ლუკა ჩიქოვანის

ქართველი მსახიობი იტალიურ ფილმში იულიუს კეისრის როლს შეასრულებს

155
(განახლებულია 23:24 23.10.2020)
ჩიქოვანის გვარი მართლაც იტალიურად ჟღერს! ყოველ შემთხვევაში ფილმ „ბედნიერი ლაზარეს“ შემდეგ ქართველ მსახიობს ძალიან უმართლებს

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ქართული წარმოშობის ახალგაზრდა იტალიელ მსახიობ ლუკა ჩიქოვანს რეჟისორ ჯოვანი ტროილოს ფილმში „რომის ძალა“ (Рower of Rome) გადაიღებენ.

ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ ჩიქოვანი შეასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს - ეს არის გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი მსახიობმა თავის Instagram-ზე გამოაქვეყნა და რამდენიმე ფოტოც დაურთო.

„ეს იყო საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა - შეასრულო იმპერატორ ავგუსტუსის როლი, და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ მოგეწონებათ ამ სასწაული როლის ჩემი შესრულება. ეს ჩემთვის უზარმაზარი პატივია! ედოარდო ლეოსთან და დიდ რეჟისორ ჯოვანი ტროილოსთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო“, - წერს ლუკა.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩიქოვანის კინოში პირველი როლი არაა. ადრე ის გადაიღეს იტალიელი რეჟისორის, ალიჩე როხვალერის ფილმში „ბედნიერი ლაზარე“. სრულმეტრაჟიანმა ფილმმა კანის ფესტივალზე პრიზი საუკეთესო სცენარისთვის მიიღო.

ლუკა ჩიქოვანი დაიბადა თბილისში, ხოლო ექვსი წლიდან დედასთან ერთად გადავიდა იტალიაში, სადაც დღემდე ცხოვრობს და მუშაობს. ჩიქოვანი საკმაოდ მრავალმხრივი ადამიანია, პერიოდულად იყო მოდელის, მსახიობის და მომღერლის აპმლუაში.

155
თემები:
საქართველო და კულტურა (988)
საბავშვო ევროვიზია

„საბავშვო ევროვიზიის“ ვებ-გვერდზე ხმის მიცემა 27 ნოემბრიდან იწყება

21
(განახლებულია 13:55 27.11.2020)
წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საერთაშორისო სიმღერის კონკურს „საბავშვო ევროვიზია 2020“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაყურებლის ონლაინ–კენჭისყრა სტარტს პარასკევს, 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან აიღებს.

ხმის მიცემა შესაძლებელია ვებ-გვერდზე junioreurovision.tv. მაყურებელს ყველა კონკურსანტის გამოსვლის ნახვის შემდეგ შესაძლებლობა ექნება ხმა მისცეს სამ კონკურსანტს, მათ შორის – საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს. 

კენჭისყრა 29 ნოემბერს, შოუს დაწყების წინ შეჩერდება და ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ 15 წუთით განახლდება.

შოუს წესებით, კონკურსანტის საბოლოო შეფასებისას მაყურებლისა და პროფესიონალების ხმები განაწილდება თანაბრად – 50/50-ზე. ჟიურის წევრები საკუთარ შეფასებებს 28 ნოემბერს, კონკურსანტების გამოსვლების ნახვის შემდეგ გამოაცხადებენ. ამავე დღეს გაიმართება პრესკონფერენცია, რომელშიც ყველა კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას. იგი კონკურსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ონლაინ–ფორმატში ჩატარდება.

ეპიდემიური ვითარების გამო „საბავშვო ევროვიზია 2020“-ის ფინალი პოლონეთში 29 ნოემბერს ტელეხიდის ფორმატში გაიმართება. პროფესიული გუნდი და წამყვანები ვარშავის სტუდიაში განთავსდებიან, ხოლო ყოველი მონაწილე თავისი ქვეყნის სტუდიიდან იმღერებს.

კონკურსის სამართლიანობისა და ყველა არტისტის ღირსეული წარდგენის მიზნით ევროპის სამაუწყებლო კავშირის (EBU) წევრები ყველა მოედანზე სცენის ერთნაირ გეგმარებას და ტექნიკურ განათებას გამოიყენებენ. 

მე-18 ფესტივალის სლოგანია Move the world! („აამოძრავე მსოფლიო“). კონკურსის ფინალში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები 12 ქვეყნიდან: საქართველოდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ყაზახეთიდან, მალტიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, სერბეთიდან, უკრაინიდან და საფრანგეთიდან.

წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone. გადელიას საკონკურსო სიმღერაზე იმუშავა კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეშვიდე ნომრად გამოვა.

კონკურსის ფინალს ქართველი მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ კვირას, 29 ნოემბერს, 20:00 საათიდან იხილავს.

2019 წელს პოლონეთის ქალაქ გლივიცაში გამართულ „საბავშვო ევროვიზია 2019“-ზე საქართველო წარადგინა 13 წლის გიორგი როსტიაშვილმა სიმღერით „გვინდა გვიყვარდეს“ (We need love) და კონკურსში მე-14 ადგილი დაიკავა. კონკურსის გამარჯვებული პოლონელი ვიკი გაბორი გახდა.

საქართველო „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.

21
იაპონია

იაპონიაში ქართული ანიმაციური ფილმი ფესტივალის პრიზიორი გახდა

64
(განახლებულია 20:23 24.11.2020)
ჰოკაიდოს შემდეგ ქართველი რეჟისორის მულტიპლიკაციურ ფილმს სლოვენიის ანიმაციურ საერთაშორისო ფესტივალზე უჩვენებენ.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ქართველი რეჟისორის მარიამ კაპანაძის ანიმაციურმა ფილმმა „მიტოვებული სოფელი“ ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მიიღო. 

ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2014 წელს დაარსდა. წელს ჩვენება 20–23 ნოემბრის პერიოდში გაიმართა.

ფესტივალზე ფილმები 91 ქვეყნიდან წარადგინეს. ორგანიზატორებმა სხვადასხვა კატეგორიაში 2 ათასზე მეტი ფილმიდან 100 საკონკურსო ფილმი შეარჩიეს.

აღსანიშნავია, რომ ჰოკაიდოს ფესტივალზე ქართული მულტფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა. ანიმაციური ფილმის ჩვენება მალე ასევე გაიმართება სლოვენიის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, რამდენადაც იგი კინოფორუმის საკონკურსო პროგრამაშია შესული.

„მიტოვებული სოფელი“ 2018 წელს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტია, საპროდიუსერო კომპანიაა – საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოძრაობა „კვალი XXI“. მარიამ კაპანაძე ფილმის სცენარის ავტორიცაა.

64
თემები:
საქართველო და კულტურა (988)
კლინიკა

საქართველოში კორონავირუსით ხუთი ათასამდე სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული

0
(განახლებულია 18:25 27.11.2020)
ბოლო თვეებში მედპერსონალის დეფიციტი ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა, ამიტომ პანდემიასთან ბრძოლაში მომიჯნავე სამედიცინო სფეროების სპეციალისტებსაც ჩართავენ

 

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში პანდემიის დაწყების დღიდან კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ათასამდე მედპერსონალია, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, ესაა მიახლოებული ციფრი და ინფიცირებული მედპერსონალის ზუსტი რაოდენობა დადგინდება. მედპერსონალის დეფიციტი დღეს საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა. ამ პრობლემის მოგვარება მოკლე დროში შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა იმ ადამიანური რესურსის გამოყენება, რომელიც დღესდღეობით არსებობს, აღნიშნა გაბუნიამ. 

სპეციალისტებს ანაწილებენ ცხელ წერტილებში. მაგალითად, როდესაც სექტემბერში აჭარაში ეპიდვითარება გაუარესდა, თბილისიდან რეგიონში რეანიმატოლოგები გაემგზავრნენ. ისინი დღემდე იქ მუშაობენ. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს კრიტიკული მედიცინის სპეციალისტების თემა, აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად, ნებისმიერი სპეციალობის ექიმს უფლება აქვს, ჩაერთოს კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში, თუ ეს არ არის კრიტიკული და მძიმე შემთხვევა, ვინაიდან დანარჩენ შემთხვევებში რაიმე განსაკუთრებული უნარები საჭირო არ არის.

 „ოჯახის ექიმებს, თერაპევტებს, კარდიოლოგებს, ნევროლოგებს, ინფექციონისტებს, ქირურგებს შეუძლიათ შემთხვევების მართვაში ჩართვა და ეს ძალიან დაგვეხმარა კოვიდსასტუმროებში დამატებითი პერსონალის, განსაკუთრებით ჰოსპიტალური მუშაობის გამოცდილების მქონე პერსონალის მობილიზების თვალსაზრისით“, – განაცხადა გაბუნიამ.

პირველი დარტყმა მედპერსონალს მიადგა სექტემბერში, როდესაც ბევრი მედიკოსი დაინფიცირდა. მათი დიდი ნაწილი უკვე დაუბრუნდა სამუშაოს. გაბუნიამ ასევე აღნიშნა,  რომ ჯანდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტროსთან. სამხედრო ექიმები ჩართული არიან პაციენტების ნაკადების მართვასა და მონიტორინგში. 

„ისინი პროცესში ჩართული არიან. თავდაცვის სამინისტროს შვიდი ექიმი ადგილებზე პაციენტების ნაკადების მართვაში გვეხმარება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დაქვემდებარებული დაწესებულებისთვის, მათ შორის, რეგულირების სააგენტოსთვის, მანქანები შეიძინა. მისი თქმით, მოცემულ პირობებში მნიშვნელოვანია ინფექციის აქტიური კონტროლი და ავტომობილების შესყიდვა ამ მიზანს ემსახურებოდა.

„ეს იყო ძალიან სასწრაფო საჭიროება. ეს შენაძენი გაკეთდა მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით. საუბარია თითოელ რეგიონზე ერთი მანქანის მობილიზებაზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის საგრანტო პროგრამის დახმარებით, „სასწრაფო დახმარების“ მანქანებისთვის შეძენილი იქნება დამატებითი აღჭურვილობა. 

გაბუნიამ საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილების თემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მომენტისთვის კლინიკებში მკურნალობს 5.577 პაციენტი, მათგან 1.034-ს ინტენსიური თერაპია ესაჭიროება, 360 მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატს. 27 ნოემბერს, დილით, საქართველოს კლინიკებში 421 თავისუფალი ადგილი იყო.

 „მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის გვქონდეს თავისუფალი ადგილები. თუ პაციენტს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება, ის კოვიდ–სასტუმროში უნდა გაიგზავნოს. იქ მუშაობს საკმაოდ კარგად მომზადებული სამედიცინო პერსონალი“, - ხაზი გაუსვა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 4.780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დასაწყისიდან საქართველოში 123 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 102 ათასი, გარდაიცვალა 1161.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში