდი 2009 წელს შექმნილ ვებგვერდზე არქიტექტორებისათვის განკუთვნილ მონაცემთა ბაზას ან„ფეისბუკს“ უწოდებს. თავისი არსით, ესაა პროფესიული სოციალური ქსელი, რომელშიც ბიუროები თუ ცალკეული არქიტექტორები ქმნიან საკუთარ პროფილებს და აქვეყნებენ თავის ნამუშევრებს. ამგვარად მათ თანდათანობით საჯარო ელექტრონულ პორტფოლიო უგროვდებათ. რედაქცია საუკეთესო პროექტებს არჩევს. ყოველწლიურად იმართება გრაფიკის კონკურსი და პრემია A+Award. 2021 წელს ის მეცხრედ გაიმართება.

გიორგი ხმალაძის პროექტი მოიცავს ყავის მწარმოებელ ფაბრიკას, ოფისებს, სივრცეებს ყავის დაგემოვნებისთვის და ასევე მცირე გამოფენებისთვის. შენობა წარმოადგენს მონოლითურ ბეტონის ფასადს საოცარი გეომეტრიული ფორმებით. შენობას ორიგინალურ იერს სძენს გაზონები სახურავზე.

475
 შოუ The Voice Georgia

„ვიცე-მის საქართველო“, მძიმე როკი და რესტორნის მომღერლები: რა მოამზადა ქართულმა „ვოისმა“

29
(განახლებულია 22:21 01.03.2021)
პროექტში The Voice of Georgia თავი მოიყარეს ყველაზე, ყველაზე გამორჩეულებმა - მოდელებმა, ქუჩის მუსიკოსებმა, რესტორნის მომღერლებმა და უბრალოდ სიმღერის მოყვარულებმა

შაბათს ვოკალური ტელეპროექტის The Voice of Georgia სეზონის მეორე გამოშვება - ბრმა მოსმენების ეტაპი გაიმართა. Sputnik-საქართველო მკითხველს ყველაზე გამორჩეულ კონკურსანტებსა და ნომრებს აცნობს.

სანდრო ლაშხი

სანდრო ლაშხი 20 წლის სტუდენტი და ქუჩის მუსიკოსია სასიამოვნო ხრინწიანი ხმით. მუსიკა ლაშხის ერთადერთი გატაცება არ არის. ის დროს უთმობს ფოტოგრაფიასა და ხატვას, განსაკუთრებით კი მოტოციკლეტები უყვარს.

სანდრომ შეასრულა ჯგუფის The Animals სიმღერა The house of rising sun. დაიწყო დაბალი ტონალობით, შემდეგ კი ზედა რეგისტრში გადავიდა. იგი მძიმე და კლასიკური როკის თაყვანისმცემელია. სანდრომ ნიკა რაჭველი და სალიო შემოაბრუნა, არჩევანი კი სალიოს გუნდზე შეაჩერა. 

მარიამ დოკვაძე

ოცდასამი წლის მარიამ დოკვაძე რუსთავიდანაა. გოგონას დედის თქმით, იგი ბავშვობიდან გამოირჩეოდა სრულყოფილი სმენით, ამიტომ გადაწყვიტეს მუსიკალურ სკოლაში მიყვანა. მარიამმა იქ მხოლოდ რამდენიმე წელი იარა, ამიტომ მიაჩნია, რომ თვითნასწავლია. 18 წლის ასაკში მარიამმა შექმნა ბენდი, რომელთან ერთადაც რესტორნებში გამოდიოდა.

პროექტისთვის დოკვაძემ შეარჩია არეტა ფრანკლინის სიმღერა Respect. გოგონამ ენერგიითა და ძლიერი ვოკალით თავიდანვე დაიმსახურა სტეფანესა და სალიოს მოწონება. მან სტეფანეს გუნდი აირჩია.

ლარა იანი

ამ გამოშვების ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მონაწილე თბილისელი 28 წლის ლარა იანი იყო. 2017 წელს ლარა მონაწილეობდა სილამაზის კონკურსში „მის მსოფლიო“, როგორც „ვიცე-მის საქართველო“, 2020 წელს კი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც 2020 წლის პირველი „ვიცე-მის ოფისი“ გახდა.

გოგონამ შეასრულა ბიონსეს სიმღერა Runnin. მსმენელი და მეგობარი ბიჭი ამაოდ ელოდნენ, რომ მისკენ ჟიურის რომელიმე წევრი შემობრუნდებოდა, თუმცა სიმღერის დასრულების შემდეგ, გოგონას დანახვისას, სტეფანემ ის კომპლიმენტებით აავსო.

სალომე ხუჯაძე

18 წლის თბილისელი სალომე ხუჯაძე ბავშვობიდან გატაცებულია სიმღერით. გოგონა საკმაოდ თავდაჯერებულია და გამოსვლამდე თითქმის არ ღელავდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პირველი პროექტია. ხუჯაძემ შეასრულა ჯენიფერ ჰადსონის სიმღერა I'm changing.

მან ხმის ტემბრით ჟიურის სამი წევრი მოხიბლა - სტეფანე, ნიკა რაჭველი და სალიო. არჩევანი კი მაესტრო რაჭველის გუნდზე შეაჩერა.

კატო ვერხვიაშვილი

31 წლის კატო თბილისში ცხოვრობს. დაიბადა მუსიკალურ ოჯახში, მაგრამ ძალები სპორტშიც აქვს მოსინჯული. ამჟამად მუსიკის გარდა ფოტოგრაფიითაა გატაცებული. პროექტ „ვოისის“ სცენაზე თავისი პირველი გამოსვლა კატომ მიუძღვნა მამას, რომელიც სამი თვის წინ გარდაიცვალა.

კატომ ტომ ჟობიმის სიმღერის Meditation პირველივე ნოტებიდან მიიქცია ყურადღება. სტეფანემ მომღერალი შეაფასა, როგორც ძალიან ალტერნატიული. ამასობაში მისკენ სალიო შემობრუნდა, რომელიც კატოს ნამღერმა ისე აღაფრთოვანა, რომ ჟიურის დანარჩენი წევრების ღილაკებსაც თავად დააჭირა ხელი. საბოლოოდ მომღერალი ნიაზ დიასამიძის გუნდში მოხვდა.

The Voice of Georgia - არის სატელევიზიო ვოკალური შოუ. 2012 წლიდან კონკურსი „იმედის“ არხზე გადიოდა, ამჟამად კი „პირველი არხით“ გადაიცემა.

ადრე მას ეწოდებოდა „ახალი ხმა“. პირველი ორი სეზონის გამარჯვებულები გახდნენ სალომე ქათამაძე და მარიამ ჩაჩხიანი. პროექტი არის ორიგინალური ფორმატის The Voice ქართული ანალოგი. პროექტი 2010 წელს ჰოლანდიურ ტელევიზიაში RTL4 გამოჩნდა, როგორც The Voice of Holland.

29
ევროვიზია

„ევროვიზია 2021“-ზე თორნიკე ყიფიანი საკუთარი სიმღერით წარდგება

53
(განახლებულია 21:21 01.03.2021)
„ევროვიზია 2021“-ის ნახევარფინალები 18 და 20 მაისს, კონკურსის ფინალი კი 22 მაისს გაიმართება. საქართველო „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. „ევროვიზია 2021“-ზე საქართველოს წარმომადგენელი, მომღერალი თორნიკე ყიფიანი წარდგება სიმღერით You („შენ“), ნათქვამია Eurovision Georgia-ს ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა. სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს - როკს, პოპ-როკს და ბლუზ-როკს.

სიმღერის არანჟირება „ბრავო რეკორდსში“ გაკეთდა და მასზე თორნიკე ყიფიანთან ერთად ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა.

სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა. მუსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორი თემო კვირკველიაა.

საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. სპეციალურად კლიპისთვის ცეკვა მარიამ ალექსიძემ დადგა და ვიდეორგოლში მისი დასი მონაწილეობს. კოსტიუმების დიზაინი კი ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის. სიმღერის პრემიერა მარტის შუა რიცხვებში შედგება.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სასცენო დადგმაზე შვედი რეჟისორი ემილია სინდქვისტი იმუშავებს. ემილია არის საშა ჟან ბაპტისტის შემოქმედებითი ჯგუფის წევრი. მას აქვს ნამუშევარი შვედურ Pop Idol-ზე და შვედეთის ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზე Melodifestivalen-ზე.

2020 წელს თორნიკე ყიფიანი კონკურსზე უნდა გამოსულიყო სიმღერით Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“), მაგრამ პანდემიის გამო ღონისძიება გადაიდო.

„ევროვიზია 2021“-ის ნახევარფინალები 18 და 20 მაისს, კონკურსის ფინალი კი 22 მაისს გაიმართება. საქართველო „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას.

წლევანდელი ევროვიზია შეიძლება ცარიელ დარბაზში, მაყურებლის გარეშე ჩატარდეს. გავრცელებული ინფორმაციით, განიხილება „ევროვიზიის“ ჩატარების სამი ვარიანტი. პირველი ვარიანტის მიხედვით, კონკურსი როტერდამის საკონცერტო დარბაზ Ahoy Arena-ში შეიძლება ჩატარდეს სოციალური დისტანციისა და სხვა მკაცრი ჰიგიენური ზომების დაცვით. მეორე სცენარი ითვალისწინებს კონკურსის ჩატარებას მონაწილეების ადგილზე ჩასვლის გარეშე. მათი გამოსვლები ონლაინ–რეჟიმში იქნება ადგილებიდან ტრანსლირებული. მესამე სცენარი კი კონკურსის სრულად ონლაინ–რეჟიმში გამართვას მოიაზრებს.

ეპიდვითარების გათვალისწინებით, კონკურსის საბოლოო ფორმატზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

53
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია

„დიალოგი გაგრძელდება“: შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დასრულდა

0
ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე შედგა ექვსპუნქტიანი ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელსაც შეხვედრის ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დასრულდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

შეხვედრაზე, რომელსაც მიშელის გარდა ესწრებოდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, შედგა ექვსპუქნტიანი ჩარჩო-დოკუმენტი, რომელსაც შეხვედრის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს.

ამ ექვს პუნტქს შორისაა ისეთი საკითხები, ვადამდელი არჩევნების ჩატარება, პოლიტპატმრების გათავისუფლება, მართლმსაჯულების რეფორმა. 

მიშელის თქმით, საქართველოს საკითხი რამდენიმე კვირაში განიხილება ევროპარლამენტში. მანამდე კი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა გაიმართოს შეხვედრა, რომელზეც, ღარიბაშვილის თქმით, ეროვნული კონსენსუსი უნდა შედგეს.

„ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ისეთი ეროვნული, საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს, ერს გააერთიანებს, ესაა, რაც სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მხარეებმა შეაჯერეს პოზიციები. მისი თქმით, ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში გამართული კონსლუტაციების შემდეგ.

„ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომელიც გვაქვს მამართველ პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას. ბუნებრივია, გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომელზეც გვაქვს ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება, ასევე მოვისმინეთ თითოეული წარმომადგენლისგან მათ მიერ დასმული კითხვები და გავეცი პასუხი. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბნენ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (აკაკი მინაშვილი, სალომე სამადაშვილი), „ევროპული საქართველოს“ (დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია), „ლელო საქართველოსთვის“ (მამუკა ხაზარაძე), „პატრიოტთა ალიანსის“ (ირმა ინაშვილი), რესპუბლიკური პარტიის (ხათუნა სამნიძე), ლეიბორისტული პარტიის (შალვა ნათელაშვილი), „მოქალაქეების“ (ალეკო ელისაშვილი), „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურაბ ჯაფარიძე).

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა და ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ განახლდება მოლაპარაკების პროცესი მმართველ პარტიასთან. მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

დასავლელი შუამავლების ორგანიზებით მოლაპარაკებათა რამდენიმე რაუნდი უკვე ჩატარდა, მაგრამ უშედეგოდ.

0