ხელნაკეთი სუვენირები

საქართველოში 10-17 ოქტომბერს ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ონლაინ–ფესტივალი იმართება

62
(განახლებულია 19:26 05.10.2020)
ფესტივალის მთავარ ამოცანას, ტრადიციული რეწვის ნიმუშების გაყიდვად პროდუქტად ქცევის გარდა, ვიზიტორებისთვის ახალი საინტერესო სერვისების შექმნა წარმოადგენს

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია 10-17 ოქტომბერს, USAID/Zrda-ს მხარდაჭერით, „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ონლაინ ფესტივალს“ გამართავს, იუწყება ქართული მასმედია.

ფესტივალი, რომელიც წელს მესამედ იმართება, ტრადიციული ხელობების ტექნიკის დოკუმენტალიზაციას, პოპულარიზაციას და ფართო საზოგადოებაში ოსტატების ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

ფესტივალი, წინა წლებისგან განსხვავებით, კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ–რეჟიმში გაიმართება.

ფესტივალი სოციალური მედია-კამპანიის სახით ჩატარდება, რაც 4-6 წუთიან ვიდეო-მასტერკლასებს (ქვაზე კვეთა, კერამიკული მარნის დამზადება, ზარის ჩამოსხმა, თელვა, ჩითის და ფარდაგის ქსოვა, ინკრუსტაცია, ტიხრული მინანქარი და სხვა), ონლაინ–შეხვედრებს და სემინარებს მოიცავს.

სახელოსნოების ონლაინ–ფესტივალი/International Festival of Crafts Workshops ჩატარდება სოციალური Facebook-გვერდებზე: Craftsworkshopfestival, Heritage.craft2015.

მნიშვნელოვანია, რომ კამპანიის ნაწილი გაზიარდება ლონდონის რეწვის კვირეულის ფარგლებში გამართული Create Day-ის პლატფორმაზე www.createday.org, ასევე საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციების Michelangelo Foundation და World Crafts Council/Europe-ის სოციალურ ქსელებზე.

ფესტივალის მთავარ ამოცანას, ტრადიციული რეწვის ნიმუშების გაყიდვად პროდუქტად ქცევის გარდა, ვიზიტორებისთვის ახალი საინტერესო სერვისების შექმნა წარმოადგენს. კერძოდ, მნიშვნელოვანია, ოსტატების სახელოსნოებში გაიზარდოს ვიზიტორთა ჩართულობა და აქტივობა.

62
თემები:
საქართველო და კულტურა (968)
ლუკა ჩიქოვანის

ქართველი მსახიობი იტალიურ ფილმში იულიუს კეისრის როლს შეასრულებს

107
(განახლებულია 23:24 23.10.2020)
ჩიქოვანის გვარი მართლაც იტალიურად ჟღერს! ყოველ შემთხვევაში ფილმ „ბედნიერი ლაზარეს“ შემდეგ ქართველ მსახიობს ძალიან უმართლებს

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ქართული წარმოშობის ახალგაზრდა იტალიელ მსახიობ ლუკა ჩიქოვანს რეჟისორ ჯოვანი ტროილოს ფილმში „რომის ძალა“ (Рower of Rome) გადაიღებენ.

ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ ჩიქოვანი შეასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს - ეს არის გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი მსახიობმა თავის Instagram-ზე გამოაქვეყნა და რამდენიმე ფოტოც დაურთო.

„ეს იყო საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა - შეასრულო იმპერატორ ავგუსტუსის როლი, და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ მოგეწონებათ ამ სასწაული როლის ჩემი შესრულება. ეს ჩემთვის უზარმაზარი პატივია! ედოარდო ლეოსთან და დიდ რეჟისორ ჯოვანი ტროილოსთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო“, - წერს ლუკა.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩიქოვანის კინოში პირველი როლი არაა. ადრე ის გადაიღეს იტალიელი რეჟისორის, ალიჩე როხვალერის ფილმში „ბედნიერი ლაზარე“. სრულმეტრაჟიანმა ფილმმა კანის ფესტივალზე პრიზი საუკეთესო სცენარისთვის მიიღო.

ლუკა ჩიქოვანი დაიბადა თბილისში, ხოლო ექვსი წლიდან დედასთან ერთად გადავიდა იტალიაში, სადაც დღემდე ცხოვრობს და მუშაობს. ჩიქოვანი საკმაოდ მრავალმხრივი ადამიანია, პერიოდულად იყო მოდელის, მსახიობის და მომღერლის აპმლუაში.

107
თემები:
საქართველო და კულტურა (968)
მშვიდობის თაღი

კულტურის პოპულარიზაცია: განათლების სამინისტრო და  ფონდი „ათინათი“ თანამშრომლობას იწყებენ

39
(განახლებულია 21:01 23.10.2020)
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციის მიზნით საქველმოქმედო ფონდი სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებს.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრო ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით საქველმოქმედო ფონდ „ათინათთან“ თანამშრომლობას იწყებს, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, ფონდ „ათინათთან“ თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურისა და ხელოვნების ცნობადობის გაზრდისა და სხვადასხვა პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.

ასევე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციის მიზნით, ფონდი მოამზადებს სხვადასხვა შემეცნებით ვიდეორგოლს და სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას „ათინათის“ მედიაპლატფორმაზე და სოციალურ ქსელში განათავსებს.

განათლების სამინისტრო ფონდ „ათინათთან“ განათლების სფეროშიც ითანამშრომლებს. მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები უკვე განიხილეს.

შესაბამის მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა და ფონდის დირექტორმა ანა ალავერდაშვილმა მოაწერეს.

ფონდი „ათინათი“ არაერთ კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა საგანმანათლებლო პროექტი საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ქართველი ბავშვებისთვის, რომელიც ქართული ენის შესწავლის მიზნით ანიმაციური კურსის შექმნას გულისხმობს.

39
თემები:
საქართველო და კულტურა (968)
ლიანა ჯოჯუა

ლიანა ჯოჯუამ ბრძოლა ვეღარ გააგრძელა - ამერიკელმა მას ცხვირი გაუტეხა

0
ქართველმა სპორტსმენმა UFC-ს ეგიდით უკვე სამი ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც ორი წააგო, ერთი მოგებით დაასრულა

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი სპორტსმენი ლიანა ჯოჯუა („ძუ მგელი“) დამარცხდა ამერიკელ მირანდა მავერიკთან UFC-ს (Ultimate Fighting Championship) ტურნირზე, რომელიც ამ დღეებში აბუ-დაბიში იმართება.

მსაჯებმა ბრძოლა პირველივე რაუნდში გააჩერეს, რადგან ამერიკელმა ჯოჯუას ცხვირი გაუტეხა. ქართველი სპორტსმენი ბრძოლის გაჩერების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ ტრავმა ძალიან სერიოზული აღმოჩნდა.

„სამწუხაროდ, ასეც ხდება. ბრძოლის გაგრძელება მინდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მომეცა“, - დაწერა ჯოჯუამ თავის Instagram-ზე.

ბრძოლის დაწყებისთანავე მავერიკმა ხელის სიგრძეში უპირატესობა მოიპოვა. ჯოჯუას რამდენიმე მცდელობა ჰქონდა ფეხებში შეებოჭა მეტოქე, მაგრამ ყოველ მცდელობისას თავში პირდაპირი დარტყმა მიიღო. ერთ-ერთ ეპიზოდში კი იდაყვით ხისტი დარტყმა მიიღო, რომელიც ცხვირის გატეხვის მიზეზი გახდა. ექიმებმა ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს და ჯოჯუას ტექნიკური ნოკაუტი ჩაეთვალა.

ჯოჯუასთვის ეს UFC-ს ეგიდით მესამე ბრძოლა იყო, საიდანაც მან ორი წააგო, ერთი მოგებით დაასრულა.

0
თემები:
სპორტის ამბები