ქუთაისის ოპერის თეატრი

ქუთაისის ოპერის თეატრის ახალი სეზონი ღია ცის ქვეშ, „არასაოპერო სივრცეში“ გაიხსნება

37
(განახლებულია 14:34 14.10.2020)
ქუთაისის ოპერის თეატრიც არ დაელოდა ოფიციალურ გახსნას და დღეს მაყურებლის წინაშე ერთგანყოფილებიანი კონცერტით წარდგება.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი დღეს 52-ე თეატრალურ სეზონს ხსნის, ნათქვამია თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აგვისტოს ბოლოს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ თეატრები მუშაობის დაწყებას 1 ოქტომბრიდან შეძლებდნენ. თუმცა COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი მატების გამო თეატრების გახსნა 1 ნოემბრამდე გადაიდო.

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, ქუთაისის ოპერის თეატრიც სეზონს გახსნის არა სპექტაკლით, არამედ ერთგანყოფილებიანი კონცერტით, რომელიც ლადო მესხიშვილის თეატრის ეზოში, ღია ცის ქვეშ, ე.წ. მწვანე თეატრში გაიმართება.

კონცერტი, რომლის პროგრამაში მხოლოდ ქართული საოპერო მუსიკაა, დღეს, 14 ოქტომბერს, 16:00 საათზე დაიწყება. მას თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი წარუძღვება.

კონცერტში მონაწილეობენ სოლისტები: ნაირა კიკოლიაშვილი, ფერიდე ჯინჯიხაძე, მარიკა მაჩიტიძე, სოფიო ბერიშვილი, ირმა შავგულიძე, ნათია მელქაძე, რამაზ კუბლაშვილი, არმაზ დარაშვილი, კალისტრატე ხარჩილავა, ბაკურ კვირიკაშვილი, ბადრი სახამბერიძე, ბადრი ადამია, ლაშა თითბერიძე, მიხეილ ქებაძე, ემილ ჩარგაზია. ასევე თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი ნათია გოგუაძე) და ორკესტრი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ირინე ლომინაძე.

„ბრავო“ წარსულს ჩაბარდა: ვენის საოპერო თეატრში პანდემიის გამო ახალი წესები ამოქმედდება>>

ასევე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიც არ დაელოდა ოფიციალურ გახსნას და თავის ერთგულ მაყურებელს წარმოდგენის ალტერნატიული, კორონავირუსის პანდემიის პირობების შესატყვისი ფორმა შესთავაზა. კერძოდ, 15-18 ოქტომბერს ბალეტ „დონ კიხოტის“ 45-წუთიანი ვერსია თეატრის შიდა ეზოში გაიმართება.

37
თემები:
საქართველო და კულტურა (970)
დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსი

თბილისში დარეჯან დედოფლის სასახლის რესტავრაცია დასრულდა - ფოტო

85
XVIII საუკუნეში აგებული დარეჯანის სასახლის შესწავლა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყეს, მათ დაადგინეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სასწრაფო რესტავრაცია სჭირდებოდა,

თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლის - დარეჯანის სასახლის რესტავრაცია დასრულდა, იუწყება თბილისის მერია.

XVIII საუკუნეში აგებული დარეჯანის სასახლის შესწავლა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყეს.

კომპლექსი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

„აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა. სამუშაოების ჩატარებას დაახლოებით წელიწადზე მეტი დასჭირდა. მიხარია, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად განახლდა ეს სივრცე და ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ადგილზე გვაქვს დარეჯანის სასახლე, რომელიც ხვალიდან სტუმრებს მიიღებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ტერიტორია. კერძოდ, ზედა და ქვედა ეზოები მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, მოეწყო ბორდიურები, ასევე, სანიაღვრე არხები ლითონის ცხაურებით და ჭებით. სასახლის ეზო და ციხის ტერასები გაზონები რულონური ბალახით და სხვადასხვა ხე-მცენარეებით გამწვანდა, ასევე მოეწყო სარწყავი სისტემა. დამონტაჟდა ლამპიონები, რესტავრაცია ჩაუტარდა ლითონის ჭიშკარს და მოაჯირებს.

აღდგა მეფე ერეკლეს აბანო. დაზიანებულ შენობას ჩაუტარდა კონსტრუქციული გამაგრება, აღდგა აბანოს არქიტექტურული იერსახე, აგურის წყობის კამარების რესტავრაციით, ჰიდროსაიზოლაციო ფენილის მოწყობით, დამონტაჟდა შესასვლელი ხის კარი, დაიგო აგურის იატაკი.

განხორციელდა კომპლექსის გალავნის სარესტავრაციო სამუშაოები: გალავნის რესტავრაცია შესრულდა აგურის წყობის ღარების შევსებით და ქართული აგურის წყობით კირის დუღაბზე; კედლების დაზიანებული ადგილები აღდგა ქვით და ქართული აგურით კირხსნარზე; მიწისქვეშა წყლების გასატარებლად მოეწყო სადრენაჟო მილები; გალავნის კედლებსა და ბურჯებზე დამონტაჟდა მინათების სისტემა.

სარესტავრაციო სამუშაოებისას გამოვლინდა არქეოლოგიური ნაშთები, მათ შორის, გალავნის ფრაგმენტები, რომელიც არქეოლოგების მიერ შესაბამისი წესების დაცვით გაიწმინდა და შენარჩუნდა.

პროექტის ფარგლებში შესრულდა ფერისცვალების დედათა მონასტრის XVIII საუკუნის ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები.

სარესტავრაციო სამუშაოები სამშენებლო კომპანიის - „იკორთა 2007“ -მა შეასრულა. პროექტის ბიუჯეტმა 1 147 000 ლარი შეადგინა.

დარეჯანის სასახლე ავლაბარში, ღვინის აღმართზე მდებარეობს. აშენდა 1776 წელს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორის ბრძანებით მისი მეუღლე დარეჯან დედოფლისათვის (1734 – 1807). ეს იყო მდიდრული სასახლე, რომლის ტერიტორიაზეც იმავე პერიოდში აღიმართა კარის ეკლესია. აღსანიშნავია, რომ ტაძრის არქიტექტურა ირანულ ელემენტებსაც შეიცავს.

სასახლე და ეკლესია ნაწილობრივ დაინგრა XVIII საუკუნის ბოლოს, აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას. დედოფლის სანქტ-პეტერბურგში გადასახლების შემდეგ, 1807 წელს, ეგზარქოსმა თეოფილაქტემ ტაძართან საკვირაო სკოლა და სასულიერო სემინარია გახსნა. 1824 წელს აქ ამოქმედდა დედათა მონასტერი, 1862 წელს კი - სემინარია სასულიერო პირთა შვილებისთვის. 2001 წელს ეკლესიის საკურთხეველი ხელახლა მოიხატა. ამჟამად კი აქ დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.

85
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ასტრიდ ლინდგრენის პრემიით დაჯილდოების ცერემონია

ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე 2021 წელს ოთხი ქართველი საბავშვო მწერალია წარდგენილი

25
(განახლებულია 19:51 26.10.2020)
საბავშვო ლიტერატურის დარგში პრესტიჟული პრემიის პრეტენდენტი წელს სულ 69 ქვეყნის 263 წარმომადგენელი გახდა.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საქართველომ ცნობილი შვედი საბავშვო მწერლის ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე 2021 წლისთვის ხუთი ნომინანტი წარადგინა. ნომინანტების ვინაობა პრემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ესენი არიან საბავშვო ავტორები ირმა მალაციძე, მარიამ წიკლაური, ბონდო მაცაბერიძე, თეა თოფურია, ასევე წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ნიქოზის ხელოვნების სკოლა.

ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის პრემია (Astrid Lindgren Memorial Award) არის შვედური პრემია მიღწევებისთვის საბავშვო ლიტერატურაში, რომელიც შვედეთის მთავრობამ 2002 წელს დააწესა. პრემია გაიცემა ყოველ წელს, საპრიზო ფონდი 5 მილიონ შვედურ კრონს (ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტს) შეადგენს. 

პრემია გაიცემა არა მხოლოდ საბავშვო ლიტერატურის სფეროში მიღწევებისთვის, არამედ ასევე კითხვის პროპაგანდის საქმიანობისთვის.

პრესტიჟული პრემიისთვის 69 ქვეყნის 263 მონაწილეა წარდგენილი. ლაურეატებს 2021 წლის 13 აპრილს დაასახელებენ.

ნომინანტებს საქართველოდან, ტრადიციულად, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკა წარადგენს.

მარიამ წიკლაური არაერთი საბავშვო წიგნის ავტორი და მთარგმნელია. არის რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის მფლობელი, რომელთა შორისაა „შოთაობა“, „საგურამო“, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია და სხვ. მარიამ წიკლაურის პოეზია და თარგმანები ჩართულია ბევრ ქართულ და უცხოურ კრებულებსა და სახელმძღვანელოებში.

თეა თოფურია ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი და რედაქტორია. დაიბადა 1977 წელს სოხუმში. 1998 წლიდან მუშაობს ჟურნალისტიკაში, აშუქებს ადამიანის უფლებებთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ თემებს. არის მრავალრიცხოვანი ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი. მისი საბავშვო წიგნის „წყალდიდობა ზოოპარკში" გერმანულმა თარგმანმა, რომელიც თბილისში მომხდარი წყალდიდობის რეალურ მოვლენებს ეფუძნება, გერმანიაში ლიტერატურული ჯილდო მიიღო.

ბონდო მაცაბერიძე ცნობილი ქართველი საბავშვო მწერალია. წარმოშობით სამტრედიიდან არის. აქტიური ლიტერატურული მოღვაწეობა 1990-იანი წლებიდან დაიწყო. ის ავტორია ცნობილი ზღაპრებისა და კრებულებისა: „ზღაპრები ბექნა ბიჭზე", „ზღაპრები თეკლა გოგოზე", „ზადო და ბადო", „ზღაპარი თუსიზე და კიდევ ტუსიზე" და სხვ. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, გერმანულ, თურქულ, ირანულ და სხვა მრავალ ენაზე. მაცაბერიძე ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე 2018 წელსაც იყო ნომინირებული.

თბილისში საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ>>

ირმა მალაციძე საბავშვო მწერალი, ჟურნალისტი და მთარგმნელია. დაიბადა 1968 წელს ხაშურში. ის საბავშვო ლიტერატურის ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. მუშაობდა ჟურნალისტად საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოსა და გაზეთში. პირველი გამარჯვებულია კონკურსის „ახალი სახეები ქართულ საბავშვო ლიტერატურაში“. არის კონკურსების „პენ–მარათონისა“ და „ლუარსაბ თათქარიძის“ ფინალისტი, „საბას“ ნომინანტი.

2020 წელს ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ლაურეატი გახდა მწერალი და მხატვარი სამხრეთ კორეიდან პეკ ხინა.

25
თემები:
საქართველო და კულტურა (970)
ავტობუსის კონტროლიორი

თბილისში კორონავირუსი ავტობუსის კონტროლიორს დაუდასტურდა

0
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ავტობუსის კონტროლიორი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ავტობუსის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ავტობუსის კონტროლიორი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მათი თქმით, კონტროლიორს მგზავრებთან შეხება არ ჰქონია, ის ათი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„კონტროლიორები მუშაობენ განრიგით, ის არ მუშაობდა, როცა თავი იგრძნო შეუძლოდ, ათი დღის განმავლობაში იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. ამ პერიოდში მან ჩაიტარა ტესტირება და დაუდასტურდა ვირუსი. მას არ ჰქონია შეხება არც თანამშრომლებთან და არც მგზავრებთან. რამდენადაც ვიცი, მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიურმა მაჩვენებელმა თითქმის 2000-ს მიაღწია.

საქართველოში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1824-ით გაიზარდა და 32127-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში