ქვევრი

სეულში ქართული ღვინის საღამო გაიმართა

49
(განახლებულია 12:22 04.02.2020)
საღამოზე მიწვეული იყვნენ შეფ-მზარეულები, სეულის ცნობილი რესტორნებისა და კვების ობიექტების სომელიები და ასევე ჟურნალისტები.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. სეულში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საღამოს ღვინის ერთ-ერთმა სპეციალიზებულმა რესტორანმა უმასპინძლა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული მეღვინეობის უძველესი ტრადიცია, სხვადასხვა სახეობის ღვინოები, მათ შორის, ქვევრის ღვინო.

საღამოზე მიწვეული იყვნენ შეფ-მზარეულები, სეულის ცნობილი რესტორნებისა და კვების ობიექტების სომელიები და ასევე ჟურნალისტები.

რამდენიმე წლის წინ საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარეს. ექვსი მეცნიერი, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის პატრიკ მაკგოვერნის ხელმძღვანელობით, სამი წლის განმავლობაში ადგენდა ლეგენდარული სასმელის სამშობლოს.

მეცნიერებმა საფუძვლიანად შეისწავლეს სხვადასხვა პერიოდში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალები, მათ შორის უძველესი ყურძნის წიპწები, თიხის ჭურჭლის კედლებზე ღვინისათვის დამახასიათებელი ლექი, რომელიც საბოლოოდ ღვინო აღმოჩნდა.

საქართველო ვაზისა და მევენახეობის კულტურის უძველესი კერაა, რასაც არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს. საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.

2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა..

49
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (67)