სანტა კლაუსები

როდესაც ყველა სახლშია - ქართველი დიზაინერების წინასაახალწლო რჩევები

95
სადღესასწაულო განწყობა პანდემიამ მოიპარა, მაგრამ ახალ წელს ლამაზად ჩაცმა მაინც საჭიროა. ქართველი დიზაინერები გვირჩევენ, რა ჩავიცვათ, კარგი განწყობა და წარმატება რომ მოვიზიდოთ

ახალი წლის მოლოდინში ადამიანები, როგორც წესი, რაღაც ჯადოსნურს, ამაღელვებელს, სასიამოვნოს ელიან. თუმცა წელს ყველაფერი სხვაგვარადაა: კორონავირუსის პანდემიამ დედამიწის ბინადართ ახალი წელი, შობა და ზოგადად ყველა დღესასწაული მოპარა.

საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი იძულებულია, ახალ წელს სახლში შეხვდეს და ქუჩაში არ გავიდეს, არ მოინახულოს ნათესავები და მეგობრები. ბევრს განწყობა უკვე გაფუჭებული აქვს და აღარც გაპრანჭვის სურვილი გააჩნია. მაგრამ ახალი წელი - წლის მთავარი დღესასწაულია და მას ღირსეულად უნდა დავხვდეთ, ამტკიცებენ ასტროლოგები.

დიზაინერ თაკო მექვაბიძის აზრით, ნებისმიერ ვითარებაში საჭიროა გამოსავლის ძიება და პოვნა. მისი ბრენდი „ლაქშერის“ სტილის სამოსს უშვებს, თუმცა პანდემიის პერიოდში ის არავის სჭირდება, ამბობს მოდელიორი. ამიტომ იძულებული გახდა, სპორტულ ტანსაცმელზე გადაერთოს.

„პირადად მე ძალიან მიყვარს სპორტული ტანსაცმელი, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მის დამზადებას დავიწყებდი, - ყვება მექვაბიძე. - ვგიჟდები „ლაქშერის“ სტილზე, თუმცა ისეთი რეალობა წარმოიშვა, რომ შემოქმედებითი მხარის გარდა, მომიწია იმაზე ფიქრი, როგორ გადავარჩინო ბრენდის კომერციული შემადგენელი. შევქმენი სპორტული ტანსაცმლის ხაზი. სუპერპოპულარული გახდა. ძალიან ლამაზი და მოსახერხებელია, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ყველა დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს, სპორტულები ძალიან დროული აღმოჩნდა“.

Новая коллекция дизайнера Тако Меквабидзе
photo: courtesy of Tako Mekvaberidze
დიზაინერ თაკო მექვაბიძის ახალი კოლექცია

დიზაინერი გაკვირვებულია, რომ სპორტულ ტანსაცმელზე მოთხოვნილებამ პიკს წინასაახალწლო დღეებში მიაღწია. სპორტულებში გამოწყობილი ოჯახები სიამოვნებით პოზირებენ ფოტოკამერების წინ თავიანთი ნაძვის ხეების ფონზე.

Новая коллекция дизайнера Тако Меквабидзе
photo: courtesy of Tako Mekvaberidze
დიზაინერ თაკო მექვაბიძის ახალი კოლექცია

საახალწლო კოლექციაში არის სპორტული კომპლექტები ოქროსფერი პატარა ნაძვებით და სხვა პრინტებით. მექვაბიძის ზედა-ქვედების შესახებ ამერიკაშიც შეიტყვეს. ასე რომ, ახლა თაკო შეკვეთებს უცხოელებისგანაც იღებს.

Новая коллекция дизайнера Тако Меквабидзе
photo: courtesy of Tako Mekvaberidze
დიზაინერ თაკო მექვაბიძის ახალი კოლექცია

„არ არის აუცილებელი ახალ წელს საღამოს კაბებში გამოწყობა. სხვა დრო დადგა. ვხედავ, როგორ იკიდებს ფეხს თანდათანობით ჩვენს ქვეყანაში სპორტული სტილი. ასე რომ, ჩაიცვით სპორტულები და შეხვდით ახალ წელს კარგი განწყობით. მთავარია, მოხერხებულად, მყუდროდ და თბილად იგრძნოთ თავი. წელს სხვას არაფერს არა აქვს მნიშვნელობა“, - აღნიშნა მექვაბიძემ.

სწორედ კორონავირუსის პანდემიამ მოიტანა საქართველოში სპორტული სტილისადმი ტოტალური სიყვარული, მიიჩნევს დიზაინერი. ამიტომ კომფორტი დღეს არჩევანი აღარ არის, ეს აუცილებლობაა.

„ყველა მოდუნებულია, ყველა სახლშია, რა თქმა უნდა, ყველას უნდა თავი იგრძნოს თავისუფლად, მაგრამ ამავე დროს ლამაზად გამოიყურებოდეს“, - ასკვნის მექვაბიძე.

თეთრი ტანსაცმლის ჩაცმას და თეთრი ხარის გულის მოგებას გვირჩევს მომღერალი და დიზაინერი მარკუს მეტრეველი. ქალებს შეუძლიათ ბრჭყვიალა ტანსაცმლის ჩაცმა, მამაკაცებს კი - თეთრი პიჯაკის ან პერანგის, გვირჩევს მარკუსი.

„ჯობს ახალი წლის შეხვედრა ღია ფერის სამოსით, პოზიტიურად და იმ იმედით, რომ 2021 წელი უკეთესი იქნება, ვიდრე 2020, - ამბობს მარკუსი. - მიმავალი წელი ძალიან დამთრგუნველი იყო, ასე რომ, განწყობა მნიშვნელოვანია. დიახ, ქვეყანაში რთული ეკონომიკური, ფსიქოლოგიური ფონია, გვიჭირს მორალურადაც. ბევრმა ნათესავი დაკარგა და რთულია მათ ურჩიო, პოზიტიურები იყვნენ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს: არაფერი არ მთავრდება და გზა უნდა გავაგრძელოთ“.

დიზაინერი გვირჩევს, არ გამოვიყენოთ წითელი ფერი, ვინაიდან ეს ფერი ხარს მაინცდამაინც არ უყვარს და აღიზიანებს.

 

 

95
გელათის მონასტერი

გელათის ბედით პოლიტიკოსები დაინტერესდნენ: „ლელო“ გამოძიებას ითხოვს

13
(განახლებულია 09:29 19.01.2021)
ძეგლის სახურავიდან წყალი კვლავ ჟონავს. წყალმა შეიძლება უნიკალური ფრესკები დააზიანოს. პრობლემის გადაწყვეტაში პოლიტიკოსები ერთვებიან

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ითხოვს, რომ დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს, ვინაა დამნაშავე იმაში, რომ გელათის უნიკალურ ძეგლს სერიოზული საფრთხე შეექმნა.

პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს მთავარ საგამოძიებო სამმართველოში განცხადება შეიტანა.

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა. ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.

დროებითი თუნუქის სახურავი იქამდე იქნება, სანამ ის მთლიანად არ შეიცვლება ახლით, რომლის ხარისხსაც ლაბორატორიული კვლევები და ექსპერტების დასკვნები დაადასტურებს.

გელათის სახურავის დაზიანებით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ. ამ საკითხზე დაიკითხნენ მოწმეები. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უნდა განსაზღვროს, არის თუ არა პასუხისმგებელი სამუშაოების შემსრულებელი – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, გელათის ფრესკები უკვე წლებია, წიანდება და ამაზე არც ერთ უწყებას არ ჰქონია სათანადო რეაგირება. მან ამ საქმეში კორუფციის ნიშნებიც არ გამორიცხა.

გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები: საიამ პროკურატურას მიმართა>>

„ეს არის მორიგი თვალთმაქცობა და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. გამოძიება, რომელიც ამ უწყებამ გასულ წელს დაიწყო, არ არის იქითკენ მიმართული, რომ დაადგინოს ვინ არის ძეგლის დაზიანებაზე პასუხისმგებელი და გამოკვეთოს სახელმწიფო უწყებები, რომელთა უპატიებელი გულგრილობის გამო გელათი დაზიანდა. ის გამოძიება ეხება ფინანსურ ნაწილს და დიახ, შესაძლოა, მართლაც ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაში კორუფციას, რაც არ გამორიცხავს ძეგლის დაზიანების გამო პასუხისმგებლობას. შეუიარაღებელი თვალითაც კი შესამჩნევია, რომ ფრესკები დაზიანებულია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონასტერია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათალიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და მისი განსასვენებელი გახდა.

მე-13 საუკუნეში სამონასტრო ანსამბლს დაამატეს წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგი ეკლესიები, ასევე სამსართულიანი სამრეკლო. კედლის მხატვრობა სხვადასხვა — XII-დან XVIII საუკუნის ჩათვლით — პერიოდს მიეკუთვნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია გვირგვინოსნების პორტრეტები.

13
ორბელიანის სასახლე

ორბელიანების სასახლის ეზოში ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება

42
პანდემიის პერიოდში ქუჩის მუსიკოსები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. კონცერტი მიზნად ისახავს ხელოვანი ადამიანების მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ორბელიანების სასახლის ეზოში ხვალ, 19 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ქუჩის მუსიკოსების კონცერტი ონლაინრეჟიმში გაიმართება, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ირინა შენგელიას განცხადებით, ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პრეზიდენტის სტრატეგიის ნაწილია, მით უფრო, პანდემიის პერიოდში, როცა მათ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

„ღონისძიება ხაზს უსვამს ორბელიანების სასახლის ღიაობას. მრავალი წლის განმავლობაში, ეს შენობა იმ ეპოქის საზოგადოების, მათ შორის კულტურის სფეროს გამორჩეული ნაწილის თავშეყრის ადგილი იყო, იმართებოდა კონცერტები და სალონური შეხვედრები. მსგავსი ღონისძიებებით „ორბელიანების სასახლე” იბრუნებს ტრადიციას“, – განაცხადა ირინა შენგელიამ.

კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება. მონაწილეობას მიიღებენ ქუჩის მუსიკოსები, კომპოზიტორი დავით ევგენიძე და ბენდი. კონცერტს მაყურებელი პრეზიდენტის ოფიციალური Facebook-გვერდისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის საშუალებით უყურებს.

42
გამოცხადების ხატი

ნათლისღების დღესასწაული: ქართული ადათ-წესები

0
(განახლებულია 08:17 19.01.2021)
საქართველოში ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს - მაცხოვრის ნათლისღებისას

დღეს, 19 იანვარს, ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.

საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში დილიდან აღევლინება.

წყლის კურთხევა წელიწადში ორჯერ ტარდება – ნათლისღების წინა დღესა და ნათლისღების დღეს – ლიტურგიის შემდეგ. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავისი ტრადიციები დამკვიდრდა, რომლებიც წყლის კურთხევის წეს-ჩვეულებებს უკავშირდება.

იესო ქრისტეს ხატი
იესო ქრისტეს ხატი

საქართველოში ნაკურთხი წყლის დიდი რწმენა აქვთ. ხალხში ამბობენ, რომ ნათლისღების დღეს აღებული ჩვეულებრივი წყალიც დიდხანს ძლებს და არ იხრწნება. ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს — მაცხოვრის ნათლისღებისას.

მაგალითად, აჭარაში ნათლისღების მთავარი ტრადიცია — ზღვაში შთაფვლა — მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით აღდგა. ზღვის კურთხევის ლოცვას სასულიერო პირები სანაპიროზე შეკრებილ მორწმუნეებთან ერთად ასრულებენ. ამის შემდეგ ხშირად სასულიერო პირები მრევლის ნაწილთან ერთად ზღვაში შედიან და ცოდვების განწმენდის სიმბოლურ რიტუალს ატარებენ. წელს ეს ტრადიცია, კორონავირუსის პანდემიის გამო, არ შესრულდება.

აჭარაში ნათლისღების დღეს გავრცელებულია კიდევ ერთი — არარელიგიური რიტუალი — ნათლულებს თავიანთი ნათლიისთვის ამ დღეს ერთი მამალი მიჰყავთ.

რაჭაში ნათლისღებაზე საკალანდო ღორს კლავდნენ, აცხობდნენ ერთ ღორისქონიან განატეხს, ე.წ. ღორის სალოცვილს. ასევე იცავდნენ შემდეგ წესს — 31 დეკემბერს ოჯახის წევრი მიდიოდა ტყეში და სახლში შეშით სავსე მარხილი მოჰქონდა. მარხილი კალოზე წაღმა მხრიდან აღმოსავლეთისკენ უნდა დაედგათ და ასე უნდა გაეჩერებინათ ნათლისღების დღესასწაულამდე.

ასევე ლეჩხუმში ღორს საახალწლოდ კლავდნენ და მისი თავი სხვენზე ნათლისღებამდე ჩამოკიდებული უნდა ყოფილიყო.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნათლისღების დღესასწაული საქართველოს კუთხეებში, ძირითადად, ახალი წლის რიტუალების ციკლის ერთგვარი დასასრულია და ახალი წლის საზეიმო განწყობას უკავშირდება. მაგალითად, გურიაში საახალწლო ჩიჩილაკს ნათლისღების წინა დღეს ცეცხლზე წვავდნენ; სამეგრელოში კი ნათლისღების დღეს ჩიჩილაკს შორს წაიღებდნენ და იქ წვავდნენ.

Торговля чичилаки на новогоднем базаре у Дворца Спорта
© Sputnik / Alexander Imedashvili
ჩიჩილაკი

ასევე ნათლისღების დღეს უკავშირდება საახალწლო ნაძვის ხის აღების ადათიც. არსებობს ტრადიცია, რომ ნათლისღებას სახლი საშობაო და საახალწლო სიმბოლოებისგან გათავისუფლებული, დასუფთავებული და მოწესრიგებული უნდა იყოს. ძველად არსებობდა რწმენა, რომ ნაძვის ხე თავის დადებით ენერგეტიკას 14 იანვრამდე ოჯახში ტოვებდა, ამიტომ ამ დრომდე მისი აღება სასურველი არ იყო. ძველით ახალი წლის შემდეგ ოჯახები ნათლისღების დღესასწაულისთვის ემზადებიან და ტრადიციისამებრ, საახალწლო ნაძვის ხესაც მანამდე იღებენ. მაგალითად, მეგრული ტრადიციებით, ნაძვის ხე ახალ წლამდე სამი-ხუთი დღით ადრე იდგმება და აღებასაც თავისი დრო აქვს – ნათლისღების წინა დღე. როგორც სამეგრელოში უფროსი თაობა ამბობდა, ნათლისღებას, 19 იანვარს ოჯახში არ უნდა დახვდეს არც ჩიჩილაკი და არც ნაძვის ხე.

საქართველოში საახალწლოდ აცხობდნენ კვერს, რომელსაც ბასილას ანუ კაც-ბასილას — უწოდებდნენ. ქართლში ასეთ კვერს გულზე ჯვარს გამოუსახავდნენ და ფქვილის გოდორში ჩააგდებდნენ — „ბარაქა ამ გოდორსო". მას წყალკურთხევის დღეს მდინარეში ასველებდნენ.

მლოცველები მდინარე იორდანეში
© photo: Sputnik / იური კავერი
მლოცველები მდინარე იორდანეში

ნათლისღების დღეს ქართლში (სადაც ნათლისღებას განცხადებას უწოდებენ) მთელი სოფელი მდინარისკენ მსვლელობას აწყობდა, ასევე მიჰყავდათ საქონელი და მიჰქონდათ სამუშაო იარაღები, რომ ისინიც წმინდა წყალში დაესველებინათ და ასე ეკურთხებინათ.

ასევე გავრცელებული იყო შიდა ქართლში კორკოტობა. კორკოტს ნათლისღების დღეს ახალი მიცვალებულის პატრონი ოჯახი ხარშავდა.

შიდა ქართლში კიდევ ერთი წესი ჰქონიათ — ნათლისღებამდე პატარძალი ხალხში არ გაჰყავდათ, გინდაც რამდენიმე თვის მოყვანილი ყოფილიყო. მხოლოდ ამ დღეს გაჰყავდათ ის წყალზე. მას ხელში აუცილებლად სანთლები უნდა სჭეროდა.

ზოგიერთ სოფელში, განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში, ახლაც არის შემორჩენილი ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღებას, უთენია, უმძრახად (ხმაგაუცემლად) სამჯერ აავსებენ სარწყულებს ხევსა თუ მდინარეში და იქვე დააქცევენ. ზოგს ეს წყალი საფლავზე მიაქვს და ზედ ასხურებს.

ნათლისღების აღნიშვნის საკუთარი ტრადიცია ჰქონდა თბილისსაც. ამ დღეს, წირვის შემდეგ, მღვდელი ჯვრით ხელში ხალხს მიუძღოდა მდინარისაკენ, სადაც საგანგებოდ იყო მოწყობილი წყალთან მისასვლელი ხის ხიდი, ბაქანი, რომელსაც „იორდანეს” უწოდებდნენ. სადღესასწაულო სვლაში მონაწილეობას იღებდნენ ტფილისის ჰამქრები და ქალაქში განლაგებული ჯარი. ლოცვა-კურთხევის შემდეგ მღვდელი მტკვარში ჩაუშვებდა ჯვარს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მდინარის წყალი წმინდა და ნაკურთხი იყო; ამის შემდეგ ნაკურთხი წყლის სახლში წაღება ხალხს უკვე შეეძლო.

სიცივის მიუხედავად „იორდანე” ხალხით იყო სავსე. ეს ხალხმრავლობა ხანდახან ტრაგიკული შემთხვევების მიზეზიც ხდებოდა. მაგალითად, 1892 წელს წყალკურთხევაზე სომხური ვანქის ეკლესიასთან მოწყობილმა ხის დროებითმა ხიდმა ხალხის სიმძიმეს ვერ გაუძლო და 300-ზე მეტი ადამიანი წყალში ჩავარდა. მათგან რამდენიმე დაიღუპა. ამგვარი ტრაგიკული ინციდენტების მიუხედავად, წყალკურთხევა გასაბჭოებამდე  ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ დღესასწაულად რჩებოდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში, მტკვრის დაბინძურების გამო, წყალკურთხევის წესის შესრულება მდინარე ვერეზე გადაიტანეს. ვერეზე წყლის კურთხევა 1918 წლიდან 1923 წლის ჩათვლით ჩატარდა.

სტატია მომზადებულია ინტერნეტში ღია წყაროების საფუძველზე

0