როდესაც წიგნი საჩუქარია: თბილისში წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიხსნა

© photo: Sputnikწიგნის ბაზრობა
წიგნის ბაზრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის მიზანი საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობის დონის ამაღლება და კითხვის პოპულარიზაციაა.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. თუ თქვენ თვლით, რომ წიგნი საუკეთესო საახალწლო საჩუქარია, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ წიგნის საახალწლო ბაზრობას, რომელიც თბილისში პარასკევს, 27 დეკემბერს გაიხსნა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა - Sputnik საქართველო
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა

სადღესასწაულო ბაზრობა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 30 დეკემბრამდე გასტანს. სტუმრებს ბევრი სიურპრიზი, ახალი წიგნების პრეზენტაციები და გრანდიოზული ფასდაკლებები ელოდებათ.

გარდა ამისა, ღონისძიების ყველა დამთვალიერებელი შეძლებს მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას და ახალგაზრდა ავტორების მხარდაჭერას ეძღვნება. საბავშვო ლიტერატურასა და პროდუქციას ცალკე სექციები დაეთმობა.

წელს ღონისძიებაში მონაწილეობენ გამომცემლობები: „დიოგენე", „ინდიგო", „ინტელექტი", „პალიტრა L", „წიგნები ბათუმში", „მერიდიანი" – სულ 25 გამომცემლობა.

"სამი დღის განმავლობაში წიგნის მოყვარულთ ბევრი სიახლე და სიურპრიზი ელოდებათ. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოს გამომცემლობების უმეტესობა გვთავაზობს უპრეცედენტო ფასდაკლებებს როგორც ძველ, ისე ახალ გამოცემებზე", – ნათქვამია ღონისძიების ანონსში.

ბაზრობის დახურვის დღეს, 29 დეკემბერს, 17:00 საათზე ბავშვებისთვის კალიგრაფ დავით მაისურაძის მასტერ-კლასი გაიმართება.

ფესტივალი წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ 2014 წელს დააფუძნა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება. ფესტივალის მიზანი საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობის დონის ამაღლება და კითხვის პოპულარიზაციაა. გარდა ამისა, ღონისძიების ინიციატორებს საახალწლოდ ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრება სურთ.

ბიბლიოთეკის მისამართი: თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა, 7. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. თბილისის საახალწლო ფესტივალის ოფიციალური პარტნიორები არიან პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოში აშშ-ის საელჩო.

ყველა ახალი ამბავი
0