ქეთი მელუა

ქეთი მელუა აჭარაში ვიდეოკლიპებს იღებს

112
(განახლებულია 16:48 07.08.2020)
ქეთი მელუას აჭარაში გადაღებულ ვიდეორგოლებს, რომლებიც მერვე ალბომის ორი სიმღერისთვის იქმნება, მაყურებელი ეკრანებზე 2020 წლის შემოდგომაზე იხილავს.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოში აღიარებული ქართული წარმოშობის ბრიტანელი მომღერალი ქეთი მელუა აჭარაში კლიპებს იღებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

მომღერლის ახალი სიმღერების ვიდეოგადაღებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბულვარში, სარფისა და ციხისძირის სანაპიროზე, ასევე სოფელ მერისში მიმდინარეობს.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის ბუნების მრავალფეროვნებას, მთისა და ზღვის ერთობლიობას მომღერლის მილიონობით თაყვანისმცემელი ახალი ვიდეორგოლით გაეცნობა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გადაღებებისთვის მიმზიდველი ტურისტული ადგილების შერჩევასა და პროექტის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული.

ვიდეორგოლის რეჟისორია მარიამ სიჭინავა, ოპერატორი კი ალექს ომიაძეა. მომღერლის ჩაცმულობაზე ბათუმელი დიზაინერი თაკო მექვაბიძე ზრუნავს. 

ვიდეოგადაღებები რეგიონში დღეს მთავრდება. ქეთი მელუას აჭარაში გადაღებულ ვიდეორგოლებს, რომლებიც მერვე ალბომის ორი სიმღერისთვის იქმნება, მაყურებელი ეკრანებზე 2020 წლის შემოდგომაზე იხილავს.

ქეთი მელუა 1984 წელს საქართველოში დაიბადა. ის ერთი წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ჩრდილოეთ ირლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 14 წლისა — ინგლისში. მსოფლიო მუსიკაში მისი დებიუტი 2003 წელს გაიმართა, როდესაც გამოვიდა მისი პირველი ალბომი Call Off the Search. ხუთ თვეში ამ ალბომის 1,2 მილიონი ასლი გაიყიდა.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქეთი მელუა საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის „ღირსებით ორდენით“ დააჯილდოვა. ხოლო 2018 წელს, როდესაც ქეთი თბილისში უფასო კონცერტით გამოდიოდა, მას საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.

 

112
თემები:
საქართველო და კულტურა (932)
ცისფერი გალერეა

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა

106
ეს ფერმწერი საოცრად ხატავს ზამთრის პეიზაჟებს - მისი ნახატები ერთი შეხედვით ფოტოებში შეიძლება აგერიოთ

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, „ზამთრის მხატვრის“ - გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა.

დამთვალიერებლები შუქჩრდილის ვირტუოზული „თამაშით“ განთქმული ოსტატის სხვადასხვა ნამუშევრებს ნახავენ. დოლენჯაშვილის ნახატები, რომლებსაც ის უბრალო ფანქრით ხატავს, იმდენად რეალისტურად არის შესრულებული, რომ ბევრს ფოტოები ჰგონიათ.

„შუქჩრდილი ფანტასტიკურია, არის შეგრძნება, თითქოს მთვარის შუქი თვალს ჭრის. მის ნამუშევრებში სილამაზის სივრცეები ერთდროულად არსებობს - მაყურებელი მაკროსამყაროდან მიკროსამყაროში ხვდება, თანაც ისე, რომ სუნთქვა ჩერდება. კოსმიურად მშვენიერი ზეციდან - იმერელი გლეხის ურმამდე, თიხის ქოთნის უმცირეს ბზარამდე. ტოტებზე დადებული საოცრად რეალური თოვლიდან - კვლავ განუსაზღვრელი სიმაღლის ზეცაში, მთვარისკენ, კოსმოსში“, - წერს დოლენჯაშვილის შესახებ მოსკოველი ხელოვნებათმცოდნე რაისა ნესტერენკო.

გამოფენა 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გურამ დოლენჯაშვილი 1943 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საქართველოს დამსახურებული მხატვარია, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები იყო გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, არგენტინაში, ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, ვიეტნამში, გერმანიაში, ინდოეთში, ერაყში, კვიპროსში, კუბაში, მექსიკაში, მონღოლეთში, ნიდერლანდებში, ნიკარაგუაში, პოლონეთში, რუმინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, იუგოსლავიასა და იაპონიაში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები ასევე ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში და მსოფლიოს მრავალ მუზეუმში.

106
თემები:
საქართველო და კულტურა (932)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალგაზრდა ლიტერატორებისთვის კონკურსს ატარებს

34
(განახლებულია 18:44 22.09.2020)
პროექტი განკუთვნილია დამწყები ლიტერატორებისთვის, ხოლო 2020 წლის თემა – ახალ რეალობაში ჩაძირული სამყაროს გავლენაა.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ დაწყება გამოაცხადა. კონკურსი უკვე მეთორმეტედ ტარდება, აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

თსუ-ის და კომპანია Silknet-ის ერთობლივი პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვინც ქმნის პროზაულ ნაწარმოებებს, სურს ლიტერატურული გამოცდილების მიღება, და მათი შემოქმედების საქართველოსთვის გაცნობა.

„ლიტერატურა სოლიდარობისთვის“: მწერლების მხარდასაჭერად ახალი პროექტი იწყება>>

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ. წელს კონკურსი გაფართოვდა და ის კონკურსში მონაწილეობისთვის ასევე პროფსასწავლებლების მოსწავლეებსაც იწვევს.

წლევანდელი კონკურსის კონცეფციაა – ახალი რეალობითა და რეგულაციებით შეცვლილი სამყაროს გავლენა, სადაც თითოეული ადამიანი მარტოა და, ამავე დროს, სამყაროსთან კავშირშია.

„შემოდგომის ლეგენდა“ ორ ეტაპად ტარდება. პირველ ტურში კონკურსანტებმა კონკურსის ონლაინ–აპლიკაციის მეშვეობით უნდა გაგზავნონ საკუთარი ნამუშევრები ჟანრისა და თემისგან დამოუკიდებლად.

შემდეგ ჟიური შეარჩევს ათ მონაწილეს, რომლებიც გადავლენ ფინალურ ტურში და 12 საათის განმავლობაში დაწერენ თავიანთ ნამუშევარს ჟიურის წევრების მიერ წარმოდგენილ თემაზე. ფინალური ტური გაიმართება წინანდალში, ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე.

წელს ცვლილებები შეეხო ლიტერატურული ჟიურის შემადგენლობასაც: დათო ტურაშვილის, თეონა დოლენჯაშვილისა და მაკა ლდოკონენის ტრიოს ორი ახალი წევრი – ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით გაბუნია დაემატება. ჟიურის წევრებს შორის არიან ასევე გასული წლის გამარჯვებული ცოტნე ავსაჯანიშვილი და დავით ქართველიშვილი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და კონკურსში დისტანციურად იმუშავებს.

სტუდენტურ კონკურსში გამოვლინდება სამი გამარჯვებული. ისინი დაჯილდოვდებიან 1000, 700 და 500 ლარის ოდენობის ფულადი პრიზებით თსუ-სგან და Silknet-სგან.

გამარჯვებული ნოემბერში გამოვლინდება.

34
თემები:
საქართველო და კულტურა (932)
საარჩევნო პლაკატები აღმაშენებლის გამზირზე

შეადარე პარტიები და გააკეთე არჩევანი: ამომრჩევლებისთვის აპლიკაცია ამუშავდა

0
(განახლებულია 19:54 23.09.2020)
სოციალური გამოკითხვებით, საქართველოში ამომრჩევლების დიდ ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ პარტიას მისცეს ხმა

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ამუშავდა აპლიკაცია სახელწოდებით „საარჩევნო კომპასი - საქართველო“, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველს დაეხმარება პარტიების პოზიციები სხვადასხვა საკითხზე შეადაროს.

„წავალ, მაგრამ არ ვიცი, ვის მივცემ ხმას...“: დავუჯეროთ თუ არა გამოკითხვებს არჩევნების წინ >>

აპლიკაციის და ვებგვერდ Partiebi.Ge-ს პრეზენტაცია ოთხშაბათს გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეული იყო პოლიტიკური პარტიების ლიდერები და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ახალი აპლიკაცია - ეს არის უპარტიო, ელექტრონული ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების პოზიციების შესახებ და ეხმარება ამომრჩეველს გაერკვეს, რომელიც პოლიტიკური პარტიის შეხედულებები არის მისთვის მისაღები.

აპლიკაცია ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. პროექტი განახორციელეს CRRC Georgia-ს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) და თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მკვლევარებმა აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID), გერმანული პოლიტიკური ფონდების და ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით.

რაც შეეხება ვებგვერდ www.partiebi.ge-ს, ეს პროექტი განახორციელა აღმოსავლეთ ევროპული მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD), რომელიც 2012 წლიდან აქვეყნებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე საქართველოს პოლიტიკური პარტიების შეხედულებებს. პროექტს აფინანსებს ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.

საქართველოში საპარლამენტო პარტიები 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისათვის არჩევნებისთვის დარეგისტრირებულია 58 პარტია და ორი ბლოკი.

0
თემები:
თანამედროვე ტექნოლოგიები