თენგიზ არჩვაძე

ცოცხალ ლეგენდას თენგიზ არჩვაძეს 88 წელი შეუსრულდა

258
(განახლებულია 19:18 03.08.2020)
„პოპულარობა მტანჯავს. ქალაქში მცნობენ და ცდილობენ მასიამოვნონ, მე კი უკანმოუხედავად გავრბივარ. ადამიანურად, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ პოპულარობა მაინც იაფფასიან ესტრადას ჰგავს“, — თენგიზ არჩვაძე.

საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ყველასთვის საყვარელ მსახიობს თენგიზ არჩვაძეს დღეს 88 წელი შეუსრულდა. ის მსახიობთა იმ შესანიშნავი პლეადის წარმომადგენელია, რომელმაც 60-80-იანი წლების ქართულ თეატრსა და კინოს უდიდესი წარმატება მოუტანა.

თენგიზ არჩვაძე
Courtesy of Tengiz Archvadze
თენგიზ არჩვაძე

გამორჩეული სილამაზით დასამახსოვრებელი მომავალი მსახიობი 1932 წლის 3 აგვისტოს დაიბადა თბილისში. წარმოშობით საქართველოს ულამაზესი კუთხიდან, რაჭიდანაა. მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ რაჭაში, ბაბუასთან ცხოვრობდა.

„ხელოვნების ქურუმი“: თენგიზ არჩვაძეს უმაღლეს ჯილდოს გადასცემენ>>

წყნარ, მეოცნებე და გულჩათხრობილ ბავშვს ხატვა ყველაფერს ერჩივნა: „ვხატავდი ცარცით, ნახშირით, რაც მომხვდებოდა ხელში, სადაც მომიწევდა — ყველგან და ყველაფერზე. ხატვის სიყვარული არასოდეს გამნელებია. ავიკიდებდი მოლბერტს და ვხატავდი წყნეთის, უძოს, კოჯრის პეიზაჟებს“. თუმცა, მოგვიანებით მან მხატვრობას მსახიობობა არჩია და თეატრალურ ინსტიტუტში უგამოცდოდ ჩაირიცხა.

თენგიზ არჩვაძემ 1956 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მალევე მუშაობა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაიწყო. 1967 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში.

კინოსა და თეატრის ორი გრანდი - თენგიზ არჩვაძე და ლეილა აბაშიძე
© photo: Sputnik /
კინოსა და თეატრის ორი გრანდი - თენგიზ არჩვაძე და ლეილა აბაშიძე

55-წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში მან 100-ზე მეტი პერსონაჟი განასახიერა და ქართველი კინომოყვარულების ერთ-ერთ უსაყვარლეს მსახიობად იქცა. არჩვაძე ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის გმირებს. ამიტომაც მის მიერ განსახიერებული უარყოფითი პერსონაჟებიც კი უყვარდათ. მართლაც, ვერავინ გაბედავს და იტყვის, რომ თენგიზ არჩვაძე სადმე, რომელიმე ეპიზოდში არის ყალბი.

თენგიზ არჩვაძის პოპულარობის ხანა იწყება 60-იანი წლების დასაწყისში, კონკრეტულად, 1961 წელს, როცა ეკრანებზე ერთდროულად გამოდის ლანა ღოღობერიძის ფილმი „ერთი ცის ქვეშ” და შოთა მანაგაძის „კეთილი ადამიანები“. არჩვაძემ ამ ფილმებში ნათამაშები როლებით ქართულ კინოში დაამკვიდრა კეთილი, ლამაზი, ვაჟკაცური ახალგაზრდა კაცის სახე, რომელიც იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ თითქმის ყოველწლიურად იწვევდნენ გადაღებაზე. 

არჩვაძემ სხვადასხვა დროს მთავარი როლები შეასრულა ისეთ გახმაურებულ ფილმებში, როგორიცაა „ხევისბერი გოჩა” (გუგუა, 1964), „ხევსურული ბალადა“ (იმედა, 1965), „მე ვხედავ მზეს“ (დათიკო, 1965), „26 კომისარი“ (ალიოშა ჯაფარიძე, აზერბაიჯანფილმი, 1966), „ვედრება“ (ალუდა ქუთელაური, 1967), „ჯვარცმული კუნძული“ (გიორგი, 1968), „დიდოსტატის მარჯვენა“ (არსაკიძე, 1969), „ანარეკლი“ (ჯაბა იმედაძე, 1972), „წიგნი ფიცისა“ (მეფე ალექსანდრე და ერეკლე II, 1983; რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია, 1985).

70-იანი წლების მიწურულს, როცა გიგა ლორთქიფანიძემ ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ ეკრანიზაცია გადაწყვიტა, თენგიზ არჩვაძე მიიწვია და მუშნი ზარანდიას როლზე დაამტკიცა. არჩვაძემ აქ პირველად თქვა უარი საკუთარ იმიჯზე – სიარულის მანერაც კი შეიცვალა. ბრწყინვალედ შესრულებული როლისთვის მან 1981 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია მიიღო.

2010 წელს თბილისს კიდევ ერთი, თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავი შეემატა. სწორედ ვარსკვლავის გახსნას უკავშირდება 10-წლიანი პაუზის შემდეგ მისი სცენაზე დაბრუნება. თენგიზ არჩვაძემ მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლში „მგზავრის წერილები“ ილია ჭავჭავაძის როლი შეასრულა. მას პარტნიორობას გივი ბერიკაშვილი უწევდა.

 პრემიები და წოდებები:

  • 1985 — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1981 — სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1979 — საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1967 — საქართველოს დამსახურებული არტისტი
258
თემები:
საქართველო და კულტურა (932)
ცისფერი გალერეა

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა

33
ეს ფერმწერი საოცრად ხატავს ზამთრის პეიზაჟებს - მისი ნახატები ერთი შეხედვით ფოტოებში შეიძლება აგერიოთ

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, „ზამთრის მხატვრის“ - გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა.

დამთვალიერებლები შუქჩრდილის ვირტუოზული „თამაშით“ განთქმული ოსტატის სხვადასხვა ნამუშევრებს ნახავენ. დოლენჯაშვილის ნახატები, რომლებსაც ის უბრალო ფანქრით ხატავს, იმდენად რეალისტურად არის შესრულებული, რომ ბევრს ფოტოები ჰგონიათ.

„შუქჩრდილი ფანტასტიკურია, არის შეგრძნება, თითქოს მთვარის შუქი თვალს ჭრის. მის ნამუშევრებში სილამაზის სივრცეები ერთდროულად არსებობს - მაყურებელი მაკროსამყაროდან მიკროსამყაროში ხვდება, თანაც ისე, რომ სუნთქვა ჩერდება. კოსმიურად მშვენიერი ზეციდან - იმერელი გლეხის ურმამდე, თიხის ქოთნის უმცირეს ბზარამდე. ტოტებზე დადებული საოცრად რეალური თოვლიდან - კვლავ განუსაზღვრელი სიმაღლის ზეცაში, მთვარისკენ, კოსმოსში“, - წერს დოლენჯაშვილის შესახებ მოსკოველი ხელოვნებათმცოდნე რაისა ნესტერენკო.

გამოფენა 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გურამ დოლენჯაშვილი 1943 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საქართველოს დამსახურებული მხატვარია, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები იყო გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, არგენტინაში, ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, ვიეტნამში, გერმანიაში, ინდოეთში, ერაყში, კვიპროსში, კუბაში, მექსიკაში, მონღოლეთში, ნიდერლანდებში, ნიკარაგუაში, პოლონეთში, რუმინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, იუგოსლავიასა და იაპონიაში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები ასევე ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში და მსოფლიოს მრავალ მუზეუმში.

33
თემები:
საქართველო და კულტურა (932)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალგაზრდა ლიტერატორებისთვის კონკურსს ატარებს

27
(განახლებულია 18:44 22.09.2020)
პროექტი განკუთვნილია დამწყები ლიტერატორებისთვის, ხოლო 2020 წლის თემა – ახალ რეალობაში ჩაძირული სამყაროს გავლენაა.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ დაწყება გამოაცხადა. კონკურსი უკვე მეთორმეტედ ტარდება, აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

თსუ-ის და კომპანია Silknet-ის ერთობლივი პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვინც ქმნის პროზაულ ნაწარმოებებს, სურს ლიტერატურული გამოცდილების მიღება, და მათი შემოქმედების საქართველოსთვის გაცნობა.

„ლიტერატურა სოლიდარობისთვის“: მწერლების მხარდასაჭერად ახალი პროექტი იწყება>>

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ. წელს კონკურსი გაფართოვდა და ის კონკურსში მონაწილეობისთვის ასევე პროფსასწავლებლების მოსწავლეებსაც იწვევს.

წლევანდელი კონკურსის კონცეფციაა – ახალი რეალობითა და რეგულაციებით შეცვლილი სამყაროს გავლენა, სადაც თითოეული ადამიანი მარტოა და, ამავე დროს, სამყაროსთან კავშირშია.

„შემოდგომის ლეგენდა“ ორ ეტაპად ტარდება. პირველ ტურში კონკურსანტებმა კონკურსის ონლაინ–აპლიკაციის მეშვეობით უნდა გაგზავნონ საკუთარი ნამუშევრები ჟანრისა და თემისგან დამოუკიდებლად.

შემდეგ ჟიური შეარჩევს ათ მონაწილეს, რომლებიც გადავლენ ფინალურ ტურში და 12 საათის განმავლობაში დაწერენ თავიანთ ნამუშევარს ჟიურის წევრების მიერ წარმოდგენილ თემაზე. ფინალური ტური გაიმართება წინანდალში, ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე.

წელს ცვლილებები შეეხო ლიტერატურული ჟიურის შემადგენლობასაც: დათო ტურაშვილის, თეონა დოლენჯაშვილისა და მაკა ლდოკონენის ტრიოს ორი ახალი წევრი – ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით გაბუნია დაემატება. ჟიურის წევრებს შორის არიან ასევე გასული წლის გამარჯვებული ცოტნე ავსაჯანიშვილი და დავით ქართველიშვილი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და კონკურსში დისტანციურად იმუშავებს.

სტუდენტურ კონკურსში გამოვლინდება სამი გამარჯვებული. ისინი დაჯილდოვდებიან 1000, 700 და 500 ლარის ოდენობის ფულადი პრიზებით თსუ-სგან და Silknet-სგან.

გამარჯვებული ნოემბერში გამოვლინდება.

27
თემები:
საქართველო და კულტურა (932)