ანზორ ერქომაიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

271
(განახლებულია 11:08 10.08.2020)
გამოჩენილ მომღერალს, ლოტბარს, კომპოზიტორს, საგუნდო დირიჟორს, ხალხური სიმღერების შემკრებს ანზორ ერქომაიშვილს 10 აგვისტოს 80 წელი უსრულდება

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცნობილი მომღერალი, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა, ნათქვამია პრეზიდენტის Facebook–გვერდზე.

ერქომაიშვილს ბრწყინვალების ორდენი „ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის" გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონია ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში, მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ეზოში გაიმართა.

გამოჩენილ მომღერალსა ლოტბარს, კომპოზიტორს, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელს, ანზორ ერქომაიშვილს 10 აგვისტოს 80 წელი უსრულდება.

ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის საიუბილეო საღამო ხვალ ოზურგეთის დრამატული თეატრის თაღებში ჩატარდება. ღონისძიებაზე ქართულ ხალხურ სიმღერებს შეასრულებენ ანსამბლები: „რუსთავი“, „ბასიანი“, „რიჰ“, „შილდა“, გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდი. ტრიოები: „შალვა ჩემო“, „შემოქმედი“ და „ხელხვავი“. მოეწყობა ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა.

ღონისძიების ორგანიზატორი არიან საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

ანზორ ერქომაიშვილი 1940 წლის 10 აგვისტოს ბათუმში დაიბადა. ის თვითნასწავლი მომღერლის არტემ ერქომაიშვილის შვილიშვილია. ბაბუის რჩევით მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლება, ჩააბარა კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც 1969 წელს დაამთავრა.

ანზორ ერქომაიშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“.

1968 წლიდან 2019 წლამდე იყო ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი.

ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014).

ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.

271
თემები:
საქართველო და კულტურა (934)
ოლეგ ბასილაშვილი

„გვიყვარხართ, პატივს გცემთ, გაფასებთ!“: ოლეგ ბასილაშვილს დაბადების დღე თბილისიდან მიულოცეს

60
გამოჩენილ არტისტს და საზოგადო მოღვაწეს საქართველოსთან აკავშირებს ნათესაური, მეგობრული და შემოქმედებითი კავშირები

თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. რუსეთში მოღვაწე თეატრისა და კინოს დამსახურებულ მსახიობს, წარმოშობით ქართველ ოლეგ ბასილაშვილს მის ისტორიულ სამშობლოში, საქართველოში, თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრში 86 წლის იუბილე მიულოცეს.

დარბაზის ოვაციები და მოგონებები დანელიაზე - ოლეგ ბასილაშვილი სტუმრად ივან ურგანტთან >>

„26 სექტემბერი - სსრკ-ის სახალხო არტისტის, სანქტ-პეტერბურგის და თბილისის საპატიო მოქალაქის, საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერის, ოლეგ ბასილაშვილის დაბადების დღეა. გილოცავთ“ გისურვებთ ჯანმრთელობას და სიხარულს! გვიყვარხართ, პატივს გცემთ, გაფასებთ! დაე ასრულდეს ჩვენი ოცნებები შეხვედრაზე!“ - წერს თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე ნინა შადური-ზარდალიშვილი.

ოლეგ ბასილაშვილს შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი როლი სცენაზე და ასზე მეტი - კინოში. ბასილაშვილს მაყურებელი კარგად იცნობს კინოფილმებიდან „სამსახურებრივი რომანი“, „შემოდგომის მარათონი“, „სადგური ორისათვის“ და სხვ.

ბასილაშვილის ქართული გვარი აღადგინა მისმა მამამ, მანამდე ყველა წინაპარი ატარებდა გვარს ბასილოვი.

ბასილაშვილის წინაპრები დაახლოებით 400 წლის წინ ტაო-კლარჯეთის ისტორიული მხრიდან გორთან მდებარე სოფელ კორბში გადასახლდნენ.

60
თემები:
საქართველო და კულტურა (934)
გაზაფხული თბილისში

„ეს საინტერესოა“: საქართველოს Universal Studios წარმომადგენლები ესტუმრნენ

42
(განახლებულია 21:32 25.09.2020)
საქართველოში ახალ და საინტერესო ლოკაციებს ეძებდნენ ისეთი ფილმების შემქმნელები, როგორებიცაა „თვითმკვლელთა რაზმი“, „ტრანსფორმერები“, „ერთხელ ჰოლივუდში“, „კარიბის ზღვის მეკობრეები“

თბილისი, 26 სექტემბერი  – Sputnik. ჰოლივუდის კინოსტუდია Universal Studios ლოკაციების მენეჯერები საქართველოს ესტუმრნენ - ისინი ეცნობოდნენ ქვეყანას როგორც მიმზიდველ კინომოედანს, ნათქვამია კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის Facebook-გვერდზე.

თბილისში „ფორსაჟის” სცენების გადაღების შემდეგ ჰოლივუდის კინოსტუდია კვლავ დაინტერესდა კინოწარმოებით საქართველოში.

თბილისში ესტუმრნენ ისეთი გამოცდილი ამერიკელი ლოკაციის მენეჯერები ილტ ჯონსი, ლორი ბარტონი და პიტერ გლუკი. მათ სხვადასხვა დროს უმუშავიათ ისეთ ცნობილ ფილმებზე როგორებიცაა: „თვითმკვლელთა რაზმი“ (The Suicide Squad), „ტრანსფორმერები“ (Transformers), „ერთხელ ჰოლივუდში“ (Once Upon a Time… In Hollywood), „კარიბის ზღვის მეკობრეები“ (Pirates of the Caribbean) და სხვ.

კინოცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ვაშაძის თქმით, კორონავირუსის პამდემიის გამო შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად უცხოელი პროდიუსერების ინტერესი საქართველოსადმი საკმაოდ დიდია.

იმ რამდენიმე დღეში, რომელიც ექსპერტებმა საქართველოში გაატარეს, მათ დაათვალიერეს საინტერსო ლოკაციები ვარძიაში, რაბათში, ყაზბეგში, კახეთსა და რუსთავში. უცხოელებს ასევე გაცნობითი ტური თბილისში მოუწყვეს.

„ჩვენ ვნახეთ გადასაღები მოედნების საოცარი მრავალფეროვნება. ეს ყველაზე მთავარია. თუ სხვა ადგილებში გვხვდება მხოლოდ პეიზაჟები და ქალაქის გარემო, აქ აღმოვაჩინეთ შესაძლო ვარიანტების დაუჯერებელი სპექტრი. ეს ძალიან საინტერესოა“, - განაცხადა ლოკაციების მენეჯერმა ილტ ჯონსმა.

მისმა კოლეგა პიტერ გლუკმა აღნიშნა, რომ აქამდე ცოტა რამ სმენია საქართველოზე, ამიტომ მისთვის ეს ქვეყანა აღმოჩენა გახდა. „აუცილებლად ყველას მოვუყვები ამის შესახებ, როდესაც დავბრუნდები შტატებში, ამის შესახებ პოსტს დავწერ და ყველას ვურჩევ საქართველოში ჩამოსვლას“, - ამბობს გლუკი.

ამერიკელი კინემატოგრაფისტების ვიზიტი განხორციელდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და „საქართველოს კინოკლასტერის“ თანამშრომლობის ფარგლებში. საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნული ტურის მეორე ეტაპი 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

 

42
თემები:
საქართველო და კულტურა (934)
ადამიანები პირბადეებით

როდის მოხვდება საქართველო ნარინჯისფერ ან წითელ ზონაში: თამარ გაბუნიას განმარტება

0
(განახლებულია 20:21 26.09.2020)
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს ინციდენტობის კუთხით

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთხით კვლავ მწვანე ზონაში რჩება და ქვეყნისთვის ნარინჯისფერი და წითელი ზონა დაიწყება მას შემდეგ, თუ შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდე გახდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა ამ ნიშნულამდე არასდროს არ მივა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი. დღესვე კორონავირუსით გარდაიცვალა 28-ე პაციენტი.

მისი განმარტებით, საქართველო გლობალურ შკალაზე კვლავაც დაბალი რისკის ქვეყანაა.

„რაც შეეხება ქვეყნის სტატუსს, გლობალური მაჩვენებლის თანახმად, დღეს ინციდენტობის (ანუ ახალი შემთხვევების) საშუალო მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე არის დაახლოებით 19. ითვლება, რომ ამ ნიშნულის ქვემოთ ქვეყნები არის დაბალი რისკის მატარებელი და ამის ზემოთ არის მაღალი რისკის მატარებელი. საქართველოს ორი კვირის ჯამური ინციდენტობის მაჩვენებელი 5,5 ერთეულია, რაც კვლავაც ქვედა ზღვარია გლობალურ შკალაზე და პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10-ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე)“, - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს ინციდენტობის კუთხით, რომ ქვეყანა გადაცდეს გლობალურ საშუალოს.

მისივე განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია ბათუმში, თუმცა აჭარიდან სხვა რეგიონებში ინფექციის ფართო გავრცელების სურათი არ შეინიშნება.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 4960-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1819 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 781 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში