არქეოლოგიური გათხრები გრაკლიანის გორაზე

გრაკლიანის გორაზე არქეოლოგებმა კვლავ უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს

357
(განახლებულია 19:58 12.08.2020)
გრაკლიანის გორაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები ძვ.წ.აღ. II და I ათასწლეულებით თარიღდება.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტები მონაწილეობენ, გრაკლიანის გორაზე ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინა, რომლებიც ძვ.წ.აღ. II და I ათასწლეულებით თარიღდება.

На горе Граклиани в Игоети строится археологический музей
© Sputnik / Levan Avlabreli
გრაკლიანის გორაზე იგოეთში არქეოლოგიური მუზეუმი შენდება

საველე სამუშაოების წარმოებისას პირველ ტერასაზე სამარხებში დიდი რაოდენობით კერამიკული და ლითონის ინვენტარია აღმოჩენილი. ახალი აღმოჩენები გაკეთდა ძვ.წ.აღ. V-IV საუკუნეების სატაძრო კომპლექსის ნაშთების კვლევისას, სადაც პირველად დაფიქსირდა არტეფაქტები, რომელიც რკინის ნივთების წარმოებასთან არის დაკავშირებული.

გრაკლიანის გორაზე გათხრები ადრეც ტარდებოდა და მაშინ არქეოლოგებმა ჩვ.წ.აღ.-მდე V საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინეს. ეს იყო პირველი შემთხვევაა, როცა ამ პერიოდის ძეგლი მთლიანად შენახული აღმოჩნდა. ამგვარად, მეცნიერებს აქვთ საშუალება, მიიღონ სრულფასოვანი წარმოდგენა იმ დროის ცხოვრების შესახებ.

ნაგებობის ცენტრალურ ადგილზე მდებარეობდა დიდი საკურთხეველი; სათავსოში გამართულია ღუმელი, რომელზეც ქურუმებისთვის ცეცხლის გადასატანი ლარნაკები დევს; იქვე იყო სამკურნალო მცენარეების თესლების დასაფქვავი მოწყობილობა.

თსუ-ის არქეოლოგებმა გრაკლიანის გორაზე გათხრები 2008 წელს წამოიწყეს. მოგვიანებით იქვე მოეწყო ბაზა სტუდენტებისთვის საველე პრაქტიკის ჩასატარებლად.

გრაკლიანის საიდუმლო

Реставрация печи культового назначения на горе Граклиани
© Sputnik / Levan Avlabreli
გრაკლიანის გორაზე საკულტო დანიშნულების ღუმელის რესტავრაცია

გრაკლიანის გორა წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს.

ძეგლის ტერიტორიაზე ქვის ხანის პერიოდიდან რომაული პერიოდის ჩათვლით საზოგადოებრივი ცხოვრების 300-ათასწლიანი უწყვეტი განვითარება დასტურდება. გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში – საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში.

გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის მშენებლობის დროს დაფიქსირდა. იქ მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები საგზაო დეპარტამენტმა დააფინანსა, ხოლო მისი კონსერვაცია და ობიექტის შემდგომი განვითარება გზის მშენებლობის გამო შეჩერებული იყო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს (თითქმის 8 წლის შემდეგ) ამ ობიექტის საფუძვლიანი შესწავლის, მისი კონსერვაციისა და საერთაშორისო სტანდარტებით სამუზეუმო სივრცის მოწყობის ინტერესი გამოთქვა.

იმავე წელს დაიწყო მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები, რომელთა შედეგად აღმოჩენილია ნასახლარები, სამეურნეო დანიშნულების ობიექტები და სამარხები, რომლებიც ჩვ.წ.აღ-მდე IV საუკუნიდან ჩვ.წ.აღ-ის I საუკუნეებს ეკუთვნის, შემდეგ კი ჩვ.წ.აღ-მდე VII საუკუნის ტაძარი და ორი საკურთხეველი გაითხარა.

საქართველოში არქეოლოგებმა უძველესი უნიკალური ძეგლები აღმოაჩინეს >>

იქვე აღმოჩენილია ორი სატაძრო კომპლექსი. ერთ-ერთი იბერიის პირველი მეფის – ფარნავაზის მმართველობის პერიოდს განეკუთვნება (ჩვ.წ.აღ-მდე IV-III სს). მოგვიანებით გრაკლიანის გორას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

357
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (59)
ორბელიანის მოედანი

პანდემიის მიუხედავად: თბილისში ახალგაზრდული ფესტივალი „თაობა“ გაიმართება

43
საერთაშორისო ღონისძიებაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით წელს მხოლოდ ქართველი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისში 25-30 სექტემბერს საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ გაიმართება, ამ ინფორმაციას ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი - საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ავრცელებს.

საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წელს მესამედ ჩატარდება, თუმცა ამჯერად კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით ღონისძიებაში მხოლოდ ქართველი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალის ფარგლებში 13-18 წლის ახალგაზრდებისთვის გაიმართება 4 სრულმეტრაჟიანი და 21 მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმების ჩვენება ეროვნული სასახლის, ეროვნული მუზეუმისა და მზიურის განახლებული პარკის ტერიტორიაზე. ფესტივალის პროგრამა მოიცავს ასევე მასტერკლასებს, ლექციებსა და დისკუსიებს.

ღონისძიება კინოხელოვნებით დაინტერესებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას დაესწრონ პროფესიულ დრამატურგიისა და რეჟისურის მასტერკლასებს პროექტის „თაობის აკადემია“ ფარგლებში ბოლნისის მუზეუმი.

ნანა ჯორჯაძის ფილმმა „ბოცვრის თათი“ რუსეთში ჯილდო მოიპოვა >>

ფესტივალი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად დაწესებული რეგულაციების დაცვით ტარდება, რის გამოც შემცირებულია როგორც მონაწილეთა, ასევე აქტივობების რაოდენობა.

„ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია. საფესტივალო სივრცეები ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით, ღია ცის ქვეშ იმართება. სავალდებულოა იქონიოთ პირბადე და დაიცვათ სოციალური დისტანცია“, - მოუწოდებს სტუმრებს ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი „კინოკლუბი ორბელიანზე“.

პროექტის მხარდამჭერები: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

 

43
თემები:
ქართული კინო
ცისფერი გალერეა

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა

134
ეს ფერმწერი საოცრად ხატავს ზამთრის პეიზაჟებს - მისი ნახატები ერთი შეხედვით ფოტოებში შეიძლება აგერიოთ

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, „ზამთრის მხატვრის“ - გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა.

დამთვალიერებლები შუქჩრდილის ვირტუოზული „თამაშით“ განთქმული ოსტატის სხვადასხვა ნამუშევრებს ნახავენ. დოლენჯაშვილის ნახატები, რომლებსაც ის უბრალო ფანქრით ხატავს, იმდენად რეალისტურად არის შესრულებული, რომ ბევრს ფოტოები ჰგონიათ.

„შუქჩრდილი ფანტასტიკურია, არის შეგრძნება, თითქოს მთვარის შუქი თვალს ჭრის. მის ნამუშევრებში სილამაზის სივრცეები ერთდროულად არსებობს - მაყურებელი მაკროსამყაროდან მიკროსამყაროში ხვდება, თანაც ისე, რომ სუნთქვა ჩერდება. კოსმიურად მშვენიერი ზეციდან - იმერელი გლეხის ურმამდე, თიხის ქოთნის უმცირეს ბზარამდე. ტოტებზე დადებული საოცრად რეალური თოვლიდან - კვლავ განუსაზღვრელი სიმაღლის ზეცაში, მთვარისკენ, კოსმოსში“, - წერს დოლენჯაშვილის შესახებ მოსკოველი ხელოვნებათმცოდნე რაისა ნესტერენკო.

გამოფენა 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გურამ დოლენჯაშვილი 1943 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საქართველოს დამსახურებული მხატვარია, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები იყო გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, არგენტინაში, ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, ვიეტნამში, გერმანიაში, ინდოეთში, ერაყში, კვიპროსში, კუბაში, მექსიკაში, მონღოლეთში, ნიდერლანდებში, ნიკარაგუაში, პოლონეთში, რუმინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, იუგოსლავიასა და იაპონიაში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები ასევე ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში და მსოფლიოს მრავალ მუზეუმში.

134
თემები:
საქართველო და კულტურა
დაკავება

მეტროსადგურ „დიდუბესთან“  სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისთვის ერთი პირი დააკავეს

0
(განახლებულია 11:13 25.09.2020)
დაკავებულ პირს, რომელიც უკანონო საქმიანობას ეწეოდა, სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე  ერთი პირი ამხილეს, იუწყება  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს თბილისის მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, განთავსებული ჰქონდა აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები.

უწყების ცნობით, ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი ორი სათამაშო აპარატი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში