ალექსანდრე ხომერიკი

გარდაიცვალა ალექსანდრე ხომერიკი

240
(განახლებულია 17:42 28.12.2020)
ცნობილი საოპერო მომღერალი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ბათუმის საპატიო მოქალაქე, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი 72 წლის იყო.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ცნობილი საოპერო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი ალექსანდრე ხომერიკი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ხომერიკი 1977 წელს, როდესაც ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი იყო, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიიწვიეს.

ხომერიკმა 1981–1982 წლებში სტაჟირება გაიარა მილანის „ლა სკალას“ თეატრში. მის მიერ შესრულებული საოპერო პარტიებიდან გამოირჩევა: აბესალომი, მალხაზი (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ბერდო (რევაზ ლაღიძის „ლელა“), ლენსკი, ვოდემონი (პეტრე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), ხოზე (ჟორჟ ბიზეს „კარმენი“), კავარადოსი (ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“), მანრიკო, რადამესი, ალფრედი, ჰერცოგი, ოტელო (ჯუზეპე ვერდის „ტრუბადური“, „აიდა“, „ტრავიატა“, „რიგოლეტო“, „ოტელო“) და სხვ.

ხომერიკი 1993 წლიდან ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრს ხელმძღვანელობდა და ამავე თეატრის სოლისტი იყო.

დაჯილდოებულია შოთა რუსთაველისა და მემედ აბაშიძის სახელობის პრემიებით.

240
რუსთაველის თეატრი

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეროვნული თეატრის სტატუსი მიენიჭა

46
(განახლებულია 18:01 22.01.2021)
შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი — საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უძველესი თეატრია, რომელსაც მე-19 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეროვნული თეატრის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

ბრძანება 2020 წლის დეკემბრის თვეში დამტკიცდა.

„ამიერიდან თეატრის სახელწოდებაა – შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი“, – აღნიშნულია რუსთველის თეატრის „ფეისბუქ"-გვერდზე.

ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ თავად თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო. პირველი სეზონი 1879 წელს „დრამატული კომიტეტის’’ წევრების – ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთელის, დიმიტრი ყიფიანის, დავით ერისთავისა და ივანე მაჩაბლის დიდი ძალისხმევით გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით „რას ვეძებდი და რა ვჰპოვე“.

თეატრის ამჟამინდელ შენობას საძირკველი 1898 წელს ჩაეყარა და საზეიმოდ 1901 წელს გაიხსნა.

რუსთაველის თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ კოტე მარჯანიშვილი (1922-1926 წლები), სანდრო ახმეტელი (1926-1935), მიხეილ თუმანიშვილი (1968-1969), თემურ ჩხეიძე. 1979 წლიდან დღემდე დასის ხელმძღვანელია რეჟისორი რობერტ სტურუა. 

რუსთაველის სცენაზე მოღვაწეობდნენ ისეთი არაჩვეულებრივი მსახიობები, როგორიც იყვნენ ალექსანდრე იმედაშვილი, ვალერიან შალიკაშვილი, უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ხორავა, გოგი გეგეჭკორი, კოტე მახარაძე, კახი კავსაძე, სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა, ჯემალ ღაღანიძე, გოგი ხარაბაძე, რამაზ ჩხიკვაძე და ა.შ.

46
თემები:
საქართველო და კულტურა

გელათის მონასტრის დაზიანებული დროებითი გადახურვა ისევ აღადგინეს ვიდეო

29
(განახლებულია 17:15 22.01.2021)
გელათის დროებითი გადახურვის დაზიანებული ნაწილი აღდგენილია. დასავლეთ მკლავის სამხრეთ ფერდზე გადახურვის სამუშაოები 2018-19 წლებში ჩატარდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უხარისხოდ.

თუნუქის სახურავზე ხარვეზებით ჩატარებული სამუშაოები სფეროს სპეციალისტთა შორის დისკუსიას გასცდა და პოლიტიკურ ჭრილში განხილვის თემადაც იქცა. იმ კომპანიების გარდა, რომლებიც შესაბამისი სამუშაოების ჩატარებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, კრიტიკის თემაა თავად დროებითი გადახურვის პროექტიც.

მომავალი გართულებების და კომპლექსის დაზიანების თავიდან ასაცილებლად სფეროს სპეციალისტები პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის საჭიროებაზე ალაპარაკდნენ. არაჯეროვნად ჩატარებული სამუშაოებისთვის კი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სამუშაოების განმახორციელებელ ორ კომპანიას ფულადი სანქციები დააკისრა. 

29
„დინამო“ თბილისი-„თელავი“

საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი - ძლიერი ვარდნა IFFHS-ის რეიტინგში

0
(განახლებულია 09:16 23.01.2021)
IFFHS-ის შარშანდელ რეიტინგში საქართველოს ჩემპიონატი 51-ე ადგილს იკავებდა, შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ლიგის რეგრესმა 24 პოზიცია შეადგინა

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. უძლიერესი ეროვნული ჩემპიონატების მსოფლიო რეიტინგში საქართველომ 75-ე ადგილი დაიკავა. მონაცემები მოჰყავს IFFHS-ს - ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციას.

IFFHS-ს მონაცემები 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის 80 ჩემპიონატის მიხედვით მოჰყავს. ჩამონათვალში შევიდა 45 ევროპული პირველობა, სადაც საქართველოს ეროვნული ლიგა მხოლოდ კოსოვოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩემპიონატებს უსწრებს.

IFFHS-ის შარშანდელ რეიტინგში საქართველოს ჩემპიონატი 51-ე ადგილს იკავებდა, შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ლიგის რეგრესმა 24 პოზიცია შეადგინა.

ლიდერთა სამეულში არიან იტალიის, ინგლისისა და ბრაზილიის ჩემპიონატები. აღსანიშნავია, რომ იტალიის „სერია А“ სიას სათავეში 14 წელიწადში პირველად მოექცა. მანამდე მსოფლიოში ინგლისის და ესპანეთის ჩემპიონატები დომინირებდნენ.

0