ქართველი ბალერინა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მოცეკვავედ აღიარეს

© photo: courtesy of Angela Sterlingმაია მახათელი
მაია მახათელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აბსოლუტური ლიდერის წოდებისთვის ქართველ ბალერინას ახლა „დიდი თეატრის“ მოცეკვავეებთან მოუწევს პაექრობა.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი ბალერინა მაია მახათელი, საერთაშორისო ჟურნალ Dance Europe-ის ვერსიით, რომელიც 1995 წლიდან ლონდონში გამოდის, ერთ-ერთ საუკეთესო მოცეკვავედ დასახელდა.

ახლა წოდებისთვის „2020 წლის საუკეთესო მოცეკვავე“ ქართველ ბალერინას რუს კოლეგებთან „დიდი თეატრიდან“ – მარია ალექსანდროვასთან და ვლადისლავ ლანტრატოვთან მოუწევს კონკურენცია.

მახათელის ან სხვა კანდიდატისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის 31 ოქტომბრამდე ელექტრონულ ფოსტაზე media@danceeurope.net უნდა გაიგზავნოს რჩეული მოცეკვავის სახელი და გვარი.

მაია მახათელი თბილისში დაიბადა, ცეკვა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დაიწყო. 2002 წელს სწავლა დაამთავრა გერმანიის საერთაშორისო საბალეტო სკოლაში (International Ballet School).

2002 წელს მახათელი კოლორადოს ბალეტში მიიღეს, 2006 წელს გადავიდა ბირმინგემის სამეფო ბალეტში სოლისტის რანგში. 2007 წლიდან ის ნიდერლანდების ეროვნულ ბალეტში მუშაობს, ხოლო 2010 წლიდან თეატრის პრიმა–ბალერინაა.

მაია მახათელს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო საბალეტო გალა–კონცერტში, მიწვეული ბალერინის სტატუსით გამოდიოდა აშშ-ის, იაპონიის, ჩეხეთისა და რუსეთის თეატრების სპექტაკლებში. არის საქართველოში, რუსეთსა და აშშ-ში გამართული საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი.

ყველა ახალი ამბავი
0