ზურა დოიჯაშვილი

„ვერ დაგაბრუნე თბილისში...“: გარდაიცვალა მომღერალი ზურა დოიჯაშვილი

861
(განახლებულია 12:25 14.02.2021)
ცნობილი ქართველი მომღერალი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მძიმე დაავადებით გარდაიცვალა. ის რამდენიმე თვის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მომღერალი ზურა დოიჯაშვილი. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, ქეთი ვადაჭკორია ავრცელებს.

ყველასათვის საყვარელი მომღერალი 17 აგვისტოს 58 წლის გახდებოდა...

„ვერ აგისრულე, ვერ დაგაბრუნე თბილისში ცოცხალი... ბოდიში“, - წერს მომღერლის მეუღლე.

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი რამდენიმე თვეა ისრაელის კლინიკაში აპარატზე იყო შეერთებული და მძიმე სენს ებრძოდა.

მომღერლის მეგობრებმა და კოლეგებმა არაერთი საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს მის მკურნალობაზე და საქართველოში დასაბრუნებლად.

ზურა ისრაელში რამდენიმე წლის წინ ოჯახთან ერთად გაემგზავრა ფინანსური პრობლემების გამო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და თბილისში დაბრუნება ვეღარ მოახერხა.

ზურაბ დოიჯაშვილი დაიბადა 1963 წლის 17 აგვისტოს, რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის და მშენებლის ოჯახში. პროფესიით თავადაც მშენებელი ოყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ზურამ მთელი თავისი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა.

დოიჯაშვილი დაამახსოვრდება ყველას თავისი განუმეორებელი ჰიტებით - „მელიქიშვილის გამზირზე“, „მენატრება თბილისი“, „ამოდი, მზეო“, „მიყვარს ყველაფერი ძველი“, „ფიფქის გოგონა“ და სხვ.

2020 წლის დეკემბერში ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მუსიკოსის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

 

861
ბერლინალე

„სასიამოვნოდ სევდიანი" როგორ შეაფასეს ქართული ფილმი ბერლინალეზე

49
(განახლებულია 19:37 05.03.2021)
ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე ალექსანდრე კობერიძის ფილმს პოეტური, მახვილგონივრული და შთამბეჭდავი უწოდეს.

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. ქართველი რეჟისორის ალექსანდრე კობერიძის ფილმმა „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ რომელიც ბერლინის კინოფესტივალის მთავარ საკონსკურსო პროგრამაშია შესული, უცხოელი კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. 

„ეს ქართული ზღაპარი მართლა საჩუქარია, რომელიც სხვას არ ჰგავს. ქალაქის ქუჩებში, რომელიც გაზაფხულის ყვავილობითაა მოჯადოებული, ულტრარომანტიკული ექსცესი ვითარდება. ფილმის თითოეული კადრი გასაოცარია. შთამბეჭდავი მონტაჟის წყალობით მოკლე სცენები ერთმანეთს მიჰყვება, როგორც საოცარი საქანელა... ეს არის ამბიციური ზღაპარი, რომელიც ასევე საუბრობს სამყაროს სისასტიკესა და ყოველივე ამაზე რეაქციის არარსებობაზე“, – წერს ფრანგული გამოცემა Le Polyester

„ამ თბილ, მოულოდნელობებით სავსე ხალხურ ზღაპარში ძველ ქალაქში მცხოვრები, სიცოცხლით სავსე შეყვარებულები შეხვედრას გრძნეულების გამო ვერ ახერხებენ“, – წერს ამერიკული გამოცემა Variety.

გამოცემა Awards Daily წერს, რომ კანის კინოფესტივალზე ფილმების „დასაწყისი“ და „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წარმატების შემდეგ, კობერიძის ფილმი „ოქროს დათვის“ ჯილდოს რეალური პრეტენდენტია, რაც იმის დასტურია, რომ ქართულ კინემატოგრაფიაში ძალზე საინტერესო ახალი ტალღა იბადება. 

„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ რეჟისორ ალექსანდრე კობერიძის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომელიც საქართველო–გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმი ორი ადამიანის სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირები ერთმანეთს ქუჩაში მოულოდნელად ხვდებიან და მათ შორის გრძნობა ჩნდება. ცხოვრება ჩვეული დინებით მიდის და ჩნდება კითხვა – მოახერხებს წყვილი კვლავ შეხვედრას?

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.

1993 წლის ბერლინალეს შემდეგ, რომელზეც თემურ ბაბლუანის ფილმი „უძინართა მზე“ კინოფესტივალის მთავარი პრიზით „ვერცხლის დათვით” დაჯილდოვდა, ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი აღარ შერჩეულა.

49
თემები:
ქართული კინო
გოგონა წიგნის ელექტრონულ ვერსიას კითხულობს

ანასტასია ხატიაშვილის რომანი რუსეთში თებერვლის საუკეთესო წიგნების ხუთეულში შევიდა

64
(განახლებულია 21:11 02.03.2021)
ქართველი ავტორის წიგნი არა მარტო თვის რეიტინგის ტოპშია, არამედ წარმატება ხვდა წილად რომანის მიხედვით დაწერილ სცენარსაც – ის დანილა კოზლოვსკიმ გამოარჩია

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. ქართველი მწერლისა და Sputnik–საქართველოს კოლუმნისტის ანასტასია ხატიაშვილის რომანი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ (Лучшее, чего у меня нет) საგამომცემლო სერვისი Ridero–ს თებერვლის საუკეთესო წიგნების რეიტინგში მოხვდა.

„საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ – ფსიქოლოგიური ტრილერია, რომელიც რუსულ ენაზეა დაწერილი და 16 თებერვალს გამოიცა პლატფორმაზე Ridero. ესაა ორი ქართველი ახალგაზრდის ისტორია, რომელთა ცხოვრება და სიკვდილი იხლართება სიყვარულისა და გაგებისთვის გიჟურ რბოლაში, როდესაც რეალობის ყველა კანონი ირღვევა.

„მოხარული ვარ, რომ ჩემს პირველ რომანს უკვე აქვს მცირე გამარჯვება. ეს ისტორია უნდა მოეწონოს მკითხველს, რადგან ესაა თანამედროვე თბილისელებზე, რომლებიც ჩვენ შორის ცხოვრობენ, ეძებენ სიყვარულსა და ბედნიერებას და ებრძვიან ბედის უკუღმართობას. იმედი მაქვს, რომ რომანი მალე ქართულადაც გამოვა“, – აღნიშნა ავტორმა.

რომანის „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ აქტუალობისა და დროულობის შესახებ ისაუბრა პროექტ Sputnik–საქართველოს ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ. მისი თქმით, კარგი წიგნი ახლა იშვიათობაა, მით უფრო, როდესაც ის ეძღვნება ისეთ თემებს, როგორიცაა სიყვარული და ცხოვრების აზრი.

„ახლა, როცა პანდემიის გამო მსოფლიო „დისტანციურზეა“ გადართული და ირგვლივ მხოლოდ ნეგატიური სიახლეებია, კარგი წიგნის წაკითხვა ნამდვილად ღირს. ძალიან მიხარია, რომ Sputnik–საქართველოს ავტორმა შეძლო თავის რეალიზება, როგორც რომანის ავტორმა. ანასტასიამ მართლაც საინტერესო ისტორია დაწერა ტრილერისა და მისტიციზმის ელემენტებით. ამ რომანს დიდი მომავალი აქვს“, – აღნიშნა ვოინცევამ.

ამავე დროს, ხატიაშვილმა წიგნის მიხედვით უკვე დაწერა კინოსცენარი, რომელიც ასევე გამოარჩიეს რუსეთში. კერძოდ, ანასტასიას სცენარი რუსი მსახიობისა და რეჟისორის დანილა კოზლოვსკის სტუდიის DK Entertainment კონკურსის მონაწილე გახდა.

ამ კონკურსში მონაწილება შეეძლოთ დამწყებ და პროფესიონალ სცენარისტებს მთელი მსოფლიოდან. განაცხადი სხვადასხვა ქვეყნიდან ორი ათასზე მეტმა ავტორმა შეიტანა.

„ორ ავტორს გამოვყოფდი, რომლებთან თანამშრომლობის იმედიც მაქვს მომავალში, მიუხედავად იმისა, რომ მათი სცენარები სტუდიის წარმოებაში არ მოხვდება. ესაა ანასტასია ხატიაშვილი და ილია პოზდნიაკოვი“, – დაწერა თავის Instagram–აკაუნტში კოზლოვსკიმ.

ანასტასია ხატიაშვილი – ჟურნალისტი, მთარგმნელი, პოეტი, მოთხრობების კრებულისა და დოკუმენტური წიგნის ავტორი ბელა ახმადულინას შესახებ „სიზმრებზე მეტი“ (Больше, чем сны). 2014 წელს მოთხრობების კრებულით „ხვალ ომია“ (Завтра война) შევიდა პრემიის „დებიუტი“ ლონგ–ლისტში ნომინაციაში „მცირე პროზა“. 2020 წელს გახდა ფონდ „რუსკი მირის“ ჟურნალისტური სტატიების საერთაშორისო კონკურსის СО-Творение პრიზიორი.

64
ეკლესია ხადის ხეობაში

საეკლესიო კალენდარი: 7 მარტი

0
(განახლებულია 21:08 05.03.2021)
საქართველოს მართლმადიებელი ეკლესია 7 მარტს კოლაელი ცხრა ყრმის, მოწამეების: მავრიკიოსისა და 70 მხედრის, ფოტინისი, თეოდორესი, ფილიპესი და სხვების, სირიელი მეუდაბნოეების , თალასის  ლიმნის,  და ვარადატის, ასევე  ღირსი ათანასე აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

ცხრა ყრმა კოლაელი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 7 მარტი ცხრა ყრმა კოლაელის ხსენების დღეა. 

ცხრა კოლაელი ყრმა გუარამ, ადარნასე, ბაქარ, ვაჩე, ბარძიმ, დაჩი, ჯუანშერ, რამაზ და ფარსმანი, VI საუკუნეში მდინარე მტკვრის სათავეში საკუთარ მშობელთა მიერ იქნენ ჩაქოლილნი ქრისტეს აღსარებისთვის.

სოფელი კოლა მდინარე მტკვრის სათავეში მდებარეობდა. აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. უმეტესობა კერპთაყვანისმცემელი იყო.

ქრისტიანთა და წარმართთა ბავშვები მთელი დღეების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. საღამოობით, როდესაც სოფლის ეკლესიაში მწუხრის ზარებს დარეკავდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში მიდიოდნენ სალოცავად. ქრისტიან ბავშვებთან ერთად წარმართი ყრმები ეკლესიამდე მიუყვებოდნენ მათ თანატოლებს, მაგრამ ტაძარში ვერ შედიოდნენ. ისინი თანდათან უფრო და უფრო ინტერესდებოდნენ ქრისტიანული მოძღვრებით; და ბოლოს გადაწყვიტეს ქრისტიანებს შეერთებოდნენ. კოლაელი ქრისტიანები სოფლის მღვდელთან მივიდნენ და აუწყეს ყრმათა სურვილი. იგი არ შეუშინდა წარმართთაგან მოსალოდნელ რისხვას და ზამთრის სუსხიან ღამეს ბავშვები მდინარეზე წაიყვანა მოსანათლად. ხუცესმა გაყინულ მდინარეში ჩაიყვანა ბავშვები და ნათელსცა მათ. ნათლობის დროს მოხდა სასწაული: წყალი გათბა და ყრმებმა ნათლის ანგელოზები იხილეს. ანგელოზთაგან განმტკიცებულმა ბავშვებმა აღარ ისურვეს წარმართ მშობლებთან დაბრუნება და ქრისტიანებთან დარჩნენ. მალე მშობლებმა გაიგეს შვილების ნათლისღების ამბავი, ძალით გამოიყვანეს ისინი ეკლესიიდან და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით მიიყვანეს სახლში.

ბავშვებმა საოცარი მოთმინებით აიტანეს ყოველგვარი შეურაცხყოფა და ტანჯვა-წამება, შვიდი დღე-ღამე მშიერ-მწყურვალნი მუდამ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ: „ჩვენ ქრისტიანენი ვართ და არა ჯერ-არს, ვითარმცა ვჭამეთ და ვსუთ ნაგები კერპთა“. ვერც მოფერებამ, ვერც სხვა სიკეთეთა აღთქმამ ვერ მოხიბლა ქრისტეშემოსილი ყრმები. შვილების სიჯიუტით განრისხებული მშობლები მთავართან მივიდნენ და ბავშვების ქვით ჩაქოლვის ნებართვა ითხოვეს, მდინარის სათავესთან, იქ, სადაც ყრმებმა ნათელიღეს, დიდი ორმო ამოთხარეს და ბავშვები შიგ ჩაყარეს. უსჯულო მშობლებმა პირველებმა აიღეს ქვები, შემდეგ თავმოყრილმა ბრბომაც მიჰბაძა მათ და მალე ორმო ქვებით ამოავსეს. წარმართებმა სიკვდილის პირას მიიყვანეს სოფლის ხუცესიც, გაძარცვეს და ნაძარცვი თვითონ დაინაწილეს.

ეს ამბავი მოხდა სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ტაოში.

მოწამე მავრიკი და 70 მხედარი: ფოტინი, ფილიპე, თეოდორე და სხვები

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 7 მარტი წმინდა მოწმაეების  მავრიკის და 70 მხედრის  ფოტინის, ფილიპეს, თეოდორეს და სხვების ხსენების დღეა. .

მავრიკი მხედართმთავარი იყო, იგი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს, 305 წელს ეწამა ძესთან, ფოტინთან და თავისი ლაშქრის 70 მეომართან ერთად (მათგან მხოლოდ ორის სახელია ცნობილი თეოდორე და ფილიპე).

დევნილობის დროს წარმართმა ქურუმებმა მოახსენეს იმპერატორს, მავრიკი ქრისტეს სარწმუნოებას ავრცელებსო. სამსჯავროზე შვილთან და მხედრებთან ერთად წარმდგარმა წმიდანმა აღიარა ქრისტე. ისინი სასტიკ სატანჯველებს მისცეს, ჭაბუკ ფოტინეს მამის თვალწინ მოკვეთეს თავი, მაგრამ ამ განსაცდელმა ვერ შეარყია წმიდა მავრიკი; მან მადლობა შესწირა უფალს შვილის მოწამებრივი აღსასრულისათვის.

მტარვალებმა უფრო დახვეწილ სატანჯველს მიმართეს; ქრისტეს მხნე აღმსარებლები ჭაობიან ადგილას გაიყვანეს, სადაც უამრავი კოღო, ბუზი და კრაზანა ირეოდა, თაფლი წაუსვეს სხეულზე და ხეებზე მიაკრეს. აქ ცალკე მწერების ნაკბენებისგან ეწამებოდნენ წმიდანები, ცალკე – შიმშილისა და წყურვილისაგან, მაგრამ დაუდუმებლად ადიდებდნენ უფალს. 10 დღის შემდეგ ქრისტეს მარტვილებს თავები მოკვეთეს. მრისხანე მბრძანებელმა განკარგულება გასცა, მათი ცხედრები დაუმარხავად დაეტოვებინათ, მაგრამ ქრისტიანებმა ღამით, ფარულად დაფლეს ისინი მათი საშინელი აღსრულების ადგილზე.

სირიელი მეუდაბნოეები: თალასი, ლიმნეი და ვარადატი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 7 მარტი სირიელი მეუდაბნოეების: თალასის, ლიმნეის და ვარადატის ხსენების დღეა. 

ღირსი თალასი, სირიელი მეუდაბნოე V საუკუნეში ცხოვრობდა. იგი სიყმაწვილეშივე განმარტოვდა ერთი მთის მწვერვალზე, სოფელ ტარვალის მახლობლად და 38 წელი გაატარა ღია ცის ქვეშ. უფალმა განდეგილს სასწაულთქმედების და კურნების ნიჭი მიმადლა. მრავლად იყვნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველები და წმიდა მამაც არავის ისტუმრებდა უარით; ღირსი თალასი მშვიდობით მიიცვალა.

ღირსმა ლიმნეიმ წმიდა თალასის ხელმძღვანელობით დაიწყო მოღვაწეობა, მის გვერდით საკმაოდ დიდი ხანი ცხოვრობდა და მრავალი სათნოებაც შეითვისა: უბრალოება ადამიანებთან ურთიერთობაში, სიმდაბლე, მორჩილება. შემდგომ ღირსმა ლიმნეიმ ნეტარ მირონთან გადაინაცვლა, მთის მწვერვალზე ქვითკირის მცირე, უსახურავო ზღუდე მოიწყო და შიგ დაემკვიდრა. მნახველებთან წმიდანი კედელში დატანებულ მცირე ჭრილიდან საუბრობდა.

მოყვასის სიყვარულითა და თანაგრძნობით აღძრულმა წმიდა მამამ, მისი სულიერი შვილების დახმარებით, მთის კალთებზე ააგო დავრდომილთა თავშესაფარი. ნეტარმა მოსაგრემ საძმოს ამ მდაბიო და უპოვარ წევრებს მდუმარება და მარტომყოფობაც კი შესწირა, თავს იდო ზრუნვა მათ სულიერ საკვებზე და დაუცხრომლად შეაგონებდა, ელოცათ და ედიდებინათ ღმერთი. წმიდა ცხოვრებისთვის ღირსმა მამამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო ღვთისგან.

ღირსმა ვარადატ სირიელმა მეუდაბნოეობის ღვაწლი ანტიოქიის მახლობლად, ერთ ქოხში დაიწყო. შემდგომ მან მთის მწვერვალზე ისეთი ვიწრო და დაბალჭერიანი ქვითკირის კელია მოიწყო, რომ შიგ მხოლოდ წელში მოხრილს შეეძლო ყოფნა. კელიას კარ-ფანჯრები არ ჰქონდა, კედლებში საგანგებოდ დატანებული ხვრელებიდან კი თავისუფლად აღწევდა ქარი, წვიმა და სუსხი. არც ზაფხულში იყო ღირსი მამა დაცული პაპანაქებისაგან. მრავალი წლის შემდეგ წმიდანი ალექსანდრიელმა პატრიარქმა თეოდოტიმ მოინახულა და შეაგონა, დაეტოვებინა ვიწრო თავშესაფარი. მაშინ ღირსი ვარადატი ახალ ღვაწლს შეუდგა: თავიდან ფეხებამდე დაიფარა ტყავის ქიტონით, რომელსაც ერთი ვიწრო ნასვრეტიღა ჰქონდა ჰაერისთვის და ფეხზე მდგარი, ხელაპყრობით დაუსრულებლად ადიდებდა უფალს. მრავალმა ადამიანმა იწყო სიარული რჩევა-დარიგების მოსასმენად და მორჩილებით აღსავსე მამაც გულმოდგინედ მოძღვრავდა ყველას. ღვთაებრივი მადლის ჭურჭლად ქცეული ბერი მშვიდობით მიიცვალა.

ათანასე აღმსარებელი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 7 მარტი ღირსი ათანასე აღმსარებელის ხსენების დღეა.

ათანასე აღმსარებელი მდიდარ და კეთილმსახურ კონსტანტინეპოლელთა ოჯახში დაიბადა. ის ბავშვობიდანვე ოცნებობდა, უფლისთვის მიეძღვნა თავი და როცა სრულწლოვანებას მიაღწია, ნიკომიდიაში მოციქულთა თავთა სახელობის მონასტერს მიაშურა. მისი კეთილმსახური ცხოვრების ამბავი სამეფო კარზეც შეიტყვეს. ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) ზეობისას მართლმადიდებლობის ერთგული დამცველი სასტიკად აწამეს, დევნეს და შეავიწროვეს. ნეტარი ათანასე მშვიდობით მიიცვალა 821 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

0