Google-ის კულტურულმა ინსტიტუტმა დადიანების სასახლეების საგანძური გამოფინა: იხილეთ გამოფენა

© Sputnik / STRINGERდადიანების სასახლე ზუგდიდში
დადიანების სასახლე ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენა სახელწოდებით „დადიანების სასახლეების საგანძური“ 6 იანვრის ღამის პირველ საათზე ატვირთა „გუგლის“ კულტურულმა ინსტიტუტმა საკუთარ პლატფორმაზე

თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. მსოფლიოს უდიდესმა, „გუგლის“ კულტურულმა ინსტიტუტმა თავისი პლატფორმა დადიანების სასახლეებს დაუთმო, წერს სოციალურ ქსელში ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია, რომელიც დადიანების სასახლეების მზრუნველთა საბჭოს თავჯდომარედ დაახლოებით ოთხი თვის წინ დაინიშნა.

„შეიძლება ითქვას, შეუძლებელი შევძელით! მსოფლიოს უდიდესმა, „გუგლის“ კულტურულმა ინსტიტუტმა თავისი პლატფორმა დადიანების სასახლეებს დაუთმო! ზუგდიდი, ხელოვნების სასახლის შემდეგ მეორე ქართული მუზეუმია, რომლის კოლექციაც მრავალმილიონიანი მსოფლიო აუდიტორიის წინაშე გამოიფინა“, – აღნიშნავს გიორგი კალანდია.

გამოფენა სახელწოდებით „დადიანების სასახლეების საგანძური“ 6 იანვრის ღამის პირველ საათზე ჩაიტვირთა. პროცესს ნიუ-იორკში ესწრებოდა და კოორდინაციას უწევდა მზრუნველთა საბჭოს წარმომადგენელი მერი ხარაიშვილი.

როგორც კალანდია აღნიშნავს, ამ გამოფენას ორმაგი მნიშვნელობა აქვს: პირველი ის, რომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააცნობს საქართველოს უმდიდრეს წარსულს და ამასთან „კულტურის პირუთვნელი ფაქტების ენით მსოფლიოს დაანახებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობის ისტორიულ საფუძვლებს“.

გამოფენის ექსპონატებს შორის დამთვალიერებლები იხილავენ ილორის, მოქვის უძვირფასეს ოქროს ხატებს, რომელთაც ქართული წარწერები და ქართველ ისტორიულ მოღვაწეთა სახელები ამშვენებს.

„მხოლოდ აქ, მხოლოდ „გუგლის“ ტექნოლოგიების წყალობით, უმცირეს დეტალებამდე შეგიძლიათ დაათვალიეროთ სამეგრელოს განძი, რომელიც ასე ბრწყინვალედ, ასე პომპეზურად, მთელი მსოფლიოს გასაოცებლად და გასაოგნებლად პირველად გამოიფინა“, — წერს გიორგი კალანდია.

გამოფენის სრულად დასათვალიერებლად მიჰყევით ბმულს>> 

ყველა ახალი ამბავი
0