დარეჯან დედოფლის სამკაული

მაჰარაჯას ზურმუხტები: საქართველოს ხელოვნების სასახლემ დარეჯან დედოფლის სამკაული მოიპოვა

83
(განახლებულია 19:43 20.11.2020)
ეს კულონი, მეორე ვერსიით – საყურე, დარეჯან დედოფალმა რუსეთში გამგზავრების წინ საქართველოში დარჩენილ თავის ფრეილინას დაუტოვა.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელოვნების სასახლემ – კულტურის ისტორიის მუზეუმმა ერეკლე მეორის მეუღლის, ქართლ–კახეთის დედოფალ დარეჯან დადიანის ძვირფასი სამკაული შეიძინა.

მუზეუმის ხელმძღვანელის გიორგი კალანდიას თქმით, ხელოვნების სასახლე მთელი წლის განმავლობაში ყველა ღონეს ხმარობდა, რომ დარეჯან დედოფლის სამკაული საქართველოს კუთვნილება გამხდარიყო. 

საუბარია გულსაკიდზე (მეორე ვერსიით - საყურეზე). სამკაული დარეჯან დედოფალს ეკუთვნოდა, რომელმაც რუსეთში გამგზავრების წინ სამკაული მოიხსნა და საქართველოში დარჩენილ თავის ფრეილინას დაუტოვა.

კალანდიას ვარაუდით, ეს ზურმუხტები მეფე ერეკლეს სალაროში პატარა კახის ინდოეთში ლაშქრობის შემდეგ მოხვდა.

„სამკაული უნიკალურია, მას ამშვენებს ვარდისფერი ალმასი, ლალი და დიდი ინდური ზურმუხტები (თითო დაახლოებით 6 კარატი). დანამდვილებით კი ის ვიცით, რომ ზურმუხტები რამდენიმე წლის წინ სოტბის აუქციონზე გაყიდული მაჰარაჯების კუთვნილი ზურმუხტების იდენტურია“, – წერს კალანდია Facebook-გვერდზე.

მუზეუმის დირექტორის განმარტებით, აღნიშნული სამკაულის შეძენა შესაძლებელი გახდა ცნობილი ქართველი ექიმის ზაზა ჭანტურაიას წყალობით. სწორედ მისმა ფინანსურმა თანადგომამ გადაარჩინა ხელოვნების ნიმუში უცხოეთში გაყიდვას, აცხადებს გიორგი კალანდია. 

სამკაულის ღირებულება არ დასახელებულა, მაგრამ კალანდია აღნიშნავს, რომ თანხის გადახდა წლის განმავლობაში ეტაპობრივად ხდებოდა.

სამეგრელოს მთავრის კაცია I დადიანის ასული დარეჯანი დაახლოებით 1734 წელს (ზოგიერთი ცნობით 1726 წელს) დაიბადა. 1750 წელს გახდა ერეკლე მეორის მესამე ცოლი და ქართლ–კახეთის დედოფალი. მან ბაგრატიონთა სამეფო ოჯახს 14 შვილი აჩუქა – რვა ვაჟი და ექვსი ქალი.

დედოფალი დარეჯანი მეუღლის მმართველობის ბოლო წლებში მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა სახელმწიფო პოლიტიკასა და სასამართლო საქმეებზე. ისტორიკოსები საუბრობენ, რომ დარეჯანი სკეპტიკურად იყო განწყობილი ერეკლე მეორისა და მისი მემკვიდრის, მეფე გიორგი XII-ის (ერეკლეს უფროსი ვაჟი მეორე ცოლისგან) პრორუსული პოლიტიკისადმი.

1803 წელს, რუსეთის მიერ ქართლ–კახეთის ანექსიის შემდეგ ქვრივი დარეჯან დედოფალი რუსეთში გადაასახლეს. იგი სანქტ–პეტერბურგში გარდაიცვალა და დაკრძალულია ნევის მონასტრის ეზოში მდებარე ხარების ეკლესიაში.

83
თემები:
საქართველო და კულტურა (988)

საბავშვო ევროვიზია 2020: ფინალამდე რჩება ორი დღე - ვიდეო

32
წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone

საერთაშორისო სიმღერის კონკურს „საბავშვო ევროვიზია 2020“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაყურებლის ონლაინ–კენჭისყრამ სტარტი პარასკევს, 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან აიღო.

ხმის მიცემა შესაძლებელია ვებ-გვერდზე junioreurovision.tv. მაყურებელს ყველა კონკურსანტის გამოსვლის ნახვის შემდეგ შესაძლებლობა ექნება ხმა მისცეს სამ კონკურსანტს, მათ შორის – საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს.

წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone. გადელიას საკონკურსო სიმღერაზე იმუშავა კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეშვიდე ნომრად გამოვა.

კონკურსის ფინალს ქართველი მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ კვირას, 29 ნოემბერს, 20:00 საათიდან იხილავს.

 

32
საბავშვო ევროვიზია

„საბავშვო ევროვიზიის“ ვებ-გვერდზე ხმის მიცემა 27 ნოემბრიდან იწყება

42
(განახლებულია 13:55 27.11.2020)
წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საერთაშორისო სიმღერის კონკურს „საბავშვო ევროვიზია 2020“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაყურებლის ონლაინ–კენჭისყრა სტარტს პარასკევს, 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან აიღებს.

ხმის მიცემა შესაძლებელია ვებ-გვერდზე junioreurovision.tv. მაყურებელს ყველა კონკურსანტის გამოსვლის ნახვის შემდეგ შესაძლებლობა ექნება ხმა მისცეს სამ კონკურსანტს, მათ შორის – საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს. 

კენჭისყრა 29 ნოემბერს, შოუს დაწყების წინ შეჩერდება და ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ 15 წუთით განახლდება.

შოუს წესებით, კონკურსანტის საბოლოო შეფასებისას მაყურებლისა და პროფესიონალების ხმები განაწილდება თანაბრად – 50/50-ზე. ჟიურის წევრები საკუთარ შეფასებებს 28 ნოემბერს, კონკურსანტების გამოსვლების ნახვის შემდეგ გამოაცხადებენ. ამავე დღეს გაიმართება პრესკონფერენცია, რომელშიც ყველა კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას. იგი კონკურსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ონლაინ–ფორმატში ჩატარდება.

ეპიდემიური ვითარების გამო „საბავშვო ევროვიზია 2020“-ის ფინალი პოლონეთში 29 ნოემბერს ტელეხიდის ფორმატში გაიმართება. პროფესიული გუნდი და წამყვანები ვარშავის სტუდიაში განთავსდებიან, ხოლო ყოველი მონაწილე თავისი ქვეყნის სტუდიიდან იმღერებს.

კონკურსის სამართლიანობისა და ყველა არტისტის ღირსეული წარდგენის მიზნით ევროპის სამაუწყებლო კავშირის (EBU) წევრები ყველა მოედანზე სცენის ერთნაირ გეგმარებას და ტექნიკურ განათებას გამოიყენებენ. 

მე-18 ფესტივალის სლოგანია Move the world! („აამოძრავე მსოფლიო“). კონკურსის ფინალში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები 12 ქვეყნიდან: საქართველოდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ყაზახეთიდან, მალტიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, სერბეთიდან, უკრაინიდან და საფრანგეთიდან.

წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone. გადელიას საკონკურსო სიმღერაზე იმუშავა კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეშვიდე ნომრად გამოვა.

კონკურსის ფინალს ქართველი მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ კვირას, 29 ნოემბერს, 20:00 საათიდან იხილავს.

2019 წელს პოლონეთის ქალაქ გლივიცაში გამართულ „საბავშვო ევროვიზია 2019“-ზე საქართველო წარადგინა 13 წლის გიორგი როსტიაშვილმა სიმღერით „გვინდა გვიყვარდეს“ (We need love) და კონკურსში მე-14 ადგილი დაიკავა. კონკურსის გამარჯვებული პოლონელი ვიკი გაბორი გახდა.

საქართველო „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.

42
თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა

0
(განახლებულია 16:41 28.11.2020)
კლინიკის გენერალურ დირექტორს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა, 19 ნოემბერს კი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

კლინიკის ცნობით, თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა სტაბილურია, ის თავს კარგად გრძნობს და მადლობას უხდის ყველას, ვინც მის მიმართ ყურადღება გამოხატა.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი მიმდინარე წლის 17 ნოემბერს დაუდასტურდა. საწყის ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი გახლდათ.

ორი დღის შემდეგ კი მას სიცხემ აუწია და ფილტვებზე პნევმონია დაუდგინდა. თენგიზ ცერცვაძის ჰოსპიტალიზაცია ასევე განაპირობა იმან, რომ ის მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებოდა.

შეგახსენებთ, თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ, რომელსაც მრავალი წელია თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების მიღება ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში