მეჰენდის ხელოვნება

თბილისში ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

258
(განახლებულია 19:22 13.08.2020)
დღესასწაულზე სტუმრებს ელოდება ინდური და ქართული ხალხური ცეკვები, სიმღერები, ასევე ტრადიციული ინდური მოხატვა ინით

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. მთაწმინდის პარკში 15 აგვისტოს ინდოეთის დამოუკიდებლობის 74-ე დღე აღინიშნება, ნათქვამია ორგანიზატორების Facebook-გვერდზე.

როგორი ამინდი იქნება თბილისში 15 აგვისტოს >>

ღონისძიებას ატარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის" და ინდური კულტურის ცენტრი „ლაკშმი".

„გეპატიჟებით მეგობრებო, რომ იყოთ მისი ნაწილი და დატკბეთ ღონისძიებით: ინდური ცეკვებით, სიმღერით და ასევე ქართული ხალხური ცეკვებით. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ინდური მეჰენდით მოიხატონ ხელი, რომელსაც ინდოელი სტუდენტები გაუკეთებენ მსურველებს“, - პირდებიან ორგანიზატორები.

ინდოეთის დამოუკიდებლობის დღე ყოველწლიურად 15 აგვისტოს აღინიშნება. ინდოეთში მთავარი ცერემონიები ტარდება ნიუ-დელიში, სადაც პრემიერ-მინისტრი წითელი ფორტის თავზე ეროვნულ დროშას აღმართავს, წარმოთქვამს სიტყვას, რომლის ტრანსლაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. პრემიერი იხსენებს მთავრობის მიღწევებს განვლილი წლის განმავლობაში, აყენებს მნიშვნელოვან საკითხებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

ინდოეთის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მნიშვნელოვანი ნაწილია კაშკაშა მსვლელობა, რომელიც წარმოაჩენს ინდოეთის კულტურულ მრავალფეროვნებას, ქვეყნის მიღწევებს მეცნიერებასა და ტექნიკაში, ასევე მის სამხედრო შესაძლებლობებს.

258
თემები:
საქართველო და კულტურა (931)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალგაზრდა ლიტერატორებისთვის კონკურსს ატარებს

23
(განახლებულია 18:44 22.09.2020)
პროექტი განკუთვნილია დამწყები ლიტერატორებისთვის, ხოლო 2020 წლის თემა – ახალ რეალობაში ჩაძირული სამყაროს გავლენაა.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ დაწყება გამოაცხადა. კონკურსი უკვე მეთორმეტედ ტარდება, აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

თსუ-ის და კომპანია Silknet-ის ერთობლივი პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვინც ქმნის პროზაულ ნაწარმოებებს, სურს ლიტერატურული გამოცდილების მიღება, და მათი შემოქმედების საქართველოსთვის გაცნობა.

„ლიტერატურა სოლიდარობისთვის“: მწერლების მხარდასაჭერად ახალი პროექტი იწყება>>

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ. წელს კონკურსი გაფართოვდა და ის კონკურსში მონაწილეობისთვის ასევე პროფსასწავლებლების მოსწავლეებსაც იწვევს.

წლევანდელი კონკურსის კონცეფციაა – ახალი რეალობითა და რეგულაციებით შეცვლილი სამყაროს გავლენა, სადაც თითოეული ადამიანი მარტოა და, ამავე დროს, სამყაროსთან კავშირშია.

„შემოდგომის ლეგენდა“ ორ ეტაპად ტარდება. პირველ ტურში კონკურსანტებმა კონკურსის ონლაინ–აპლიკაციის მეშვეობით უნდა გაგზავნონ საკუთარი ნამუშევრები ჟანრისა და თემისგან დამოუკიდებლად.

შემდეგ ჟიური შეარჩევს ათ მონაწილეს, რომლებიც გადავლენ ფინალურ ტურში და 12 საათის განმავლობაში დაწერენ თავიანთ ნამუშევარს ჟიურის წევრების მიერ წარმოდგენილ თემაზე. ფინალური ტური გაიმართება წინანდალში, ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე.

წელს ცვლილებები შეეხო ლიტერატურული ჟიურის შემადგენლობასაც: დათო ტურაშვილის, თეონა დოლენჯაშვილისა და მაკა ლდოკონენის ტრიოს ორი ახალი წევრი – ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით გაბუნია დაემატება. ჟიურის წევრებს შორის არიან ასევე გასული წლის გამარჯვებული ცოტნე ავსაჯანიშვილი და დავით ქართველიშვილი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და კონკურსში დისტანციურად იმუშავებს.

სტუდენტურ კონკურსში გამოვლინდება სამი გამარჯვებული. ისინი დაჯილდოვდებიან 1000, 700 და 500 ლარის ოდენობის ფულადი პრიზებით თსუ-სგან და Silknet-სგან.

გამარჯვებული ნოემბერში გამოვლინდება.

23
თემები:
საქართველო და კულტურა (931)
საქსოფონი

ჯაზი და ღვინო: კახეთი მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს

67
(განახლებულია 21:09 21.09.2020)
ფესტივალის Jazz and Wine Kakheti სტუმრები ჯაზური მუსიკის ფონზე ქართული სხვადასხვა ღვინის დაგემოვნებას შეძლებენ.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ფესტივალი Jazz and Wine Kakheti 3 ოქტომბერს კახეთში, წინანდლის მამულში მეოთხედ გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალის ჰედლაინერია სოულისა და ჯაზის ვარსკვლავი ლისა სიმონი. ამჯერად ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ბექა გოჩიაშვილის ტრიო, რუსა მანველი და დავით მაზანაშვილის ტრიო.

ფესტივალის Jazz and Wine Kakheti ფარგლებში 15-ზე მეტი ღვინის კომპანია ღვინის დეგუსტაციას გამართავს და ფესტივალის სტუმრები სხვადასხვა ღვინის დაგემოვნებას შეძლებენ.

ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო ფესტივალში მონაწილეობისთვის გაიყიდება მხოლოდ ე.წ. სპეციალური ნაკრებები, რაც მოიცავს წინანდლის მამულის ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროებში განთავსებასა და ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს.

ღონისძიება გაიმართება სასტუმროებში Radisson Collection, Tsinandali Estate Georgia.

ფესტივალი Jazz and Wine კახეთში 2017 წლიდან ტარდება. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც ფესტივალი რამდენიმე დღე გრძელდებოდა, მეორე წელია, ის მხოლოდ ერთ დღეს მიმდინარეობს.

67
თემები:
საქართველო და კულტურა (931)
საზმაუს შენობა

საზმაუ-ს გენერალური დირექტორის ხელფასი 2,5-ჯერ გაიზარდა

0
(განახლებულია 19:21 22.09.2020)
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი 4 ათასი ლარის ნაცვლად ხელზე ასაღებ ხელფასს 10 ათასი ლარის ოდენობით მიიღებს

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ ერთხმად მიღებული  გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის ხელფასი 2,5 ჯერ  გაიზარდა, იუწყება „პირველი არხი“.

ამიერიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი 4 ათასი ლარის ნაცვლად ხელზე 10 ათას ლარს მიიღებს.

დღესვე ცნობილი გახდა გენერალური დირექტორის პოსტზე იმ ოთხი კანდიდატის ვინაობაც, რომელებიც მეორე ტურში გადავიდნენ. ესენია გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ბერძენიშვილი, მომღერალი და კომპოზიტორი ირმა სოხაძე, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე და რეჟისორი ალექსანდრე ვახტანგოვი.

კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: თინათინ ბერძენიშვილი - 9 ხმა, ირმა სოხაძე - 7 ხმა, ხათუნა ლაგაზიძე - 7 ხმა, ალექსანდრე ვახტანგოვი - 5 ხმა.

გენერალური დირექტორის არჩევნები პარასკევს, 25 სექტემბერს არის ჩანიშნული. ერთი დღით ადრე კი ყველა კანდიდატი ტელეარხის განვითარების საკუთარ ხედვას ონლაინ რეჟიმში წარმოადგენს.

ყველა კანდიდატი ეთანხმება მოსაზრებას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელმა საკუთარი რეიტინგი უდნა გაზარდოს და მაყურებლისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება უნდა განაგრძოს.

18 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ, რომელიც ამ პოსტს 2017 წლის იანვრიდან იკავებდა, თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძემ გადადგომის მიზეზად საპარლამენტო არჩევნები დაასახელა.

ახლა გენერალური დირექტორის მოვალეობას მაღლაფერიძის ყოფილი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი ასრულებს.

ადრე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში განაცხადეს, რომ გენერალური დირექტორის პოსტზე შესარჩევი კონკურსი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს, საჭირო პროცედურები სულ მცირე თვენახევარი შეიძლება გაგრძელდეს.

ახალი შენობა

პარალელურად საზმაუ ყიდის თავის შენობას, რომელიც კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს. ეს შენობა წლებია ავარიულ მდგომარეობაშია. შენობა აუქციონზე სამჯერ გაიტანეს, თუმცა არცერთხელ მყიდველი არ გამოუჩნდა. თავდაპირველად შენობის 40 მლნ დოლარად გაყიდვა იგეგმებოდა, ამის შემდეგ შენობა აუქციონზე კიდევ ორჯერ გაიტანეს – 36 და 32,4 მლნ დოლარად, თუმცა, მცდელობა კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა.

მესამედ ჩატარებული აუქციონი საერთოდ ჩავარდა.

საზოგადოებრივ მაუწყებელში აუქციონის ჩავარდნა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისით ახსნეს და  საპარლამენტო არჩევნების დამთავრებამდე შენობის გაყიდვა გადაავადეს.

არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება, მათი შედეგები ცნობილი 2-3 კვირაში გახდება.

ამასთან ერთად, საზმაუ-მ ახალი შენობის ასაშენებლად ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამშენებლო ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურულმა სამსახურმა უკვე გასცა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა ვაკე-საბურთალოს რაიონში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება, პროექტის სავარაუდო ღირებულება 46,8 მილიონ ლარს შეადგენს. მშენებლობისთვის გამოყოფილია ორი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი.

0