ინდოეთი

ქართული ფილმი „შინდისი“ ინდოეთში ფესტივალის პრიზიორი გახდა

67
(განახლებულია 12:55 11.09.2020)
ფილმი „შინდისი“, რომელმაც ქართველ კინემატოგრაფისტს გამარჯვება მოუტანა, საქართველოდან წარდგენილი იყო „ოსკარზე" ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი", მაგრამ პრემიის შორტ-ლისტში ვერ მოხვდა.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა კინემატოგრაფისტმა ლევან კუხაშვილმა ინდოეთში XIX საერთაშორისო ფესტივალზე Imagine India დიმიტრი ცინცაძის ფილმისთვის „შინდისი“ მონტაჟის საუკეთესო რეჟისორის წოდება მიიღო.

ფესტივალი Imagine India მიზნად ისახავს ინდური ფილმების პოპულარიზაციას ინდური კულტურის უკეთ გაგების მიზნით; თანამშრომლობის გაღრმავებას ინდოეთის სუბკონტინენტს, აზიის დანარჩენ ნაწილსა და ესპანეთს, ასევე ევროპის კავშირს შორის.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ოპერატორის ნომინაციაში ფილმისთვის „შინდისი“ ასევე იყო წარდგენილი მინდია ესაძე, თუმცა გამარჯვება ერგო რუს ოპერატორ იგორ გრინიაკინს ფილმისთვის „ძმობა“.

ფილმი „შინდისი" მოგვითხრობს სოფლის ისტორიას, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომი გადაიტანა. ფილმი ეფუძნება რეალურ ისტორიას, მოგვითხრობს გლეხების თავდადებაზე და დაღუპული გმირების ხსოვნას ეძღვნება.

ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც „შინდისს“ გადაეცა გრან-პრი, ხოლო დიმიტრი ცინცაძეს – ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისორი“. ფილმი ასევე გახდა აზიური კინოს საერთაშორისო ფესტივალის პრიზიორი, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა.

გარდა ამისა, „შინდისი“ იყო საქართველოდან წარდგენილი „ოსკარზე" ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი", მაგრამ პრემიის შორტ-ლისტში ვერ მოხვდა.

67
თემები:
ქართული კინო (101)
ორბელიანის მოედანი

პანდემიის მიუხედავად: თბილისში ახალგაზრდული ფესტივალი „თაობა“ გაიმართება

43
საერთაშორისო ღონისძიებაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით წელს მხოლოდ ქართველი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისში 25-30 სექტემბერს საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ გაიმართება, ამ ინფორმაციას ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი - საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ავრცელებს.

საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წელს მესამედ ჩატარდება, თუმცა ამჯერად კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით ღონისძიებაში მხოლოდ ქართველი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალის ფარგლებში 13-18 წლის ახალგაზრდებისთვის გაიმართება 4 სრულმეტრაჟიანი და 21 მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმების ჩვენება ეროვნული სასახლის, ეროვნული მუზეუმისა და მზიურის განახლებული პარკის ტერიტორიაზე. ფესტივალის პროგრამა მოიცავს ასევე მასტერკლასებს, ლექციებსა და დისკუსიებს.

ღონისძიება კინოხელოვნებით დაინტერესებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას დაესწრონ პროფესიულ დრამატურგიისა და რეჟისურის მასტერკლასებს პროექტის „თაობის აკადემია“ ფარგლებში ბოლნისის მუზეუმი.

ნანა ჯორჯაძის ფილმმა „ბოცვრის თათი“ რუსეთში ჯილდო მოიპოვა >>

ფესტივალი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად დაწესებული რეგულაციების დაცვით ტარდება, რის გამოც შემცირებულია როგორც მონაწილეთა, ასევე აქტივობების რაოდენობა.

„ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია. საფესტივალო სივრცეები ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით, ღია ცის ქვეშ იმართება. სავალდებულოა იქონიოთ პირბადე და დაიცვათ სოციალური დისტანცია“, - მოუწოდებს სტუმრებს ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი „კინოკლუბი ორბელიანზე“.

პროექტის მხარდამჭერები: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

 

43
თემები:
ქართული კინო (101)
ცისფერი გალერეა

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა

135
ეს ფერმწერი საოცრად ხატავს ზამთრის პეიზაჟებს - მისი ნახატები ერთი შეხედვით ფოტოებში შეიძლება აგერიოთ

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, „ზამთრის მხატვრის“ - გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა.

დამთვალიერებლები შუქჩრდილის ვირტუოზული „თამაშით“ განთქმული ოსტატის სხვადასხვა ნამუშევრებს ნახავენ. დოლენჯაშვილის ნახატები, რომლებსაც ის უბრალო ფანქრით ხატავს, იმდენად რეალისტურად არის შესრულებული, რომ ბევრს ფოტოები ჰგონიათ.

„შუქჩრდილი ფანტასტიკურია, არის შეგრძნება, თითქოს მთვარის შუქი თვალს ჭრის. მის ნამუშევრებში სილამაზის სივრცეები ერთდროულად არსებობს - მაყურებელი მაკროსამყაროდან მიკროსამყაროში ხვდება, თანაც ისე, რომ სუნთქვა ჩერდება. კოსმიურად მშვენიერი ზეციდან - იმერელი გლეხის ურმამდე, თიხის ქოთნის უმცირეს ბზარამდე. ტოტებზე დადებული საოცრად რეალური თოვლიდან - კვლავ განუსაზღვრელი სიმაღლის ზეცაში, მთვარისკენ, კოსმოსში“, - წერს დოლენჯაშვილის შესახებ მოსკოველი ხელოვნებათმცოდნე რაისა ნესტერენკო.

გამოფენა 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გურამ დოლენჯაშვილი 1943 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საქართველოს დამსახურებული მხატვარია, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები იყო გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, არგენტინაში, ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, ვიეტნამში, გერმანიაში, ინდოეთში, ერაყში, კვიპროსში, კუბაში, მექსიკაში, მონღოლეთში, ნიდერლანდებში, ნიკარაგუაში, პოლონეთში, რუმინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, იუგოსლავიასა და იაპონიაში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები ასევე ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში და მსოფლიოს მრავალ მუზეუმში.

135
თემები:
საქართველო და კულტურა
ნადირობა

საქართველოში  უკანონო ნადირობის 304 შემთხვევა გამოვლინდა

0
(განახლებულია 13:20 25.09.2020)
უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი-230  შემთხვევა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 

საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნა. არემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის ფარგლებში ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.

უწყების ცნობით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 230  შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა.  რაც შეეხება დედაქალაქს, აქ სამი ფაქტი დაფიქსირდა.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 21, აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე-18, აჭარასა და გურიაში-14, სამეგრელო -ზემო სვანეთში-7. ქვემო ქართლში-6, კახეთში კი 5 ფაქტი გამოავლინეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სპეციალისტებმა შემოწმების დროს 279 ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს. გარდა ამისა, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 20 შემთხვევაში სამართალდამრღვევები დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ, 12 მონადირეს კი დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოაჩნდა. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ – 153 (ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა მყისიერად მოხდეს კანონდარღვევაზე რეაგირება.

საქართველოში ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.

ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან.

ნადირობა ასევე აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

0
თემები:
ჩვენ და ბუნება