„საბავშვო ევროვიზია 2020“-ზე საქართველოს სანდრა გადელია წარადგენს

© photo: Ranina / FBსანდრა გადელია
სანდრა გადელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო კონკურსის ფინალი 29 ნოემბერს პოლონეთში მსოფლიოში რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ტელეხიდის ფორმატში გაიმართება

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს „საბავშვო ევროვიზია 2020“-ზე 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს - სწორედ მან მოიგო საბავშვო ვოკალურ კონკურსში „რანინა“, რომლის გამარჯვებულები ტრადიციულად წარადგენენ ქვეყანას კონკურსზე.

ვიქტორია გაბორი - Sputnik საქართველო
„საბავშვო ევროვიზია 2020“: რომელი ქვეყნები მონაწილეობენ კონკურსში

სანდრა გადელია მოსკოვში დაიბადა. საქართველოს პირველად ოთხი წლის ასაკში ეწვია. გოგონა ძირითადად მოსკოვში ცხოვრობს, სამშობლოში ზამთარში და ზაფხულში ჩამოდის, ამიტომაც ქართულად ჯერჯერობით საუბარი ცოტა უჭირს.

გოგონა მუსიკით პატარა ასაკიდანაა გატაცებული. მას საკმაოდ აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება აქვს: მას აქვს მონაწილეობა მიღებული ისეთ სატელევიზიო პროექტებში, როგორებიცაა Лучше всех („ყველაზე უკეთესი“) მაქსიმ გალკინთან ერთად, Король Караоке („კარაოკეს მეფე“), ასევე „პოლა ნეგრის“ მიუზიკლი.

პროექტის საუკეთესოს წოდებისთვის სანდრასთან ერთად იბრძოდნენ 12 წლის მარიტა ხვედელიძე და 11 წლის რატი გელოვანი, რომლებმაც მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

სიმღერის ყოველწლიური კონკურსი „საბავშვო ევროვიზია 2020“ პოლონეთის დედაქალაქში 29 ნოემბერს მსოფლიოში არსებული ეპიდემიური ვითარების გამო ტელეხიდის ფორმატში გაიმართება. პროფესიული გუნდი და წამყვანები ვარშავის სტუდიაში განთავსდებიან, ხოლო ყოველი მონაწილე თავისი ქვეყნის სტუდიიდან იმღერებს.

კონკურსის სამართლიანობისა და ყველა არტისტის ღირსეული წარდგენისთვის, ევროპის სამაუწყებლო კავშირის (EBU) წევრები ყველა მოედანზე სცენის ანალოგიურ გეგმარებას და ტექნიკურ განათებას გამოიყენებენ.

მე-18 ფესტივალის სლოგანია Move the world! („აამოძრავე მსოფლიო“). კონკურსის ფინალში 12 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, რუსეთი, ბელარუსი, საფრანგეთი, ყაზახეთი, მალტა, ნიდერლანდები, სერბეთი, ესპანეთი, უკრაინა, პოლონეთი, გერმანია.

2019 წელს პოლონეთის ქალაქ გლივიცაში გამართულ  „საბავშვო ევროვიზია 2019“-ზე საქართველო წარადგინა 13 წლის გიორგი როსტიაშვილმა სიმღერით „გვინდა გვიყვარდეს“ (We need love) და კონკურსში მე-14 ადგილი დაიკავა. კონკურსის გამარჯვებული პოლონელი ვიკი გაბორი გახდა.

საქართველო „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.

ყველა ახალი ამბავი
0