მარიამ ბონდარენკო

„ცეცხლოვანი, განსაცვიფრებელი“ კონკურსის Ты супер! ჟიური ქართველი მონაწილის შესახებ

52
(განახლებულია 13:24 19.10.2020)
პროექტის Ты супер! ქართველი მონაწილე, 15 წლის მარიამ ბონდარენკო ატირდა მას მერე, რაც კონკურსის მომდევნო ტურში გადავიდა.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო ვოკალური კონკურსის Ты супер! მეოთხე სეზონის მონაწილე თბილისიდან, 15 წლის მარიამ ბონდარენკო წარმატებულად წარდგა პროექტში და ნახევარფინალში გადავიდა.

მარიამმა შეასრულა რიანას სიმღერა Diamonds. ეს გოგონასთვის პირველი გამოსვლა იყო სცენაზე, აქამდე მას არასდროს უმღერია მაყურებლისა და ჟიურის წინაშე.

ჟიურის ოთხივე წევრმა – იგორ კრუტოიმ, დიანა არბენინამ, ალექსეი ვორობიოვმა და იოლკამ მწვანე ღილაკს დააჭირეს ხელი.

პროექტის წამყვანმა ვლადიმირ ტაკმენევმა მოისურვა ქართული სიმღერების დახმარებით საქართველოში აღმოჩენილიყო და მარიამს ქართული სიმღერის შესრულება სთხოვა. მარიამმა შეასრულა ნაწყვეტი სიმღერიდან „იაგუნდი“.

იოლკას თქმით, ის ორივე სიმღერაში ჩაიძირა და დარწმუნებულია, რომ მარიამი მას მომავალშიც გააოცებს.

„მე პირველი სიმღერის დროსაც ჩავიძირე იმიტომ, რომ ეს ის ნადვილი ცეცხლია, ის ტემპერამენტი... დარწმუნებული ვარ, რომ შენ კიდევ გამაკვირვებ და გადამივლი ამ ცეცხლით, ამ ქარიზმით“, – თქვა იოლკამ.

იგორ კრუტოიმ აღნიშნა, რომ დაიბადო საქართველოში – დიდი ბედნიერებაა, რადგან იქ ყველა მღერის.

„ბედნიერებაა – დაიბადო საქართველოში, და რთულიცაა დაიბადო საქართველოში, რადგან საქართველოში ყველა მღერის და მაგრადაც მღერის. შენ გაქვს ტემბრი, შენ გაქვს ემოციები, და შენ გაქვს რაღაცნაირი ენერგეტიკა“, – აღნიშნა კრუტოიმ.

შოუს ბოლოს სწორედ კრუტოიმ დაასახელა მარიამ ბონდარენკო თავის ფავორიტად და, შესაბამისად, კონკურსის მომდევნო ტურში გადაიყვანა.

ალექსეი ვორობიოვმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მარიამი სცენისთვისაა დაბადებული.

„ჟიურის ოთხივე წევრმა, ჩვენ, ყველამ ვიცით, რას ნიშნავს პირველად გამოხვიდე სცენაზე. ეს ისეთი ამაღელვებელია – გამოხვიდე სცენაზე პირველად, როდესაც კამერებია, მაყურებელი, და კიდევ ვიღაც გაფასებს... და ასე იმუშაო, როგორც ეს შენ გააკეთე, ასე თავისუფლად იმოძრაო... ეს ნიშნავს, რომ ეს შენი ადგილია ცხოვრებაში და შენ ამ ადგილზე უნდა იყო“, – მიმართა ვორობიოვმა მარიამს.

დიანა არბენინამ აღნიშნა გოგონას ცეცხლოვანი ტემპერამენტი და განაცხადა, რომ მისი ეს თვისებები დაეხმარება მას გახდეს მომღერალი, თუ ის ამ პროფესიის არჩევას მოისურვებს.

„შენში არის ისეთი ვნებიანი, ცეცხლოვანი ტემპერამენტი და მთლიანად გახსნილი, ღია გული, რომ ეს დაგეხმარება გამოხვიდე მომღერალი, თუ მოისურვებ“, – აღნიშნა არბენინამ.

საერთაშორისო ვოკალური კონკურსი Ты супер! მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ნიჭიერ ბავშვებს აძლევს შანსს, წარმოაჩინონ თავი და დაიპყრონ დიდი სცენა. ახალ სეზონში 58 ბავშვი მონაწილეობს ცხრა ქვეყნიდან, რომლებიც სკოლა–ინტერნატებში, ბავშვთა სახლებსა თუ მიმღებ ოჯახებში ცხოვრობენ. საერთაშორისო კონკურსი Ты супер! ტარდება საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო Sputnik-ის მხარდაჭერით. 

52
თემები:
НТВ-სა и Sputnik-ის საბავშვო ვოკალური კონკურსი Ты супер!" (43)
ფოტოლენტა

საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ისტორია–კინო–ისტორია“ ჩაეშვა

4
(განახლებულია 08:32 20.10.2020)
პლატფორმის პრაქტიკაში გამოყენება მოხდება პროექტის პარტნიორ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, პროექტ „კინოსკოლის“ ფარგლებში.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik.  საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ისტორია–კინო–ისტორია“ დაიწყო, რომელიც ხელს შეუწყობს ისტორიის კინოჩვენებების დახმარებით შესწავლას, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრი. 

წელს ეროვნული კინოცენტრის პროექტმა მედიაპროგრამის კონკურსში „შემოქმედებითი ევროპა“ გაიმარჯვა და გრანტის სახით  205 ათასი ევრო მოიპოვა.   ეს პირველი შემთხვევაა პროგრამასთან თანამშრომლობის მანძილზე, როდესაც საქართველომ, როგორც ლიდერმა ქვეყანამ გაიმარჯვა. კონკურსში სულ 23 პროექტი მონაწილეობდა, რომელთაგან მხოლოდ ხუთმა მიიღო უმაღლესი შეფასება და გამარჯვებულის სტატუსი.

 „ისტორია–კინო–ისტორია“ კინოხელოვნების საგანმანათლებლო პოტენციალის გამოყენების ახალ შესაძლებლობას იძლევა. პროექტის ფარგლებში მასალები შეიქმნება ორი მიმართულებით: მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიის სწავლება ფილმების გამოყენებით და კინოს, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულების, ისტორიის სწავლება.

მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ევროპის ისტორიისა და ევროპული კინოს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს. სწავლის პროცესში გამოყენებული ფილმები თუ სხვა ვიზუალური მასალა გაუადვილებთ მათ ეპოქის აღქმას. 

თანამედროვე ეპოქაში ონლაინ–სივრცე და თხრობის აუდიოვიზუალური ფორმა ყველაზე ხშირად გამოიყენება ინფორმაციის მიღებისა და გავრცელებისთვის. ამ ფაქტის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში შექმნილ სასწავლო მასალებს ექნებათ ვიდეოლექციების სახე (თეორიულ მასალასთან და სავარჯიშოებთან ერთად), რაც განასხვავებს ახალ პორტალს აქამდე არსებული ამ ტიპის სხვა საგანმანათლებლო რესურსებისგან.

პლატფორმის პრაქტიკაში გამოყენება მოხდება პროექტის პარტნიორ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, პროექტ „კინოსკოლის“ ფარგლებში.

ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმაზე მუშაობა ნოემბერში დაიწყება და სამომავლოდ ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

პროექტი „ისტორია-კინო-ისტორია“ (History-Film-History) – ასე ჰქვია ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით შეიქმნება.

4
თემები:
საქართველო და კულტურა
ქარვასლა

თბილისის სცენოგრაფიის მესამე საერთაშორისო ბიენალე ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება

34
(განახლებულია 20:50 19.10.2020)
საერთაშორისო გამოფენა თბილისის ისტორიულ მუზეუმში, ბიენალეს საგანმანათლებლო პროგრამა და საერთაშორისო სიმპოზიუმი კი ონლაინ–რეჟიმში ჩატარდება.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კულტურული ღონისძიება – სცენოგრაფიის მესამე საერთაშორისო ბიენალე თბილისში 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება, იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ფესტივალის მიზანი ახალგაზრდა სცენოგრაფთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება, თეატრალურ და გამომსახველობით ხელოვნებაში თანამედროვე ტენდენციების შესახებ ინფორმაციის გაცვლაა. 

ორგანიზატორებმა ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება გაითვალისწინეს, რის გამოც ღონისძიება შერეულ ფორმატში ტარდება. საერთაშორისო გამოფენა თბილისის ისტორიულ მუზეუმში, ბიენალეს საგანმანათლებლო პროგრამა და საერთაშორისო სიმპოზიუმი კი ონლაინ–რეჟიმში ჩატარდება.

ბიენალეში დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობენ ხელოვანები და სტუდენტები საქართველოდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, კანადიდან, სებეთიდან, პოლონეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, უნგრეთიდან და იტალიიდან.

მოსალოდნელია, რომ პროგრამა Masters Lab-ის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტები თეატრისა და კინოს სცენოგრაფიის, ასევე საკურატორო საქმის, ხმის დიზაინისა და მულტიმედიური ხელოვნების და სხვა თემებზე ონლაინ–ლექციებსა და მასტერ-კლასებს ჩაატარებენ.

რაც შეეხება საერთაშორისო სიმპოზიუმს, იგი სამი დღის განმავლობაში სცენოგრაფიის დარგში პრაქტიკოსებსა და თეორეტიკოსებს გააერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. სიმპოზიუმს სცენოგრაფთა საერთაშორისო ქსელის OISTAT-ის კვლევითი კომისიის თავმჯდომარე, ბრიტანელი პროფესორი ქეით ბარნეტი უხელმძღვანელებს.

თბილისის სცენოგრაფიის მესამე საერთაშორისო ბიენალე ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა, ახალგაზრდული კავშირის, საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით იმართება.

34
თემები:
საქართველო და კულტურა