ქართველი მეფე თეიმურაზ II-ის პორტრეტი

ერთი პორტრეტის ისტორია: როგორ მიულოცა Google-მა საქართველოს მუზეუმების საერთაშორისო დღე

88
(განახლებულია 20:30 18.05.2020)
ასეთი მასშტაბური ვირტუალური გამოფენა, რომელიც ეძღვნება ერთადერთ ნამუშევარს კავკასიის რეგიონიდან, პირველად ტარდება

თბილისი, 18 მაისი - Sputnik. ვირტუალური გამოფენით, რომელიც ქართველი მეფე თეიმურაზ II-ის 1761 წელს, მის სიცოცხლეშივე შექმნილი ისტორიული პორტრეტის მოგზაურობას ეძღვნება, მიულოცა საქართველოს მუზეუმების საერთაშორისო დღე ინტერნეტის სახელოვნებო პლატფორმამ - Google Arts & Culture, რომლის მეშვეობითაც ინტერნეტ სივრცეში შესაძლებელია ხელოვნების ნიმუშების ხარისხიანი გამოსახულებების დათვალიერება.

„ასეთი მასშტაბური ვირტუალური გამოფენა, რომელიც კავკასიის რეგიონიდან ერთადერთ ნამუშევარს ეძღვნება, პირველად იმართება, - აღნიშნავს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია. - ამ თემაზე Google-ის სპეციალისტები და თბილისის ხელოვნების სასახლის თანამშრომლები რამდენიმე თვე მუშაობდნენ. გამოფენა მოგვითხრობს უნიკალური პორტრეტის მოგზაურობის, მისი შექმნისა და დაკარგვის ისტორიას“.

პორტრეტი შეგიძლიათ იხილოთ Google Arts & Culture-ზე საუკეთესო ხარისხში და მას ეტყობა ტილოს ის ფრაგმენტები, რომლებიც დაზიანდა და შემდგომში რესტავრირდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მეფე თეიმურაზ II-ის პორტრეტი საქართველოს 2018 წელს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური დახმარებით დაუბრუნდა.

თბილისის ხელოვნების სასახლის ექსპერტები ტილოს შეძენაზე მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ცნობილ ამერიკულ ვირტუალურ გალერეა 1Stdibs-სთან. რის შემდეგაც ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია დაუკავშირდა ფონდ „ქართუს“, რომელიც ფინანსურად და საორგანიზაციო საქმით დაეხმარა სურათის შეძენაში. უნიკალური პორტრეტი ფონდმა 38 400 დოლარად შეიძინა და ხელოვნების სასახლეს გადასცა.

როგორც ადრე კულტურის სამინისტროში აღნიშნეს, მეფე თეიმურაზის პორტრეტის სამშობლოში დაბრუნება მეტად სიმბოლურია, რადგან თავად მეფე თეიმურაზი 1761 წელს პეტერბურგში გაემგზავრა ირანის წინააღმდეგ აღმოსავლეთ საქართველოს ბრძოლაში დახმარების სათხოვნელად, თუმცა უშედეგოდ. ამ მოგზაურობიდან იგი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა და ასტრახანში დაიკრძალა.

პორტრეტის ისტორია

ისტორია გვიამბობს, რომ ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ II-მ იმდენად მოხიბლა რუსეთის იმპერატრიცა ელისაბედ II თავისი გარეგნობით, რომ ამ უკანასკნელმა სამეფო კარის ყველაზე ცნობილ მხატვარს ალექსეი ანტროპოვს ქართველი მეფის პორტრეტის დახატვა უბრძანა. ალექსეი პეტრეს ძე ანტროპოვმა (1716-1795) - რუსმა მხატვარმა, დეკორატორ-მონუმენტალისტმა, ბაროკოს სტილის წარმომადგენელმა, ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ქვეყანაში წარჩინებულთა პორტრეტების ხატვა.

1761 წლის ივნისში თეიმურაზ II-მ დაათვალიერა რუსეთის იმპერიის მეცნიერებათა აკადემიის ტიპოგრაფია, სადაც მას საჩუქრად გადასცეს ანტროპოვის ორიგინალის მიხედვით შექმნილი გრავიურა. ექსპონატის მარჯვენა კუთხეში არის წარწერა, რომელიც ადასტურებს ფაქტს, რომ გრავიურა ანტროპოვის სურათის მიხედვით 1761 წელს ოსტატების - ვინოგრადოვისა და ეფიმოვის მიერაა შესრულებული. რუსეთის მუზეუმებში ამ გრავიურის რამდენიმე ეგზემპლარი ინახება.

საინტერესოა, რომ აღნიშნული გრავიურა ქართველი მეფის ყველაზე ძველ და ერთადერთ პორტრეტად ითვლებოდა. თეიმურაზ მეფის ყველა მომდევნო პორტრეტი (მათ შორის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციაში დაცული გვიანდელი ასლი) ზემოხსენებული გრავიურის მიხედვით შეიქმნა.

უნდა აღინიშნოს, რომ ანტროპოვის მიერ შესრულებული თეიმურაზის ორიგინალური პორტრეტი ბოლო დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. ამასთან, 2018 წლის ოქტომბერში გალერეა 1Stdibs-მა აუქციონზე გამოიტანა ვინოგრადოვისა და ეფიმოვის გრავიურის იდენტური უნიკალური პორტრეტი. დაემთხვა ყველა დეტალი: სამოსი, გაფორმება, ორნამენტები თავსაბურავსა და სამოსზე, ასევე სახის ყველა დეტალი.

საექსპერტო დასკვნის თანახმად, სურათი დათარიღებულია დაახლოებით 1760-იანი წლებით. შედეგად თბილისის ხელოვნების სასახლის ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ საქმე ჰქონდათ უნიკალურ აღმოჩენასთან, კერძოდ კი - ალექსეი ანტროპოვის მიერ შესრულებულ თეიმურაზ II-ის ორიგინალურ პორტრეტთან, რომელიც დაკარგულად იყო მიჩნეული.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოში ინახება ქართველ მეფეთა სიცოცხლეშივე შექმნილი ორიგინალური პორტრეტების მეტად მწირი რაოდენობა. ესენია ვახტანგ VI-ის, ერეკლე II-ის, გიორგი ХII-ისა და აწ უკვე თეიმურაზ II-ის პორტრეტები.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფონდი „ქართუ“ სამშობლოში აბრუნებს ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძვირფას ნიმუშებს. 2015-16 წლებში ფონდმა საქართველოს დაუბრუნა ლეგენდარული ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“ და „შველი წყლის პირას“. ეს ნახატები ბიძინა ივანიშვილს 5,5 მილიონი ლარი დაუჯდა. ფონდი „ქართუ“ აქტიურადაა დაკავებული ასევე საქართველოს ისტორიული ძეგლების რესტავრაციით.

88
თემები:
საქართველო და კულტურა (828)
გიორგი ნადიბაიძე – The Voice–ის გამარჯვებული

The Voice „პირველ არხზე“ გადადის

34
(განახლებულია 21:31 01.06.2020)
კონკურსზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ის ონლაინ–რეჟიმში მიმდინარეობს. შემდეგ გაიმართება კასტინგი და დასახელდება ჟიურის შემადგენლობა.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ სასიმღერო კონკურსის The Voice ახალ სეზონს ამზადებს. რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

როგორც ოგანიზატორები აცხადებენ, მსურველები ჯერ უნდა დარეგისტრირდნენ ინტერნეტ-გვერდზე, ხოლო შემდეგ სახლიდან გაუსვლელად გაიარონ კასტინგი.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ჟიურიში. გასულ წელს მის შემადგენლობაში შედიოდნენ ქეთა თოფურია, ანრი ჯოხაძე, ნოდიკო ტატიშვილი და ნუცა შანშიაშვილი.

The Voice ვოკალური სატელევიზიო შოუა. ის 2012 წლიდან ტელეარხ „იმედზე“ გადიოდა, ახლა კი „პირველ არხზე“ გავა.

პროგრამას ადრე „ახალი ხმა“ ერქვა. პირველი ორი სეზონის გამარჯვებული არიან სალომე ქათამაძე და მარიამ ჩაჩხიანი. პროექტი The Voice-ის ორიგინალური ფორმატის ანალოგია, რომელიც პირველად ჰოლანდიურ ТВ RTL4-ზე გამოჩნდა, როგორც The Voice of Holland.

34
თემები:
საქართველო და კულტურა (828)
ნახატი

ესპანეთში ქართველმა ემიგრანტმა ბავშვებმა ნახატების კონკურსში მიიღეს მონაწილეობა

49
(განახლებულია 16:33 01.06.2020)
ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა ილია გიორგაძემ მადლობა გადაუხადა ესპანეთში ქართული ეკლესიების წინამძღვრებს, დიასპორების წარმომადგენლობებს, საკვირაო სკოლებსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას კორკურსის მხარდაჭერისთვის.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ქართველმა ემიგრანტმა ბავშვებმა ბარსელონიდან, მადრიდიდან, ბილბაოდან, ვიტორიიდან, ვალენსიიდან, მალაგიდან, ალიკანტედან, ბურგოსიდან, არნედოდან და სხვა ქალაქებიდან ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ნახატების ონლაინ გამოფენა-კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.

კონკურსზე ნახატები 109 ბავშვმა გაგზავნა. ონლაინ-კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ 9 წლის ანასტასია ჩაჩხიანი (ბარსელონა), 7 წლის სანდრო გრიგოლია (ბარსელონა) და 8 წლის ბარბარე რურუა (ბურგოსი). მადრიდის საკვირაო სკოლის 8 წლის მოსწავლე ლუკა ავალიშვილს კი სპეციალური პრიზი გადაეცა. 

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ მადლობა გადაუხადა ესპანეთში ქართული ეკლესიების წინამძღვრებს, დიასპორების წარმომადგენლობებს, სოციალურ და შემოქმედებით გაერთიანებებს, საკვირაო სკოლებსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას კორკურსის მხარდაჭერისთვის.

„თითოეული ბავშვის ნამუშევარი იყო გამორჩეული და მნიშვნელოვანი გამოფენისთვის, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენს Facebook-გვერდზე. ბავშვების მიერ დანახულ ჩვენი ქვეყნის მომავალს ნათლად ასახავს საქართველოს გერბზე წარწერა „ძალა ერთობაშია” და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჯანმრთელი, დაცული, განათლებული და ბედნიერი მომავალი თაობა გვყავდეს“, – განაცხადა გიორგაძემ.

1 ივნისს ცივილიზებული მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ბავშვები სიცოცხლის გაგრძელება, ქვეყნის მომავალია. მათი გაფთხილება, უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა – მომავალზე ზრუნვაა. ჩვენთვის, ისევე, როგორც ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა უფლებების დაცვას, მათი ჯანმრთელობისათვის ზრუნვას, ზნეობრივი ღირებულებებით მათ აღზრდას“, – ნათქვამია ესპანეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

თითოეულ გამარჯვებულს სერტიფიკატები და პრიზები გადაეცემა, რომელთა მისაღებადაც შესაბამისი პირები 8 ივნისიდან საელჩოს უნდა დაუკავშირდნენ.

49
აყვავებული ტრახიკარპუს ფორჩუნა

სოციალურ ქსელში შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ულამაზესი ფოტოები ვრცელდება

0
(განახლებულია 12:15 02.06.2020)
15 ივლისს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი დამთვალიერებლებს მიიღებს. მანამდე კი შეგიძლიათ ნახოთ, რა დაგხვდებათ იქ

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. სოციალურ ქსელში ფოტოხელოვან ბადრი ვადაჭკორიას მიერ გადაღებული ფოტოები გავრცელდა.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი 15 ივლისს ოფიციალურად გაიხსნება, მანამდე კი, ფოტოების საშუალებით დენდროლოგიური პარკის ბინადრების და იქ არსებული ვითარების დათვალიერებაა შესაძლებელი.

დენდროლოიგური პარკი ოზურგეთის რაიონში წვერმაღალასა და შეკვეთილის ტერიტორიაზე 60 ჰექტარზე, ზღვასა და მთას შორის არის გაშენებული.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, მსოფლიოში არსებულ შვიდ დენდროლოგიურ პარკს შორის მერვე, შეკვეთილის პარკი, ყველაზე მრავალფეროვანი და მასშტაბური იქნება.

აქ თავმოყრილია, არა მხოლოდ ქართული, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეები.

მსოფლიოს და საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან პარკში გადარგული ხეების გამო, დენდროლოგიური პარკის მშენებლობას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დენდროლოგიური პარკების შექმნაზე კოლოსალურ ფულს ხარჯავს. მისი თქმით, ეს ფული არ ღირს ამ საქმედ, თუმცა მზადაა ამაზე თვალი დახუჭოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს ბიუჯეტში უკვე შევიდა 14 მილიონი ლარი, ასევე შეიძინეს სამი ბორანი და სატვირთო ავტომობილი, რომლებსაც უზარმაზარი ხეების გადატანა შეუძლიათ. ეს ყველაფერი მომავალში საქართველოს დარჩება.

0