ქართული სუფრა

ვიდეოგაკვეთილები ქართული სამზარეულოს მოყვარულთათვის

105
(განახლებულია 18:27 04.08.2020)
ამ ვიდეოგაკვეთილების მეშვეობით შეიძლება არა მხოლოდ ქართული კერძების მომზადების სწავლა, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობაც.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ქართულმა გასტრონომიულმა ასოციაციამ პროგრამის The USAID Economic Security Program მხარდაჭერით შვიდი ვიდეოგაკვეთილი მოამზადა, რომლებშიც ნაჩვენები იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გასტრონომიული თავისებურებანი.

როგორც ქართული გასტრონომიული ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის „აღმოაჩინე ქართული გასტრონომია" მთავარი მიზანი გასტრონომიული ტურიზმის მხარდაჭერა და წახალისებაა.

პროექტის ფარგლებში შვიდი მინი-ვიდეორგოლი მომზადდა, რომლებიც საქართველოს შვიდი სხვადასხვა რეგიონის – კახეთის, სვანეთის, იმერეთის, აჭარის, გურიის, მესხეთის, რაჭა-ლეჩხუმის უნიკალურ გასტრონომიულ ტრადიციებს წარმოაჩენს.

ვიდეოში მონაწილეობენ წარმატებული ქართველი შეფ-მზარეულები, რომლებიც ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ამზადებენ ამა თუ იმ რეგიონისთვის დამახასიათებელ კერძებს, დადიან ადგილობრივ ბაზრებში და მაყურებელს ტრადიციების შესახებ უყვებიან.

"საკვები და მოგზაურობა ორი მჭიდროდ დაკავშირებული რამაა. ისეთ პერსპექტიულ გასტრონომიულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, აქვს დიდი პოტენციალი, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც საერთაშორისო ტურისტებისთვის, ისე საშუალებას მისცემს ადგილობრივ მცხოვრებლებს, ხელახლა აღმოაჩინონ საქართველო და მისი გასტრონომია", – ნათქვამია განცხადებაში.

„სუსტი გულის მქონენი არ გაეკაროთ" – CNN ქართულ სამზარეულოზე>>

მინი-ფილმები წარმოადგენს საქართველოს რეგიონულ გასტრონომიასა და ღირსშესანიშნაობებს, სადაც საქართველოს რეგიონები ნაჩვენებია როგორც ულამაზესი, ხელმისაწვდომი და მდიდარი გასტრონომიული მემკვიდრეობის მქონე ტურისტული დანიშნულებები. მინი-ვიდეოები გავრცელდება და ხელმისაწვდომი იქნება USAID-სა და გასტრონომიის ასოციაციის სოციალურ ქსელებში, ასევე ტურიზმის ადმინისტრაციის, DMO-ებისა და სხვადასხვა შესაბამის არხებზე.

105
თემები:
საქართველო და კულტურა (930)
საქსოფონი

ჯაზი და ღვინო: კახეთი მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს

50
(განახლებულია 21:09 21.09.2020)
ფესტივალის Jazz and Wine Kakheti სტუმრები ჯაზური მუსიკის ფონზე ქართული სხვადასხვა ღვინის დაგემოვნებას შეძლებენ.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ფესტივალი Jazz and Wine Kakheti 3 ოქტომბერს კახეთში, წინანდლის მამულში მეოთხედ გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალის ჰედლაინერია სოულისა და ჯაზის ვარსკვლავი ლისა სიმონი. ამჯერად ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ბექა გოჩიაშვილის ტრიო, რუსა მანველი და დავით მაზანაშვილის ტრიო.

ფესტივალის Jazz and Wine Kakheti ფარგლებში 15-ზე მეტი ღვინის კომპანია ღვინის დეგუსტაციას გამართავს და ფესტივალის სტუმრები სხვადასხვა ღვინის დაგემოვნებას შეძლებენ.

ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო ფესტივალში მონაწილეობისთვის გაიყიდება მხოლოდ ე.წ. სპეციალური ნაკრებები, რაც მოიცავს წინანდლის მამულის ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროებში განთავსებასა და ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს.

ღონისძიება გაიმართება სასტუმროებში Radisson Collection, Tsinandali Estate Georgia.

ფესტივალი Jazz and Wine კახეთში 2017 წლიდან ტარდება. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც ფესტივალი რამდენიმე დღე გრძელდებოდა, მეორე წელია, ის მხოლოდ ერთ დღეს მიმდინარეობს.

50
თემები:
საქართველო და კულტურა (930)
ნანა ჯორჯაძე

ნანა ჯორჯაძის ფილმმა „ბოცვრის თათი“ რუსეთში ჯილდო მოიპოვა

51
(განახლებულია 20:00 21.09.2020)
ფესტივალი ამურის ოლქის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში 13–20 სექტემბრის პერიოდში ეპიდუსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით გაიმართა.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ნანა ჯორჯაძის ფილმ „ბოცვრის თათის“ (Кроличья лапа) ოპერატორმა მიხეილ კვირიკაძემ რუსეთის კინოსა და თეატრის XVIII ფესტივალზე „ამურის შემოდგომა“ საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის ჯილდო მოიპოვა, ნათქვამია ფესტივალის Facebook-გვერდზე.

ფესტივალი ამურის ოლქის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში 13–20 სექტემბრის პერიოდში ეპიდუსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით გაიმართა. 

ტრადიციულად „ამურის შემოდგომის“ ფარგლებში გაიმართა სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების, თეატრალური სპექტაკლების კონკურსები, ასევე მასტერ-კლასები და შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები და გამოფენები.

ფესტივალის სტუმრები და მონაწილეები იყვნენ რუსი კინემატოგრაფისტები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკოსები, მხატვრები და ა.შ.

ანა ჯორჯაძის ფილმი „ბოცვრის თათი“ სამი ქვეყნის კოპროდუქციაა – რუსეთის, ბელგიისა და ფინეთის. ფილმში როლებს ასრულებენ პიერ რიშარი, ნიკოლა დუვოშელი, ევგენი ტკაჩუკი.

ფილმში მოქმედება ხდება 1990-იან წლებში, ე.წ. „პერესტროიკის“ პერიოდში. მთავარი პერსონაჟები არიან ფრანგი არქიტექტორი ნიკა და საბჭოთა ინტელიგენტი ალია, რომელთა შეხვედრა მათ ცხოვრებას მთლიანად ცვლის.

51
თემები:
ქართული კინო
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერი

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

0
(განახლებულია 23:06 21.09.2020)
საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში საარჩევნო პროცესის გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება - 120 დეპუტატს პარტიული სიებით აირჩევენ, 30-ს - ერთმანდატიან ოლქებში.

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) დასკვნებსა და რეკომენდაციებს დაეყრდნობა და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.

ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს შეისწავლიან, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე.

„თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI-ს თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმებს გამოიყენებენ. NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებას“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

არჩევნები და კორონავირუსი: საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ჩარტერული რეისები დაინიშნება >>

ადრე ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ გლობალური პანდემია კვლავ უკონტროლოა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. სწორედ არსებული საერთაშორისო ვითარებისა და რისკების გათვალისწინებით ორგანიზაციამ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს თავისი დამკვირვებლები საქართველოში.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020