ლელა წურწუმია

ვისაც 90-იანები მოენატრა: თბილისში უჩვეულო ფესტივალი ჩატარდება

113
(განახლებულია 23:23 04.09.2020)
სტუმრებს ელოდება შესაბამისი მუსიკა, საყვარელი ჰიტები, გასული საუკუნის ბოლოს ატრიბუტები, სამოსი და ატმოსფერო

თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. 90-იანი წლების სტილში ატმოსფერული ფესტივალი თბილისში Alibi Arena-ს ღია საკონცერტო სივრცეში 19 სექტემბერს გაიმართება, აცნობეს Sputnik-საქართველოს ორგანიზატორებმა.

ჩანაფიქრის ავტორები სტუმრებს პირდებიან თბილ, ნოსტალგიურ და მხიარულ ფესტივალს გასართობი ღონისძიებებით.

ფესტივალის სცენაზე თავის ძველ ჰიტებს შეასრულებენ 90-იანების ვარსკვლავები ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, კაბუ, აჩიკო მეფარიძე, ნინი ქარსელაძე, თიკა ჯამბურია, „ქუჩის ბიჭები“, თემო რცხილაძე, ლექს-სენი და სხვ. წამყვანი კი დუტა სხირტლაძე იქნება.

როგორც აღინიშნა, ფესტივალზე სასურველია იყოს დაცული დრეს-კოდი და ღონისძიებაზე მისვლა 90-იანების სტილის სამოსით.

Alibi Arena-ს საკონცერტო სივრცე , რომელიც 21 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ზემო ფონიჭალაში მდებარეობს. სტუმრებს ორივე მიმართულებით უფასო ტრანსპორტს შესთავაზებენ.

113
თემები:
საქართველო და კულტურა (932)
ცისფერი გალერეა

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა

111
ეს ფერმწერი საოცრად ხატავს ზამთრის პეიზაჟებს - მისი ნახატები ერთი შეხედვით ფოტოებში შეიძლება აგერიოთ

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, „ზამთრის მხატვრის“ - გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა.

დამთვალიერებლები შუქჩრდილის ვირტუოზული „თამაშით“ განთქმული ოსტატის სხვადასხვა ნამუშევრებს ნახავენ. დოლენჯაშვილის ნახატები, რომლებსაც ის უბრალო ფანქრით ხატავს, იმდენად რეალისტურად არის შესრულებული, რომ ბევრს ფოტოები ჰგონიათ.

„შუქჩრდილი ფანტასტიკურია, არის შეგრძნება, თითქოს მთვარის შუქი თვალს ჭრის. მის ნამუშევრებში სილამაზის სივრცეები ერთდროულად არსებობს - მაყურებელი მაკროსამყაროდან მიკროსამყაროში ხვდება, თანაც ისე, რომ სუნთქვა ჩერდება. კოსმიურად მშვენიერი ზეციდან - იმერელი გლეხის ურმამდე, თიხის ქოთნის უმცირეს ბზარამდე. ტოტებზე დადებული საოცრად რეალური თოვლიდან - კვლავ განუსაზღვრელი სიმაღლის ზეცაში, მთვარისკენ, კოსმოსში“, - წერს დოლენჯაშვილის შესახებ მოსკოველი ხელოვნებათმცოდნე რაისა ნესტერენკო.

გამოფენა 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გურამ დოლენჯაშვილი 1943 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საქართველოს დამსახურებული მხატვარია, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები იყო გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, არგენტინაში, ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, ვიეტნამში, გერმანიაში, ინდოეთში, ერაყში, კვიპროსში, კუბაში, მექსიკაში, მონღოლეთში, ნიდერლანდებში, ნიკარაგუაში, პოლონეთში, რუმინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, იუგოსლავიასა და იაპონიაში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები ასევე ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში და მსოფლიოს მრავალ მუზეუმში.

111
თემები:
საქართველო და კულტურა (932)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალგაზრდა ლიტერატორებისთვის კონკურსს ატარებს

35
(განახლებულია 18:44 22.09.2020)
პროექტი განკუთვნილია დამწყები ლიტერატორებისთვის, ხოლო 2020 წლის თემა – ახალ რეალობაში ჩაძირული სამყაროს გავლენაა.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ დაწყება გამოაცხადა. კონკურსი უკვე მეთორმეტედ ტარდება, აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

თსუ-ის და კომპანია Silknet-ის ერთობლივი პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვინც ქმნის პროზაულ ნაწარმოებებს, სურს ლიტერატურული გამოცდილების მიღება, და მათი შემოქმედების საქართველოსთვის გაცნობა.

„ლიტერატურა სოლიდარობისთვის“: მწერლების მხარდასაჭერად ახალი პროექტი იწყება>>

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ. წელს კონკურსი გაფართოვდა და ის კონკურსში მონაწილეობისთვის ასევე პროფსასწავლებლების მოსწავლეებსაც იწვევს.

წლევანდელი კონკურსის კონცეფციაა – ახალი რეალობითა და რეგულაციებით შეცვლილი სამყაროს გავლენა, სადაც თითოეული ადამიანი მარტოა და, ამავე დროს, სამყაროსთან კავშირშია.

„შემოდგომის ლეგენდა“ ორ ეტაპად ტარდება. პირველ ტურში კონკურსანტებმა კონკურსის ონლაინ–აპლიკაციის მეშვეობით უნდა გაგზავნონ საკუთარი ნამუშევრები ჟანრისა და თემისგან დამოუკიდებლად.

შემდეგ ჟიური შეარჩევს ათ მონაწილეს, რომლებიც გადავლენ ფინალურ ტურში და 12 საათის განმავლობაში დაწერენ თავიანთ ნამუშევარს ჟიურის წევრების მიერ წარმოდგენილ თემაზე. ფინალური ტური გაიმართება წინანდალში, ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე.

წელს ცვლილებები შეეხო ლიტერატურული ჟიურის შემადგენლობასაც: დათო ტურაშვილის, თეონა დოლენჯაშვილისა და მაკა ლდოკონენის ტრიოს ორი ახალი წევრი – ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით გაბუნია დაემატება. ჟიურის წევრებს შორის არიან ასევე გასული წლის გამარჯვებული ცოტნე ავსაჯანიშვილი და დავით ქართველიშვილი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და კონკურსში დისტანციურად იმუშავებს.

სტუდენტურ კონკურსში გამოვლინდება სამი გამარჯვებული. ისინი დაჯილდოვდებიან 1000, 700 და 500 ლარის ოდენობის ფულადი პრიზებით თსუ-სგან და Silknet-სგან.

გამარჯვებული ნოემბერში გამოვლინდება.

35
თემები:
საქართველო და კულტურა (932)
აზერბაიჯანის ახალმა ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა

აზერბაიჯანის ახალმა ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა

0
სიგელის გადაცემის ცერემონია კორონავირუსის გამო უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით ჩატარდა - ელჩიც და მინისტრიც პირბადეებით იყვნენ

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. აზერბაიჯანის ახალმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ მინისტრმა აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და მიმართულებები.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფაიგ მაგბეტოღლუ გულიევის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნის ბრძანებას 17 აგვისტოს მოაწერა ხელი. გულიევმა პოსტზე დურსუნ ჰასანოვი შეცვალა.

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება