ჯგუფი OneRepublic

პანდემიის გამო ჯგუფ OneRepublic-ის კონცერტი საქართველოში 2021 წლისთვის გადაიდო

360
მათ ვინც უკვე შეიძინა კონცერტის ბილეთები, შეუძლიათ დააბრუნონ ისინი ან 2021 წლის კონცერტისთვის შემოინახონ

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. ცნობილი ამერიკული ჯგუფის OneRepublic-ის კონცერტი, რომელიც საქართველოში, შავი ზღვის არენაზე 2020 წლის 10 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, 2021 წლისთვის გადაიდო. ამის შესახებ საკონცერტო დარბაზის Facebook-გვერდზეა აღნიშნული.

მიზეზი - Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობაა. ეს ცვლილება ეხება როგორც Nile Rodgers & CHIC-ის ღონისძიებას, ასევე One Republic-ის კონცერტს. დისკოსა და ფოლკის ამერიკელი მეფეები შავი ზღვის არენაზე 2020 წლის 18 ივლისს გეგმავდნენ გამოსვლას.

ვისაც ბილეთები უკვე შეძენილი აქვს, შეუძლია მათი დაბრუნება ან დატოვება 2021 წლის კონცერტამდე.

საკონცერტო დარბაზის Facebook-გვერდზე აღნიშნულია, რომ ბილეთის საფასურის დაბრუნების მსურველებისთვის უკვე გააქტიურებულია სპეციალური ფუნქცია Black Sea Arenа-ს ვებგვერდზე. ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია 20 სექტემბრის ჩათვლით. თუ პოპ-ჯგუფების თაყვანისმცემლები მითითებულ თარიღამდე ბილეთის საფასურს არ დაიბრუნებენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი ბილეთებს მომავალი წლის კონცერტისთვის იტოვებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, Black Sea Arena-ს გუნდი ინტენსიურად მუშაობს 2021 წლის მუსიკალური სეზონის დაგეგმვაზე და მელომანებს მალე გაახარებს ახალი ამბებით კონცერტების შესახებ.

360
თემები:
საქართველო და კულტურა (857)
ანიტა რაჭველიშვილი

ანიტა რაჭველიშვილი საბერძნეთში საოპერო ფესტივალს გახსნის

76
(განახლებულია 20:59 09.07.2020)
ფესტივალში, რომელიც ივლისში იხსნება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს, ბერძენი და უცხოეული გამოჩენილი მუსიკოსები მონაწილეობენ.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ქართველი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი 18 ივლისს საბერძნეთის ეროვნული ოპერის საზაფხულო ფესტივალის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიება ათენის ცენტრში, რომაული აგორას ტერიტორიაზე გაიმართება. ქართველი მომღერალი შეასრულებს არიებს კამილ სენ–სანსის, ჯუზეპე ვერდისა და ჯაკომო მეიერბერის ოპერებიდან.

ფესტივალი სახელწოდებით All of Greece, One Culture 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია, რომ 70 სხვადასხვა ისტორიული ღირსშესანიშნაობის სივრცეში 111 წარმოდგენა გაიმართება.

ანიტა რაჭველიშვილი თბილისში დაიბადა, დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით. საქართველოში ანიტა რაჭველიშვილის დებიუტი საოპერო სტუდიაში შედგა, სადაც ვერდის ოპერა „რიგოლეტოში" მადალენასა და ჩაისკოვსკის „ევგენი ონეგინში" ოლგას პარტიები შეასრულა.

2006 წლის შემოდგომაზე მომღერალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიღეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად მილანის „ლა სკალას" თეატრის აკადემიაში მიიწვიეს.

ანიტა რაჭველიშვილმა ჩიკაგოელი მსმენელი აღაფრთოვანა>>

ანიტა რაჭველიშვილი საერთაშორისო არენაზე ცნობილი 2009 წლის 7 დეკემბრიდან გახდა, როდესაც „ლა სკალას" სეზონის გახსნაზე „კარმენში" მთავარი პარტია შეასრულა. მომღერლის სადებიუტო სპექტაკლმა ევროპულ სცენაზე უდიდესი წარმატებით ჩაიარა, სპექტაკლს მსოფლიოს მრავალი ტელეარხი გადასცემდა.

2011 წელს შედგა რაჭველიშვილის დებიუტი ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლში", სადაც შეასრულა პრინცესა დე ბუიონის პარტია ჩილეას ოპერაში „ადრიანა ლეკურერი".

სენ-სანსის ოპერაში „სამსონი და დალილა" დალილას პარტიის შესრულებისთვის რაჭველიშვილმა მიიღო Bachtrack Opera Awards-ის პრემიის წოდება „საუკეთესო მომღერალი".

76
თემები:
საქართველო და კულტურა (857)
ნინო ჩხეიძე, კახი კავსაძე და გოვენ ჭეიშვილი გოდერძი ჩოხელის ფილმში მიჯაჭვული რაინდები

ქართველი მსახიობი გოვენ ჭეიშვილი გარდაიცვალა

144
ის შესანიშნავად მღეროდა და ასრულებდა როლებს სპექტაკლებში დედაქალაქისა და რეგიონების სხვადასხვა სცენაზე, ტელემაყურებელს კი თავი დაამახსოვრა კინოფილმებში - „რეკორდსა“ და „მიჯაჭვულ რაინდებში“ შესრულებული როლებით.

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. 80 წლის ასაკში გარდაიცვალა კინოსა და თეატრის შესანიშნავი ქართველი მსახიობი გოვენ ჭეიშვილი.

ჭეიშვილმა სახელი გაითქვა როლებით ფილმებში - „რეკორდი“, „სამოთხის ჩიტები“, „მიჯაჭვული რაინდები“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „ჩვენი ბავშვობის დრო“, „ლომა“, ოქროს ფეხი“, „ბოშები“ და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“.

მსახიობი 1940 წელს ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელმწიფო  თეატრალური ინსტიტუტის მუსიკალური განყოფილება და პუშკინის ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი.

თამაშობდა მარჯანიშვილის დრამატული თეატრისა და აბაშიძის სახ. მუსკომედიის თეატრის სცენებზე, წარმატებით გამოდიოდა ესტრადაზეც. 1996 წლიდან ჭეიშვილი ქუთაისის მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო.

მსახიობის გარდაცვალების გამო მის ოჯახს მიუსამძიმრა იმერეთის რეგიონის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.

„ქართულმა ხელოვნებამ კიდევ ერთი განუმეორებელი მსახიობი დაკარგა, საქართველოს დამსახურებული არტისტი, კინოსა და თეატრის მსახიობი გოვენ ჭეიშვილი ("ხუტა უფროსი") იყო არა მარტო ნიჭიერი მსახიობი, არამედ ღირსეული ადამიანი, რომლის წასვლა დანაკლისი იქნება განურჩევლად ყველასთვის, ვინც პირადად იცნობდა და ვისაც მის მიერ შესრულებული როლები მოსწონდა და უყვარდა, ის დააკლდება ჩვენს იმერეთს, ქუთაისს, როგორც ძალიან კარგი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი“, - წერს გუბერნატორი თავის Facebook-გვერდზე.

გოვენ ჭეიშვილთან დამშვიდობების ცერემონია ქუთაისის წმინდა სამების ტაძარში 9 ივლისს გაიმართება.

144
თემები:
საქართველო და კულტურა (857)
ლაბორატორია

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

0
(განახლებულია 09:56 10.07.2020)
ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 846 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4851, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 231 პაციენტია

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ხუთით გაიზარდა და 973-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 846 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4851, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 231 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში