კადრი ფილმიდან „დედე“

ქართული კინოს მოყვარულებისთვის: კინოცენტრმა ვირტუალური კინოკლუბი შექმნა

67
(განახლებულია 20:08 01.12.2020)
კინომანებს შეუძლიათ უახლესი ქართული ფილმების ონლაინ–სეანსზე დასწრება და ასევე კინოგადაღებების ბექსტეიჯიდან ექსკლუზიური კადრების ხილვა.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ონლაინ–კინოკლუბი შექმნა, სადაც ნებისმიერს შეუძლია ნახოს ახალი ქართული ფილმები და კადრები კინოს გადაღებებიდან, ასევე გაეცნოს კინემატოგრაფიის სიახლეებს.

კინოკლუბის წესების გაცნობის შემდეგ ქართული კინოს მოყვარულებს კლუბში გაწევრიანება ამ ბმულის მეშვეობით შეუძლიათ.

პირველი ჩვენებები უკვე გაიმართა – კინოცენტრი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა და მაყურებელს ქართველი რეჟისორების თემატური ფილმები შესთავაზა: მარიამ გულბანის „სანამ მამა დაბრუნდება“, რუსუდან ჭყონიას „გაიღიმეთ“ და მარიამ ხაჭვანის „დედე“.

ონლაინ ჩვენებები ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ გვერდზე Facebook-live-ის ფორმატში და კინოკლუბის ჯგუფში 22:00 საათზე იმართება.

როგორც ცენტრში აღნიშნავენ, ამჟამად შემდეგი კინოჩვენებების დაგეგმვის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქართველ პროდიუსერებთან და რეჟისორებთან.

67
თემები:
ქართული კინო (118)
სანთლები

გარდაიცვალა მსახიობი მამუკა ლორია

122
(განახლებულია 18:42 27.01.2021)
რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს სიცოცხლის მანძილზე მრავალ ტელესერიალსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. კინოსა და თეატრის მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი ავრცელებს.

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მამუკა ლორიამ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. ის 1985 წლიდან შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრში მოღვაწეობდა. 

თეატრის სცენაზე მამუკა ლორიას არაერთი როლი აქვს შესრულებული, მათ შორის სპექტაკლებში "კავკასიური ცარცის წრე“, „დარისპანის გასაჭირი“, „მტრის ნიღაბი“ და სხვ.

მსახიობი გადაღებულია ფილმებსა და ტელესერიალებში. მათ შორისაა ქართული მხატვრული ფილმები „ლოლიტა“, „გარიგება“, „ყველაფერი კარგად იქნება“ და ა.შ.

მსახიობს მიღებული აქვს რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდო – „ოქროს ნიღაბი“ სპექტაკლისთვის „მაკბეტი“.

122
თემები:
საქართველო და კულტურა
არიადნა შენგელაია და მერაბ ელიოზიშვილი ფილმში „თეთრი ქარავანი“

შენგელაია-88: კინოცენტრი „თეთრი ქარავანის“ განახლებულ ვერსიას აჩვენებს

41
ეს საკულტო ფილმი აღდგენილია კანის ფესტივალზე წარსადგენად, სადაც ფილმი პირველი წარმატებული ჩვენებიდან 55 წლის შემდეგ აჩვენეს

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ეროვნული კინოცენტრი ფილმ „თეთრი ქარავანის" (1963) აღდგენილი ვერსიის ჩვენებას ფილმის ავტორის - ლეგენდარული რეჟისორის, ელდარ შენგელაიას 88 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართავს.

ფილმი Facebook-ის პირდაპირ ეთერში კინოცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე შაბათს, 30 იანვარს, 22:00 საათზე იქნება ნაჩვენები. ფილმის ლინკი ხელმისაწვდომი იქნება ასევე ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბის ვებგვერდზე.

ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი „თეთრი ქარავანი" 1964 წელს პირველად აჩვენეს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში. 2019 წელს, 55 წლის შემდეგ, იგი კანში კვლავ დაბრუნდა სექციაში „კანის კლასიკა".

სწორედ 2019 წელს, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კვლავ წარსადგენად, ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით გაკეთდა ფილმის ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია.

„თეთრ ქარავანს" სამი წლის განმავლობაში იღებდნენ. სცენარზე მერაბ ელიოზიშვილი მუშაობდა, ხოლო ოპერატორი ტიტო კალატოზიშვილი იყო. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ სპარტაკ ბაღაშვილი, დოდო აბაშიძე, არიადნა შენგელაია და იმედო კახიანი.

ელდარ შენგელაია დაიბადა თბილისში 1933 წელს. 1958 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის („ვგიკის“) კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის და სერგეი სკვორცოვის სახელოსნო). მან გადაიღო ისეთი საკულტო ფილმები, როგორებიცაა „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და სხვ.

41
კომპიუტერის მომხმარებელი

ქართველმა პროგრამისტებმა როლური ონლაინ-თამაში The Way of Wrath შექმნეს

0
The Way of Wrath - საქართველოში პირველი მასშტაბური კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს ახალი როლური კომპიუტერული თამაში The Way of Wrath - ის Kickstarter-ის ვებგვერდზე 1 თებერვალს გამოვა.

Kickstarter - ეს არის ონლაინ-პლატფორმა, რომელიც შექმნილია ფულადი სახსრების მოსაზიდად შემოქმედებითი, მეცნიერული და საწარმოო პროექტების სარეალიზაციოდ, კრაუდფანტინგის, ანუ ნებაყოფლობითი შემოწირულობების სქემით. Kickstarter-ი აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს - მაგალითად, დამოუკიდებელი კინემატოგრაფის ფილმების, კომიქსების, ვიდეოთამაშების, მუსიკის შექმნას და სხვ.

Kickstarter-ის კამპანია ერთ თვეს გაგრძელდება, თანხების შეგროვების ხარჯზე თამაში უფრო დემოკრატიულ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. ამის შემდეგ გაყიდვები Kickstarter-ზე შეწყდება და ფინალური თამაშის გამოსვლისთანავე The Way of Wrath იქნება ხელმისაწვდომი Steam-ზე, GOG-ზე და სხვა ონლაინ-რესურსებზე.

The Way of Wrath - საქართველოში პირველი მსხვილმასშტაბიანი კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით. ეს კომპლექსური თამაშია - მასში ბრძოლების გარდა შესაძლებელია თევზის ჭერა, ნადირობა, მეგობრებთან ერთად მინი-თამაშების გამართვა და სხვ.

თამაშის სიუჟეტით, მოქმედება ხდება ძველ დროში - ბრინჯაოს ხანაში. ტომი სახელად ტეინ-ტეინ იმპერიასთან ათწლიან ომს გადაურჩა, გაიჭედა ნანგრევებში და მასობრივ შემოტევას ელოდება. აქ ყველა არჩევანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

როგორც თამაშის თანაავტორი, არტ-დირექტორი და პირველი ქართული 3D-მულტფილმ „ჯინოს“ შემქმნელი დათო კიკნაველიძე ამბობს, თამაში იქნება ხელმისაწვდომი პერსონალურ კომპიუტერებზე, PlayStation, Nintendo, Xbox მოწყობილობებზე. თამაშის ისტორიისა და ლექსიკის გათვალისწინებით, მას აქვს ასაკობრივი შეზღუდვა 18+.

0