პირდაპირი ტრანსლაციის კამერა

ქართველი დოკუმენტალისტები საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში მონაწილეობენ

62
პროგრამის მონაწილეები მიიღებენ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს, რომლებიც შეეხება პროექტების თემის, თხრობის და ვიზუალური სტილის შემუშავებას

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. ქართული დოკუმენტური ფილმ „მომღიმარე საქართველოს“ პროექტი მოხვდა საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში Ex Oriente Film და 2020 წლის ტრენინგ-პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

ვენეციის კინოფესტივალი პანდემიის გამო არ გადაიდება >>

Ex Oriente Film – დოკუმენტური კინოს პროფესიონალებისთვის საერთაშორისო სასწავლო პროგრამა, რომელიც შექმნილია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმების შემუშავება-ფინანსირების მხარდასაჭერად.

პროგრამის მონაწილეები მიიღებენ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს თავიანთი პროექტების თემის, თხრობის და ვიზუალური სტილის შემუშავებისთვის. გარდა ამისა, შერჩეულ პროექტებს დაეხმარებიან დაფინანსების კუთხით, ასევე საერთაშორისო პარტნიორების ძებნაში.

საერთაშორისო პროგრამის 12 შერჩეულ პროექტს შორის აღმოჩნდა ასევე ქართველი რეჟისორის, ლუკა ბერაძის ფილმი „მომღიმარე საქართველო“. ფილმის პროდიუსერები გახდნენ ნინო ჩიჩუა და ანა ხაზარაძე. აღსანიშნავია, რომ ფილმის პროექტმა ასევე საქართველოს კინოცენტრის დაფინანსებაც მოიგო.

საინტერესოა, რომ წელს სხვა უცხოელ გამოცდილ პედაგოგებს შორის იქნება ქართველი რეჟისორი სალომე ჯაში.

პირველი სესია პროგრამის მონაწილეებისათვის ონლაინ ფორმატში 22-27 ივნისს გაიმართება, მეორე სესია ჩეხეთის ქალაქ იგლავაში 2020 წლის ოქტომბერში შედგება, ხოლო მესამე სესია პრაღაში 2021 წლის მარტშია დაგეგმილი.

62
თემები:
ქართული კინო (89)
ანიტა რაჭველიშვილი

ანიტა რაჭველიშვილი საბერძნეთში საოპერო ფესტივალს გახსნის

76
(განახლებულია 20:59 09.07.2020)
ფესტივალში, რომელიც ივლისში იხსნება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს, ბერძენი და უცხოეული გამოჩენილი მუსიკოსები მონაწილეობენ.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ქართველი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი 18 ივლისს საბერძნეთის ეროვნული ოპერის საზაფხულო ფესტივალის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიება ათენის ცენტრში, რომაული აგორას ტერიტორიაზე გაიმართება. ქართველი მომღერალი შეასრულებს არიებს კამილ სენ–სანსის, ჯუზეპე ვერდისა და ჯაკომო მეიერბერის ოპერებიდან.

ფესტივალი სახელწოდებით All of Greece, One Culture 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია, რომ 70 სხვადასხვა ისტორიული ღირსშესანიშნაობის სივრცეში 111 წარმოდგენა გაიმართება.

ანიტა რაჭველიშვილი თბილისში დაიბადა, დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით. საქართველოში ანიტა რაჭველიშვილის დებიუტი საოპერო სტუდიაში შედგა, სადაც ვერდის ოპერა „რიგოლეტოში" მადალენასა და ჩაისკოვსკის „ევგენი ონეგინში" ოლგას პარტიები შეასრულა.

2006 წლის შემოდგომაზე მომღერალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიღეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად მილანის „ლა სკალას" თეატრის აკადემიაში მიიწვიეს.

ანიტა რაჭველიშვილმა ჩიკაგოელი მსმენელი აღაფრთოვანა>>

ანიტა რაჭველიშვილი საერთაშორისო არენაზე ცნობილი 2009 წლის 7 დეკემბრიდან გახდა, როდესაც „ლა სკალას" სეზონის გახსნაზე „კარმენში" მთავარი პარტია შეასრულა. მომღერლის სადებიუტო სპექტაკლმა ევროპულ სცენაზე უდიდესი წარმატებით ჩაიარა, სპექტაკლს მსოფლიოს მრავალი ტელეარხი გადასცემდა.

2011 წელს შედგა რაჭველიშვილის დებიუტი ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლში", სადაც შეასრულა პრინცესა დე ბუიონის პარტია ჩილეას ოპერაში „ადრიანა ლეკურერი".

სენ-სანსის ოპერაში „სამსონი და დალილა" დალილას პარტიის შესრულებისთვის რაჭველიშვილმა მიიღო Bachtrack Opera Awards-ის პრემიის წოდება „საუკეთესო მომღერალი".

76
თემები:
საქართველო და კულტურა
ნინო ჩხეიძე, კახი კავსაძე და გოვენ ჭეიშვილი გოდერძი ჩოხელის ფილმში მიჯაჭვული რაინდები

ქართველი მსახიობი გოვენ ჭეიშვილი გარდაიცვალა

144
ის შესანიშნავად მღეროდა და ასრულებდა როლებს სპექტაკლებში დედაქალაქისა და რეგიონების სხვადასხვა სცენაზე, ტელემაყურებელს კი თავი დაამახსოვრა კინოფილმებში - „რეკორდსა“ და „მიჯაჭვულ რაინდებში“ შესრულებული როლებით.

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. 80 წლის ასაკში გარდაიცვალა კინოსა და თეატრის შესანიშნავი ქართველი მსახიობი გოვენ ჭეიშვილი.

ჭეიშვილმა სახელი გაითქვა როლებით ფილმებში - „რეკორდი“, „სამოთხის ჩიტები“, „მიჯაჭვული რაინდები“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „ჩვენი ბავშვობის დრო“, „ლომა“, ოქროს ფეხი“, „ბოშები“ და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“.

მსახიობი 1940 წელს ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელმწიფო  თეატრალური ინსტიტუტის მუსიკალური განყოფილება და პუშკინის ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი.

თამაშობდა მარჯანიშვილის დრამატული თეატრისა და აბაშიძის სახ. მუსკომედიის თეატრის სცენებზე, წარმატებით გამოდიოდა ესტრადაზეც. 1996 წლიდან ჭეიშვილი ქუთაისის მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო.

მსახიობის გარდაცვალების გამო მის ოჯახს მიუსამძიმრა იმერეთის რეგიონის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.

„ქართულმა ხელოვნებამ კიდევ ერთი განუმეორებელი მსახიობი დაკარგა, საქართველოს დამსახურებული არტისტი, კინოსა და თეატრის მსახიობი გოვენ ჭეიშვილი ("ხუტა უფროსი") იყო არა მარტო ნიჭიერი მსახიობი, არამედ ღირსეული ადამიანი, რომლის წასვლა დანაკლისი იქნება განურჩევლად ყველასთვის, ვინც პირადად იცნობდა და ვისაც მის მიერ შესრულებული როლები მოსწონდა და უყვარდა, ის დააკლდება ჩვენს იმერეთს, ქუთაისს, როგორც ძალიან კარგი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი“, - წერს გუბერნატორი თავის Facebook-გვერდზე.

გოვენ ჭეიშვილთან დამშვიდობების ცერემონია ქუთაისის წმინდა სამების ტაძარში 9 ივლისს გაიმართება.

144
თემები:
საქართველო და კულტურა
მყიდველები ბაზარში

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/10 ივლისი

86398
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის წინ მოიხსნა, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აგრძელებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ამავე დროს მთავრობა და ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოფისებსა და მაღაზიებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია პირბადის გარეშე ყოფნა და კონდიციონერების ჩართვა;

  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე;
  • დახურულ სივრცეებში აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;
  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • ადამიანების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია სპლიტ-სისტემის კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს იღებენ შენობიდან, აგრილებენ და ისევ აბრუნებენ. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებს მოიცავს (ჰაერი შენობაში გარედან შეაქვს).

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 968 ადამიანს შეადგენს, აქედან 844 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

15 ივნისიდან აღდგა შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო საზღვრებს უცხოელი ტურისტებისთვის გახსნის.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4851, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 231 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
86398
თემები:
COVID-19 საქართველოში