ნინო ანანიაშვილი

ნოვოსიბირსკის თეატრმა ანანიაშვილთან კონტრაქტი საბოლოოდ გაწყვიტა

96
(განახლებულია 19:56 13.01.2021)
პრიმა–ბალერინამ ვადაზე ადრე გაამჟღავნა, რომ მას რუსეთში თანამდებობა შესთავაზეს, რაც გახდა კიდეც იმის მიზეზი, რომ ნოვოსიბირსკის თეატრმა მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ადმინისტრაციამ ქართველ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა, რომლის მიხედვითაც მას საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობა უნდა დაეკავებინა.

„თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვლადიმირ კეხმანის ნინო ანანიაშვილთან მოლაპარაკებების შედეგად, მხარეების თანხმობით, გადაწყდა მანამდე დადებული კონტრაქტის გაწყვეტა“, – ნათქვამია თეატრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტის შეჩერება გადაწყვიტა>>

განცხადებაში მიზეზი ნათქვამი არ არის, თუმცა უფრო ადრე თეატრის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე დასის მსახიობებისადმი უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლენაა.

რუსულ თეატრში მუშაობის შესახებ თავისი გადაწყვეტილების შესახებ ანანიაშვილმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოში ანანიაშვილის რუსულ თეატრში დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვაგვარად აღიქვეს. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ბალერინა, საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობების გამო, მწვავედ გააკრიტიკა და მისი გადაწყვეტილება „არაპატრიოტულ საქციელად“ მონათლა.

ანანიაშვილმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელად დარჩებოდა, ხოლო ნოვოსიბირსკში პარალელურად იმუშავებდა. სწორედ ეს ფაქტორი გახდა გადამწყვეტი მის არჩევანში. პრიმა-ბალერინამ არაერთი წინადადება მიიღო საზღვარგარეთიდან, მათ შორის აშშ-დან, მაგრამ ეს შემოთავაზებები საქართველოში პარალელურ მუშაობას გამორიცხავდა.

ანანიაშვილს კონტრაქტის გაწყვეტაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

96
თემები:
საქართველო და კულტურა (1026)
ძველი კინოფირი

„დასაწყისი“ - დეა კულუმბეგაშვილის ფილმს როტერდამის ფესტივალზე აჩვენებენ

54
ფილმი ფესტივალის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი იქნება 72 საათის განმავლობაში, მისი ნახვა ბილეთის ონლაინ შეძენის შემდეგ იქნება შესაძლებელი

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ფილმს „დასაწყისი”. როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ფილმი წარმოდგენილია სექციაში Limelight, რომელიც გამორჩეულ, საერთაშორისო ჯილდოების მფლობელ ფილმებს აერთიანებს.

ფილმ „დასაწყისის” ჩვენება 4 თებერვალს შედგება და იგი ონლაინ ხელმისაწვდომი იქნება 72 საათის მანძილზე. როტერდამის კინოფესტივალის ვებგვერდზე შესაძლებელია ბილეთის შეძენან ონლაინ.

ფილმს 2020 წელს საერთაშორისო კინოფესტივალებზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო მხატვრულმა ფილმმა ერთბაშად ოთხი მთავარი ჯილდო დაიმსახურა პრესტიჟულ სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მიიღო ტორონტოს კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრიზი, თავად რეჟისორი კი Special Cannes 2020-ის ჟიურის წევრად გამოცხადდა.

დრამა „დასაწყისი“ - საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმი მოგვითხრობს იეღოვას მიმდევართა ერთი ჯგუფის ისტორიას, რომელიც პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფების მხრიდან თავდასხმას განიცდის. მთავარი გმირი იანა ერთ-ერთი იეღოველის მეუღლეა. მისთვის ნაცნობი სამყარო კონფლიქტის შედეგად ნელ-ნელა იმსხვრევა. იანას შინაგანი მღელვარება ძლიერდება, როდესაც იგი საკუთარი სურვილების გაანალიზებას იწყებს. 

ფილმში როლებს ასრულებენ ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და ლაშა ონელი.

„დასაწყისი” გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხსა და გარშემო სოფლებში და შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის 2021 წლის გამოშვება ორ ნაწილად გაიმართება: 1-7 თებერვალსა და 2-6 ივნისს. ფორმატი შერეული იქნება, რაც ონლაინ ღონისძიებების გარდა, კინოჩვენებებზე ფიზიკურ დასწრებასაც გულისხმობს. როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალი 1972 წელს დაარსდა. იგი მაყურებელს საავტორო და ექსპერიმენტულ კინოს სთავაზობს და ფოკუსირებულია ახალი ტალანტების აღმოჩენაზე.

54
რუსთაველის თეატრი

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეროვნული თეატრის სტატუსი მიენიჭა

80
(განახლებულია 18:01 22.01.2021)
შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი — საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უძველესი თეატრია, რომელსაც მე-19 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეროვნული თეატრის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

ბრძანება 2020 წლის დეკემბრის თვეში დამტკიცდა.

„ამიერიდან თეატრის სახელწოდებაა – შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი“, – აღნიშნულია რუსთველის თეატრის „ფეისბუქ"-გვერდზე.

ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ თავად თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო. პირველი სეზონი 1879 წელს „დრამატული კომიტეტის’’ წევრების – ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთელის, დიმიტრი ყიფიანის, დავით ერისთავისა და ივანე მაჩაბლის დიდი ძალისხმევით გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით „რას ვეძებდი და რა ვჰპოვე“.

თეატრის ამჟამინდელ შენობას საძირკველი 1898 წელს ჩაეყარა და საზეიმოდ 1901 წელს გაიხსნა.

რუსთაველის თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ კოტე მარჯანიშვილი (1922-1926 წლები), სანდრო ახმეტელი (1926-1935), მიხეილ თუმანიშვილი (1968-1969), თემურ ჩხეიძე. 1979 წლიდან დღემდე დასის ხელმძღვანელია რეჟისორი რობერტ სტურუა. 

რუსთაველის სცენაზე მოღვაწეობდნენ ისეთი არაჩვეულებრივი მსახიობები, როგორიც იყვნენ ალექსანდრე იმედაშვილი, ვალერიან შალიკაშვილი, უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ხორავა, გოგი გეგეჭკორი, კოტე მახარაძე, კახი კავსაძე, სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა, ჯემალ ღაღანიძე, გოგი ხარაბაძე, რამაზ ჩხიკვაძე და ა.შ.

80
თემები:
საქართველო და კულტურა (1026)
საერთაშორისო კოსმოსური სადგური

„ელფები“ დედამიწაზე: ISS-ის ჩქაროსნულმა ტელესკოპმა უიშვიათესი კადრები გადაიღო - ვიდეო

0
(განახლებულია 11:56 25.01.2021)
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არსებულმა ჩქაროსნულმა ტელესკოპმა უიშვიათესი კადრები გადაიღო დედამიწის იონოსფეროში

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსულ სეგმენტზე არსებულმა მოწყობილობამ იშვიათი ბუნებრივი მოვლენა — ორმაგი და სამმაგი „ელფები“ დააფიქსირა, იუწყება РИА Новости.

მანამდე ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ (ESA ) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექსპერიმენტ ASIM–ის ფარგლებში იშვიათი მოვლენა დაფიქსირდა, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან არ ჩანს. ESA–მ წარმოადგინა ანიმაცია, რომელზეც ასახულია, როგორ ადის 50 კმ სიმაღლეზე მანათობელი ნაკადები, „ელფები“ — იონოსფეროში ოპტიკური და ულტრაიისფერი გამოსხივების დიდ მანძილზე სწრაფად გავრცელებადი ნაკადები.

ამასთან აღინიშნება, რომ ESA–მ კამერებზე ვერ დააფიქსირა უშუალოდ „ელფების“ წარმოქმნა, ვინაიდან მათ არ აქვთ დროის მაღალი გაფართოების მოწყობილობები.

„მათ უბრალოდ გამოსხივების სპექტრით ივარაუდეს, რომ ეს „ელფები“ იყო“, — აცხადებს ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პაველ კლიმოვი.

მისი თქმით, ეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არსებულმა რუსულმა მოწყობილობამ შეძლო, რომელიც ამ დროისათვის ევროპულის პარალელურად მუშაობს.

კლიმოვი განმარტავს, რომ რუსული ჩქაროსნული ტელესკოპის მგრძნობიარობა ევროპულისას აღემატება, ამიტომაც შეუძლია „დაინახოს“ მოვლენები, რომლებსაც ASIM–ი ვერ ამჩნევს.

მეცნიერის განმარტებით, ამ დროისათვის დაახლოებით 15–20 ელფია დარეგისტრირებული.

 

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა