ბაროკოს ეპოქის მუსიკის კონცერტი

ბაროკოს მუსიკის ფესტივალი თბილისში დისტანციურად გაიმართება

25
(განახლებულია 13:33 20.11.2020)
სხვადასხვა ქვეყნის ბაროკოს ეპოქის მუსიკის საუკეთესო შემსრულებლები მსმენელს სიამოვნებას მიანიჭებენ ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებით.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. ბაროკოს ეპოქის მუსიკის თბილისის რიგით მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი 20–25 ნოემბრის პერიოდში გაიმართება, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო წელს ფესტივალი ონლაინ–ფორმატში ჩატარდება. დაგეგმილი კონცერტების მოსმენა შესაძლებელი იქნება როგორც ფესტივალის ოფიციალურ Facebook-გვერდზე, ისე ტელეკომპანია Silk Universal-ზე.

პარასკევს, 20 ნოემბერს ფესტივალს კამერულ ორკესტრ „საქართველოს სიმფონიეტასთან“ ერთად გახსნის მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი, ფაგოტისტი სერჯო აცოლინი. შესრულდება ალბინონის, ვივალდის, ჯემინიანისა და კატანეოს ნაწარმოებები. 

ფესტივალის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია ონლაინ–ლექციები. მსმენელს საშუალება ექნება მოისმინოს პროფესორების ნოდარ ლადარიას, დავით გიგინეიშვილის და მხატვარ გია ბუღაძის საინტერესო საუბრები ბაროკოს ეპოქის შესახებ.

კვირას, 22 ნოემბერს გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი წარმოადგენს მარიამ ალექსიძის ვიდეო-წარმოდგენას „გიორგი ალექსიძის ნეობაროკო“, რომელიც მოგითხრობთ ცნობილი ქართველი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის გიორგი ალექსიძის ცეკვის სტილზე.

ფესტივალი 25 ნოემბერს დასრულდება. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი მსმენელს შესთავაზებს კონცერტს სახელწოდებით „იტალიური კონცერტები“ – მუსიკოსები შეასრულებენ ვივალდის, კორელის, მარჩელოსა და ჰენდელის ნაწარმოებებს.

ბაროკოს ყოველწლიური ფესტივალი 2015 წელს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დააფუძნა თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სიმფონიეტა".

სხვადასხვა წლებში ფესტივალის სტუმრები იყვნენ ბაროკოს მუსიკის საუკეთესო შემსრულებლები: ესპანელი გამბისტი ჟორდი სავალი, იტალიელი ფაგოტისტი სერჯიო აცოლინი და ვიოლონჩელისტი დავიდ ამადიო, გერმანელი მევიოლინე კრისტინ ბუში, ფრანგი კლავესინისტი ჟან რონდო, „ძველი მუსიკის ბერლინის აკადემიის“ ორკესტრი და ა.შ.

25
თემები:
საქართველო და კულტურა (991)
მაია მახათელი

ქართველი ბალერინა წლის საუკეთესო მოცეკვავედ დაასახელეს

30
(განახლებულია 15:25 30.11.2020)
ქართველი ბალერინას კონკურენტები „დიდი თეატრის“ რუსი მოცეკვავეები – მარია ალექსანდროვა და ვლადისლავ ლანტრატოვი იყვნენ

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ქართველი ბალერინა მაია მახათელი, საერთაშორისო ჟურნალ Dance Europe-ის ვერსიით, რომელიც 1995 წლიდან ლონდონში გამოდის, წლის საუკეთესო მოცეკვავედ დასახელდა.

რადგანაც ქართველმა ბალერინამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ჟურნალმა Dance Europe მისი ფოტო დეკემბერ/იანვრის გარეკანზე გამოაქვეყნა.

თავის Facebook–გვერდზე ბალერინამ მხარდაჭეისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბედნიერია, რომ მისი ფოტო Dance Europe–ის გარეკანზეა განთავსებული.

პრეტენდენტისთვის ხმის მიცემა ოქტომბრის ბოლომდე იყო შესაძლებელი. ქართველ ბალერინასთან ერთად საუკეთესოს წოდებისთვის „დიდი თეატრის“ რუსი მოცეკვავეები – მარია ალექსანდროვა და ვლადისლავ ლანტრატოვი იბრძოდნენ.

მაია მახათელი თბილისში დაიბადა, ცეკვა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დაიწყო. 2002 წელს სწავლა დაამთავრა გერმანიის საერთაშორისო საბალეტო სკოლაში (International Ballet School).

2002 წელს მახათელი კოლორადოს ბალეტში მიიღეს, 2006 წელს გადავიდა ბირმინგემის სამეფო ბალეტში სოლისტის რანგში. 2007 წლიდან ის ნიდერლანდების ეროვნულ ბალეტში მუშაობს, ხოლო 2010 წლიდან თეატრის პრიმა–ბალერინაა.

მაია მახათელს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო საბალეტო გალა–კონცერტში, მიწვეული ბალერინის სტატუსით გამოდიოდა აშშ-ის, იაპონიის, ჩეხეთისა და რუსეთის თეატრების სპექტაკლებში. არის საქართველოში, რუსეთსა და აშშ-ში გამართული საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი.

30
თემები:
საქართველო და კულტურა (991)
საბავშვო ევროვიზია

„საბავშვო ევროვიზია-2020“-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა: საქართველო მეექვსეა

95
მე-18 საერთაშორისო კონკურს „საბავშვო ევროვიზია-2020“-ის ფინალი პოლონეთში ტელეხიდის ფორმატში გაიმართა

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საერთაშორისო კონკურს „საბავშვო ევროვიზია-2020“-ის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ვალენტინა ტრონელი გახდა.

მაყურებელთა და ჟიურის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, გამარჯვებული გახდა 11 წლის ვალენტინა ტრონელი სიმღერით „მე წარმოვიდგენ“ (J"imagine).

ეპიდემიური ვითარების გამო „საბავშვო ევროვიზია 2020“-ის ფინალი პოლონეთში ტელეხიდის ფორმატში გაიმართა. პროფესიული გუნდი და წამყვანები ვარშავის სტუდიაში განთავსდნენ, ხოლო ყოველი მონაწილე თავისი ქვეყნის სტუდიიდან მღეროდა.

საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია სიმღერით You Are Not Alone საუკეთესოთა ათეულში შევიდა და მე-6 ადგილი დაიკავა.

2019 წელს პოლონეთის ქალაქ გლივიცაში გამართულ „საბავშვო ევროვიზია 2019“-ზე საქართველო წარადგინა 13 წლის გიორგი როსტიაშვილმა სიმღერით „გვინდა გვიყვარდეს“ (We need love) და კონკურსში მე-14 ადგილი დაიკავა. კონკურსის გამარჯვებული პოლონელი ვიკი გაბორი გახდა.

მე-18 ფესტივალის სლოგანი იყო Move the world! („აამოძრავე მსოფლიო“). კონკურსის ფინალში მონაწილეობას იღებდნენ შემსრულებლები 12 ქვეყნიდან: საქართველოდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ყაზახეთიდან, მალტიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, სერბეთიდან, უკრაინიდან და საფრანგეთიდან.

95
თემები:
საქართველო და კულტურა (991)
თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძე შვილის გაჩენიდან მეორე დღეს საოცარ ფორმაშია - მოდელი ვიდეოს აქვეყნებს

0
(განახლებულია 14:59 30.11.2020)
ცნობილი ფოტომოდელი დედა 28 ნოემბერს გახდა. ნახეთ როგორ გამოიყურება ახალნამშობიარები მოდელი. არანაირი ზედმეტი კილოგრამი - ის შეუდარებელია

თამო ვაშალომიძე, ფაქტობრივად, საიდუმლოს გარეშე ცხოვრობს. ერთადერთი, რაც მოდელმა თაყვანისმცემლებს დღემდე არ გაუმხილა - მისი პირველი პარტნიორის ვინაობაა. მოდელმა რამდენიმე წუთის წინ ახალშობილი ვაჟის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემს, როგორი ბედნიერია.

თამომ მოგვიანებით ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც არაჩვეულებრივ ფორმაშია. მოდელს საერთოდ არ ეტყობა, რომ ორი დღის წინ შვილი გააჩინა. ორსულობის ბოლო თვეებში ამბობდა, რომ 10 კილოგრამი ჰქონდა მომატებული, რომელიც როგორც ჩანს, უკვე მოიშორა.

რამდენიმე თვეა თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ მის გვერდზე ეროტიკული ხასიათის სურათებმა იკლო, ხოლო ოჯახურმა იდილიამ იმატა. თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. ფოტომოდელის განცხადებით, ისინი ერთ წელზე მეტია, რაც ერთმანეთს ხვდებიან. ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს.

ფოტომოდელის განმარტებით, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და ულევი ყურადღებით ანებივრებს, რის გამოც მათი ურთიერთობა უფრო და უფრო საინტერესოა. როგორც ჩანს, პატარა სოფია მამინაცვალს გულგრილს არ ტოვებს. თამოს სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ მამინაცვალი და თამოს ქალიშვილი ერთად დროს ხშირად ატარებენ.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება