კახი კავსაძე

კახი კავსაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

229
ცნობილ ქართველ მსახიობს ორმხრივი პნევმონია აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი, იუწყება პირველი არხი.

კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, მსახიობს ორმხრივი პნევმონია აქვს. მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

85 წლის კახი კავსაძე კორონავირუსის დიაგნოზით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გასული წლის  28 ნოემბერს მოათავსეს. მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. იგი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო ჩართული.

მსახიობმა ვირუსი დაამარცხა და დეკემბრის შუა რიცხვებში კლინიკიდან გაეწერა.

229
ბერლინალე

„სასიამოვნოდ სევდიანი" როგორ შეაფასეს ქართული ფილმი ბერლინალეზე

40
(განახლებულია 19:37 05.03.2021)
ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე ალექსანდრე კობერიძის ფილმს პოეტური, მახვილგონივრული და შთამბეჭდავი უწოდეს.

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. ქართველი რეჟისორის ალექსანდრე კობერიძის ფილმმა „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ რომელიც ბერლინის კინოფესტივალის მთავარ საკონსკურსო პროგრამაშია შესული, უცხოელი კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. 

„ეს ქართული ზღაპარი მართლა საჩუქარია, რომელიც სხვას არ ჰგავს. ქალაქის ქუჩებში, რომელიც გაზაფხულის ყვავილობითაა მოჯადოებული, ულტრარომანტიკული ექსცესი ვითარდება. ფილმის თითოეული კადრი გასაოცარია. შთამბეჭდავი მონტაჟის წყალობით მოკლე სცენები ერთმანეთს მიჰყვება, როგორც საოცარი საქანელა... ეს არის ამბიციური ზღაპარი, რომელიც ასევე საუბრობს სამყაროს სისასტიკესა და ყოველივე ამაზე რეაქციის არარსებობაზე“, – წერს ფრანგული გამოცემა Le Polyester

„ამ თბილ, მოულოდნელობებით სავსე ხალხურ ზღაპარში ძველ ქალაქში მცხოვრები, სიცოცხლით სავსე შეყვარებულები შეხვედრას გრძნეულების გამო ვერ ახერხებენ“, – წერს ამერიკული გამოცემა Variety.

გამოცემა Awards Daily წერს, რომ კანის კინოფესტივალზე ფილმების „დასაწყისი“ და „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წარმატების შემდეგ, კობერიძის ფილმი „ოქროს დათვის“ ჯილდოს რეალური პრეტენდენტია, რაც იმის დასტურია, რომ ქართულ კინემატოგრაფიაში ძალზე საინტერესო ახალი ტალღა იბადება. 

„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ რეჟისორ ალექსანდრე კობერიძის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომელიც საქართველო–გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმი ორი ადამიანის სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირები ერთმანეთს ქუჩაში მოულოდნელად ხვდებიან და მათ შორის გრძნობა ჩნდება. ცხოვრება ჩვეული დინებით მიდის და ჩნდება კითხვა – მოახერხებს წყვილი კვლავ შეხვედრას?

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.

1993 წლის ბერლინალეს შემდეგ, რომელზეც თემურ ბაბლუანის ფილმი „უძინართა მზე“ კინოფესტივალის მთავარი პრიზით „ვერცხლის დათვით” დაჯილდოვდა, ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი აღარ შერჩეულა.

40
თემები:
ქართული კინო
გოგონა წიგნის ელექტრონულ ვერსიას კითხულობს

ანასტასია ხატიაშვილის რომანი რუსეთში თებერვლის საუკეთესო წიგნების ხუთეულში შევიდა

61
(განახლებულია 21:11 02.03.2021)
ქართველი ავტორის წიგნი არა მარტო თვის რეიტინგის ტოპშია, არამედ წარმატება ხვდა წილად რომანის მიხედვით დაწერილ სცენარსაც – ის დანილა კოზლოვსკიმ გამოარჩია

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. ქართველი მწერლისა და Sputnik–საქართველოს კოლუმნისტის ანასტასია ხატიაშვილის რომანი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ (Лучшее, чего у меня нет) საგამომცემლო სერვისი Ridero–ს თებერვლის საუკეთესო წიგნების რეიტინგში მოხვდა.

„საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ – ფსიქოლოგიური ტრილერია, რომელიც რუსულ ენაზეა დაწერილი და 16 თებერვალს გამოიცა პლატფორმაზე Ridero. ესაა ორი ქართველი ახალგაზრდის ისტორია, რომელთა ცხოვრება და სიკვდილი იხლართება სიყვარულისა და გაგებისთვის გიჟურ რბოლაში, როდესაც რეალობის ყველა კანონი ირღვევა.

„მოხარული ვარ, რომ ჩემს პირველ რომანს უკვე აქვს მცირე გამარჯვება. ეს ისტორია უნდა მოეწონოს მკითხველს, რადგან ესაა თანამედროვე თბილისელებზე, რომლებიც ჩვენ შორის ცხოვრობენ, ეძებენ სიყვარულსა და ბედნიერებას და ებრძვიან ბედის უკუღმართობას. იმედი მაქვს, რომ რომანი მალე ქართულადაც გამოვა“, – აღნიშნა ავტორმა.

რომანის „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ აქტუალობისა და დროულობის შესახებ ისაუბრა პროექტ Sputnik–საქართველოს ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ. მისი თქმით, კარგი წიგნი ახლა იშვიათობაა, მით უფრო, როდესაც ის ეძღვნება ისეთ თემებს, როგორიცაა სიყვარული და ცხოვრების აზრი.

„ახლა, როცა პანდემიის გამო მსოფლიო „დისტანციურზეა“ გადართული და ირგვლივ მხოლოდ ნეგატიური სიახლეებია, კარგი წიგნის წაკითხვა ნამდვილად ღირს. ძალიან მიხარია, რომ Sputnik–საქართველოს ავტორმა შეძლო თავის რეალიზება, როგორც რომანის ავტორმა. ანასტასიამ მართლაც საინტერესო ისტორია დაწერა ტრილერისა და მისტიციზმის ელემენტებით. ამ რომანს დიდი მომავალი აქვს“, – აღნიშნა ვოინცევამ.

ამავე დროს, ხატიაშვილმა წიგნის მიხედვით უკვე დაწერა კინოსცენარი, რომელიც ასევე გამოარჩიეს რუსეთში. კერძოდ, ანასტასიას სცენარი რუსი მსახიობისა და რეჟისორის დანილა კოზლოვსკის სტუდიის DK Entertainment კონკურსის მონაწილე გახდა.

ამ კონკურსში მონაწილება შეეძლოთ დამწყებ და პროფესიონალ სცენარისტებს მთელი მსოფლიოდან. განაცხადი სხვადასხვა ქვეყნიდან ორი ათასზე მეტმა ავტორმა შეიტანა.

„ორ ავტორს გამოვყოფდი, რომლებთან თანამშრომლობის იმედიც მაქვს მომავალში, მიუხედავად იმისა, რომ მათი სცენარები სტუდიის წარმოებაში არ მოხვდება. ესაა ანასტასია ხატიაშვილი და ილია პოზდნიაკოვი“, – დაწერა თავის Instagram–აკაუნტში კოზლოვსკიმ.

ანასტასია ხატიაშვილი – ჟურნალისტი, მთარგმნელი, პოეტი, მოთხრობების კრებულისა და დოკუმენტური წიგნის ავტორი ბელა ახმადულინას შესახებ „სიზმრებზე მეტი“ (Больше, чем сны). 2014 წელს მოთხრობების კრებულით „ხვალ ომია“ (Завтра война) შევიდა პრემიის „დებიუტი“ ლონგ–ლისტში ნომინაციაში „მცირე პროზა“. 2020 წელს გახდა ფონდ „რუსკი მირის“ ჟურნალისტური სტატიების საერთაშორისო კონკურსის СО-Творение პრიზიორი.

61
კორონავირუსის ეპიდემია

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: დადებითობის მაჩვენებელი, რეგიონები

0
(განახლებულია 11:44 06.03.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 355-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 272.617-ს მიაღწია.

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. 6 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,8%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის - 1,6%-ს, ბოლო 7 დღის - 1,44%-ს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში ჩატარდა 19.737 კვლევა ტესტით , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12.307, PCR ტესტით - 7.430.

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის 355 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 176 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: 

იმერეთი - 48, შიდა ქართლი - 30, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 19, აჭარა - 17, გურია - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10, ქვემო ქართლი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 91 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 266.344-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 4 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.567-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.680 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.387 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 688, იმერეთში - 233, აჭარაში - 158.

267 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 79 პირი, მათგან თბილისში - 54, იმერეთში - 9, აჭარაში- 2.

კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 142 ადამიანი, მათ შორის 102 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში.

საცხოვრებელ ბინაზე ვირუსის მკურნალობის კურსს 1.151 პირი გადის.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 312 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 153, ხოლო აჭარაში - 19. თვითიზოლაციაში იმყოფება 6.174 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2.789 პირი, იმერეთში - 691, აჭარაში - 560.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 272.617-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 266.344 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 91), გარდაიცვალა – 3.567  (ბოლო 24 საათში – 4).

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0