პრინტის ფესტივალი

თანამედროვე ხელოვნება ვირტუალურ სივრცეში საქართველოში ხელოვნების არქივი განაახლეს

60
(განახლებულია 21:12 04.12.2020)
პერფორმანსის, ანიმაციის, ფერწერის, გრაფიკის, დიზაინის და თანამედროვე ხელოვნების სხვა მრავალი სფეროს პოვნა ქართველი მხატვრების შესრულებით ერთ ვირტუალურ პლატფორმაზეა შესაძლებელი.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში განაახლეს თანამედროვე ხელოვნების ვირტუალური არქივი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს როგორც უკვე ცნობილი, ისე დამწყები ქართველი მხატვრების ნამუშევრებს, ასევე იპოვოს ინფორმაცია ხელოვნების ამ სახეობის შესახებ.

თანამედროვე ხელოვნების არქივი – ესაა ორენოვანი მულტიმედიური ონლაინ–პლატფორმა, რომლის მიზანია მოხდეს სისტემატიზაცია და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია ქართული თანამედროვე ხელოვნების მემკვიდრეობისა და მიმდინარე პროცესების შესახებ.

პროექტმა გაიმარჯვა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსში „თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია თბილისსა და რეგიონებში“.

არქივის განახლებაზე მუშაობდნენ კულტურის სამინისტროს თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტები. ვებ-გვერდს დაემატა 36 მხატვრის საინფორმაციო პროფილი და შევსებულია მხატვრების უკვე არსებული ანკეტები.

„ონლაინ პლატფორმას იყენებენ როგორც სფეროთი დაინტერესებული პირები – ხელოვნების პროფესიონალები, მათ შორის სტუდენტები, ისე ფართო საზოგადოება. ვებ-გვერდის ვიზიტორები ფიქსირდებიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან", – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

პროექტი „თანამედროვე ხელოვნების არქივი“ ზაზა დარასელის ფონდის მხარდაჭერით 2013 წელს ამოქმედდა. მან 2018 წელს ორგანიზაცია „კრეატიული საქართველოს“ მხარდაჭერა მიიღო. არქივარიუსთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს ონლაინ პლატფორმისთვის შიგთავსის მომზადებასა და მის გამდიდრებაზე.

60
თემები:
საქართველო და კულტურა (1028)
სანთლები

გარდაიცვალა მსახიობი მამუკა ლორია

127
(განახლებულია 18:42 27.01.2021)
რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს სიცოცხლის მანძილზე მრავალ ტელესერიალსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. კინოსა და თეატრის მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი ავრცელებს.

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მამუკა ლორიამ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. ის 1985 წლიდან შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრში მოღვაწეობდა. 

თეატრის სცენაზე მამუკა ლორიას არაერთი როლი აქვს შესრულებული, მათ შორის სპექტაკლებში "კავკასიური ცარცის წრე“, „დარისპანის გასაჭირი“, „მტრის ნიღაბი“ და სხვ.

მსახიობი გადაღებულია ფილმებსა და ტელესერიალებში. მათ შორისაა ქართული მხატვრული ფილმები „ლოლიტა“, „გარიგება“, „ყველაფერი კარგად იქნება“ და ა.შ.

მსახიობს მიღებული აქვს რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდო – „ოქროს ნიღაბი“ სპექტაკლისთვის „მაკბეტი“.

127
თემები:
საქართველო და კულტურა (1028)
არიადნა შენგელაია და მერაბ ელიოზიშვილი ფილმში „თეთრი ქარავანი“

შენგელაია-88: კინოცენტრი „თეთრი ქარავანის“ განახლებულ ვერსიას აჩვენებს

41
ეს საკულტო ფილმი აღდგენილია კანის ფესტივალზე წარსადგენად, სადაც ფილმი პირველი წარმატებული ჩვენებიდან 55 წლის შემდეგ აჩვენეს

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ეროვნული კინოცენტრი ფილმ „თეთრი ქარავანის" (1963) აღდგენილი ვერსიის ჩვენებას ფილმის ავტორის - ლეგენდარული რეჟისორის, ელდარ შენგელაიას 88 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართავს.

ფილმი Facebook-ის პირდაპირ ეთერში კინოცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე შაბათს, 30 იანვარს, 22:00 საათზე იქნება ნაჩვენები. ფილმის ლინკი ხელმისაწვდომი იქნება ასევე ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბის ვებგვერდზე.

ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი „თეთრი ქარავანი" 1964 წელს პირველად აჩვენეს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში. 2019 წელს, 55 წლის შემდეგ, იგი კანში კვლავ დაბრუნდა სექციაში „კანის კლასიკა".

სწორედ 2019 წელს, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კვლავ წარსადგენად, ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით გაკეთდა ფილმის ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია.

„თეთრ ქარავანს" სამი წლის განმავლობაში იღებდნენ. სცენარზე მერაბ ელიოზიშვილი მუშაობდა, ხოლო ოპერატორი ტიტო კალატოზიშვილი იყო. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ სპარტაკ ბაღაშვილი, დოდო აბაშიძე, არიადნა შენგელაია და იმედო კახიანი.

ელდარ შენგელაია დაიბადა თბილისში 1933 წელს. 1958 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის („ვგიკის“) კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის და სერგეი სკვორცოვის სახელოსნო). მან გადაიღო ისეთი საკულტო ფილმები, როგორებიცაა „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და სხვ.

41
მეათე მოწვევის პარლამენტი

ქართველ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილებას გაუზრდიან

0
საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე დამოუკიდებელი დეპუტატები მეტ უფლებამოსილებას მიიღებენ

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა შესწორებები პარლამენტის რეგლამენტში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციონერთა მცირე ჯგუფის უფლებებს აფართოებს.

პოლიტიკური კრიზისის ფონზე პარლამენტში ოპოზიცია წარმოდგენილი იქნება ცხრა დამოუკიდებელი დეპუტატით, თავად საკანონმდებლო ორგანოს კი შეზღუდული უფლებამოსილებები ექნება.

შესწორებების თანახმად, დამოუკიდებელ დეპუტატებს ვიცესპიკერის, ასევე, კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების წარდგენის უფლება ექნებათ.

გარდა ამისა, დებატების დროს ან კანონპროექტის განხილვისას მათ ფრაქციისთვის ანალოგიურ დროს გამოუყოფენ.

შესწორებების მიზეზი გახდა დამოუკიდებელი დეპუტატების შეზღუდული უფლებამოსილებები, რომელთაც დღემდე არა აქვთ შესაძლებლობა, სრულფასოვნად მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში და დაიკავონ ხელმძღვანელი თანამდებობები.

ვინაიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 2 თებერვალს დააკმაყოფილებს ოპოზიციის წარმომადგენელთა დიდი ნაწილის უარს მანდატებზე, ოპოზიციური ფრთა პარლამენტში წარმოდგენილი იქნება „ევროპელი სოციალისტების“ ოთხი, პარტია „მოქალაქეების“ ორი და პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ სამი დეპუტატით. ამასთან, პარტია „გირჩი“ არ აპირებს სხდომებში მონაწილეობას და აგრძელებს ბოიკოტს.

უფრო მეტი უფლებამოსილება?

შესწორებების განხილვისას მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ბეჟან კახაძემ კოლეგებს შესთავაზა, დამოუკიდებელ დეპუტატებს სამწევრიანი ფრაქციის შექმნისა და ბიუროს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ.

ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ არსებობს კონსტიტუციის ჩარჩოები, რომლებიც მკაცრად განსაზღვრავს პარლამენტის ბიუროს შემადგენლობას, ასევე ფრაქციების შესაძლებლობებსა და შემადგენლობას.

პროექტის ავტორმა ლევან მგალობლიშვილმა კი აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატების უფლებამოსილება შესაძლოა გაფართოვდეს რეგლამენტის შესაძლებლობების გათვალისწინებით, ისე რომ არ დაზარალდეს კონსტიტუცია.

„ჩვენ არ წავალთ კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტის ფრაქციების შესაძლებლობებს განსაზღვრავს, მათ შორის, სახელმწიფო თანამდებობებზე გარკვეულ პირთა დანიშვნისას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რეგლამენტის ფარგლებში ოპოზიციონერებს მეტი შესაძლებლობა მივცეთ“, - განაცხადა მგალობლიშვილმა.

მისი თქმით, კანონპროექტი მეორე მოსმენისთვის დამუშავდება და განსახილველად იქნება წარდგენილი.

რატომ „გაღარიბდა“ პარლამენტი

საქართველოს პარლამენტში არჩევნების შედეგად 60 ოპოზიციონერი და 90 მმართველი პარტიის დეპუტატი მოხვდა. თუმცა ოპოზიციონერების უმრავლესობა დღემდე უარს აცხადებს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ამბობს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაყალბდა.

პარლამენტში მოხვედრილმა დეპუტატებმა პარტიებიდან - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - პროტესტის ნიშნად პარლამენტის დატოვება გადაწყვიტეს.

ექვსიდან ხუთმა სუბიექტმა გააუქმა პარტიული სიები, რათა თავიანთი პარტიებიდან უფრო ლოიალური წარმომადგენლებით მათი ჩანაცვლების შესაძლებლობა მოესპო.

ერთადერთი, ვინც ეს არ გააკეთა, პარტია „პატრიოტთა ალიანსია“, რის წყალობითაც პარლამენტში მისი ოთხი ყოფილი წარმომადგენელი მოხვდა. მათ „პატრიოტების“ ადგილები დაიკავეს და შექმნეს საკუთარი პარტია „ევროპელი სოციალისტები“.

პარლამენტის შემცირებული შემადგენლობა საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციის შეცვლის, კონსტიტუციური კანონების მიღებისა და მიწის შესახებ კანონის შეცვლის შესაძლებლობას უკარგავს.

0