ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

საქართველო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე წარდგება

58
(განახლებულია 21:32 06.10.2020)
2020 წელს ფრანკფურტის ფესტივალზე, რომელიც ვირტუალურ სივრცეში გაიმართება, საქართველო ორი ღონისძიებით იქნება წარმოდგენილი.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წარდგება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ვირტუალურ სივრცეში, მოკრძალებული ლიტერატურული პროგრამით გაიმართება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა წელს უჩვეულო ციფრულ ფორმატში ჩატარდება, ბაზრობის დირექტორმა იურგენ ბოოსმა გაავრცელა. 

„მოგზაურობებთან დაკავშირებით ამ დროისთვის მოქმედი შეზღდვებიდან გამომდინარე, ბევრი ტრადიციული სტენდი, სადაც სხვადასხვა ქვეყნების გამომცემლობები საკუთარ პროდუქციას წარადგენენ, გეგმის შესაბამისად ვერ განხორციელდება. ახლა ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ვირტუალურ წინადადებებსა და ღონისძიებებზე საფესტივალო დარბაზსა და ქალაქში“, – განაცხადა ბოოსმა სამშაბათს.

და, მაინც, მსოფლიოში უმსხვილესი წიგნის ფორუმი 14-დან 18 ოქტომბრის პერიოდში მაინც გაიმართება. ფრანკფურტსა და გერმანიის სხვა ქალაქებში ჩატარდება პრეზენტაციები, მწერლებთან შეხვედრები, სხვადასხვა კონფერენციები.

ბაზრობის ამ ნაწილის სახელწოდება იქნება Bookfest City – მთლიანობაში ასეთი დაახლოებით ასი გაიმართება. გარდა ამისა, ძალიან ბევრის ნახვა იქნება შესაძლებელი ინტერნეტში. ორგანიზატორებმა ამ ნაწილს დაარქვეს Bookfest Digital.

რაც შეეხება საქართველოს, ფესტივალში მის მონაწილეობას ორგანიზებას უწევს საქართველოს მწერალთა სახლი, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 2020 წელს ფრანკფურტის ფესტივალზე საქართველო ორი ღონისძიებით იქნება წარმოდგენილი. 

15 ოქტომბერს, 20:00 საათზე (გერმანიის დროით) Bookfest City-ს ფორმატში სასტუმრო Roomers Frankfurt-ში საკუთარ წიგნს Mohnfelder წარადგენს გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერალი იუნონა გურული.

17 ოქტომბერს, 15:20 საათზე (გერმანიის დროით) Bookfest Digital-ის ფორმატში საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ონლაინ–რეჟიმში საქართველოს და ქართული ლიტერატურის შესახებ ქართველი მწერლების მონაწილეობით გადაღებული მოკლე ფილმის ჩვენება გაიმართება.

ფილმში მონაწილეობენ ავტორები – ზურაბ ქარუმიძე, სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, დავით გაბუნია და არჩილ ქიქოძე. ავტორების თქმით, ფილმი ერთგვარი მცდელობაა – უფრო მეტი ითქვას თბილისზე, საქართველოზე, მის ეთნო-რელიგიურ-კულტურულ მრავალფეროვნებაზე.

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა.

58
თემები:
საქართველო და კულტურა (975)
მაია მახათელი

ქართველი ბალერინა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მოცეკვავედ აღიარეს

426
(განახლებულია 16:53 30.10.2020)
აბსოლუტური ლიდერის წოდებისთვის ქართველ ბალერინას ახლა „დიდი თეატრის“ მოცეკვავეებთან მოუწევს პაექრობა.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი ბალერინა მაია მახათელი, საერთაშორისო ჟურნალ Dance Europe-ის ვერსიით, რომელიც 1995 წლიდან ლონდონში გამოდის, ერთ-ერთ საუკეთესო მოცეკვავედ დასახელდა.

ახლა წოდებისთვის „2020 წლის საუკეთესო მოცეკვავე“ ქართველ ბალერინას რუს კოლეგებთან „დიდი თეატრიდან“ – მარია ალექსანდროვასთან და ვლადისლავ ლანტრატოვთან მოუწევს კონკურენცია.

მახათელის ან სხვა კანდიდატისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის 31 ოქტომბრამდე ელექტრონულ ფოსტაზე media@danceeurope.net უნდა გაიგზავნოს რჩეული მოცეკვავის სახელი და გვარი.

მაია მახათელი თბილისში დაიბადა, ცეკვა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დაიწყო. 2002 წელს სწავლა დაამთავრა გერმანიის საერთაშორისო საბალეტო სკოლაში (International Ballet School).

2002 წელს მახათელი კოლორადოს ბალეტში მიიღეს, 2006 წელს გადავიდა ბირმინგემის სამეფო ბალეტში სოლისტის რანგში. 2007 წლიდან ის ნიდერლანდების ეროვნულ ბალეტში მუშაობს, ხოლო 2010 წლიდან თეატრის პრიმა–ბალერინაა.

მაია მახათელს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო საბალეტო გალა–კონცერტში, მიწვეული ბალერინის სტატუსით გამოდიოდა აშშ-ის, იაპონიის, ჩეხეთისა და რუსეთის თეატრების სპექტაკლებში. არის საქართველოში, რუსეთსა და აშშ-ში გამართული საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი.

426
თემები:
საქართველო და კულტურა (975)
დიზაინერი Salome. მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi მოდის მოყვარულებს ონლაინ–ჩვენებას სთავაზობს

53
(განახლებულია 18:25 29.10.2020)
თავიანთ ახალ კოლექციებს მთელ მსოფლიოს ვირტუალურ სივრცეში საქართველოს ყველაზე საინტერესო დიზაინერები და ბრენდები აჩვენებენ.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა მოდის სამყაროში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ონლაინ–ფორმატში 19–22 ნოემბერს გაიმართება, წერს Hammock Magazine.

კვირეულში მონაწილეობისთვის უკვე შერჩეულია ოცი დიზაინერი, რომლებიც მსოფლიო აუდიტორიას თავიანთ ბოლო კოლექციებს შესთავაზებენ. ონლაინ–პლატფორმა Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ჩატარების დღეებში იქნება ხელმისაწვდომი და მასზე ნებისმიერი მსურველი შეძლებს მთელი მულტიმედიური კონტენტის, დიზაინერების ბლოგების, ინტერვიუებისა და კულისებს მიღმა მომენტების ნახვას.

გარდა ამისა, COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-მ Georgia Fashion Foundation-თან თანამშრომლობით დააფუძნა Factory – Art & Culture Center, რომელიც ხელოვნებისა და კულტურის მთავარი ცენტრი გახდება.

ახალი სივრცე Coca-Cola-ს ყოფილ ფაბრიკაში მოეწყობა. ამ კონცეფციის მონაწილეები იქნებიან დიზაინერები, ფოტოგრაფები და მხატვრები. ყველა შეძლებს საკუთარი ნამუშევრების გამოფენას გალერეაში, საგამოფენო პროექტების ორგანიზებას, სახელოსნოებში მუშაობას. პროექტის მიზანია საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიის დახმარება.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო დარგის გავლენიანი წარმომადგენლების შემადგენლობით, რომელიც ადგილობრივ ბრენდებს ეკონომიკური არასტაბილურობის პერიოდში განვითარებაში დაეხმარება. ამ საბჭოს წევრებს შორის არის ქართული წარმოშობის ცნობილი დიზაინერი David Koma (დავით კომახიძე).

დავეხმაროთ ხელოვნებას: საქართველო შეუერთდა კამპანიას Culture is not cancelled>>

Mercedes-Benz Fashion Week – ესაა მოდის საერთაშორისო კვირეულების სერია, რომელიც Mercedes-Benz-მა დააარსა. ის ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის – რუსეთში, გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთში, ავსტრალიაში და სხვ.

53
თემები:
საქართველო და კულტურა (975)
ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს აქტიურ კონსულტაციებს მთავრობის ფორმირებაზე

0
ოთხივე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო.

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციური ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მთავრობის ფორმირებისთვის ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს, განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ყველა ეგზიტპოლის შემაჯამებელი მონაცემები ცნობილია >>

ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. ეგზიტპოლების მონაცემებით, ბლოკმა „ძალა ერთობაშია“, რომლის ლიდერია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ამომრჩეველთა ხმების 24%-დან 33%-მდე მოიპოვა. ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ – 40%-დან 54%-მდე.

უდუმაშვილის თქმით, წინასწარი დათვლის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს.

„არა მხოლოდ სანდო ეგზიტპოლებით, არამედ წინასწარი დათვლის შედეგებითაც უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ არის უმცირესობაში და ოპოზიცია იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში. ახლა მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლის პროცესი საარჩევნო უბნებზე და „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო გაყალბების მცდელობის მეორე ტალღა“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი განცხადებით, ოპოზიცია იწყებს აქტიურ კონსულტაციებს მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, მათ შორის მთავრობის ფორმირებაზე.

ოთხივე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო. თუმცა,  ოპოზიციური ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის ხმები მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის.

მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების არანაკლებ 50% სჭირდება,  წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციას თეორიულად შეუძლია შექმნას კოალიცია და მთავრობის ფორმირების უფლება მიიღოს, „ქართული ოცნება“ კი უმცირესობაში აღმოჩნდება.

არჩევნებში 55 პარტია მონაწილეობდა, მათგან შვიდი ორ ბლოკში – „ძალა ერთობაშია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. პირველ ბლოკში გაერთიანებული იყო ხუთი პარტია, მეორეში ორი.

პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%–ს შეადგენდა, ბლოკებისთვის იმდენი პროცენტი, რამდენი პარტიაც შედის ბლოკში. ექსპერტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ ახალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.

პარლამენტში 120 ადგილისთვის პროპორციული სისტემით პარტიებიდან და ბლოკებიდან 6 880 კანდიდატი იბრძვის – 1 ადგილზე 57 ადამიანია პრეტენდენტი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით საკანონმდებლო ორგანოში სამი პარტია შევიდა.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020