ნინო ჩაკვეტაძე

თბილისში ნინო ჩაკვეტაძის საშობაო გამოფენა გაიხსნება

105
(განახლებულია 15:25 06.12.2019)
გამოფენაზე მხატვრის მიერ შესრულებულ საინტერესო ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ნაძვის ხის ძველი სათამაშოების უნიკალური კოლექცია.

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვრის ნინო ჩაკვეტაძის ნახატების საშობაო გამოფენა–გაყიდვა გალერეა Nocha-ში 10 დეკემბერს გაიხსნება.

დამთვალიერებელი იხილავს 20 ახალ ფერწერულ ტილოს. გალერეაში ასევე შესაძლებელი იქნება მხატვრის მიერ გაფორმებული სადღესასწაულო აქსესუარებისა და საჩუქრების შეძენა, რომელთა შორისაა ლამაზი კალენდრები, ღია ბარათები, ნაძვის ხის სათამაშოები, სუფრები და სხვა სუვენირები. 

აქვე იქნება წარმოდგენილი ნაძვის ხის ძველი სათამაშოების უნიკალური კოლექცია.

„ჩვენს გალერეაში დაგხვდებათ თბილი, ნოსტალგიური და საშობაო განწყობა!“ – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.

გამოფენის დათვალიერება გალერეა Nocha-ში (მ. ზანდუკელის ქუჩა, 12) 18 იანვრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. გალერეა მუშაობს ყოველდღე, 12:00-დან 19:00 საათამდე. ახალი წლის დღეებში – 1 და 2 იანვარს გალერეა დაკეტილი იქნება, 3 რიცხვიდან კი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

105
თემები:
საქართველო და კულტურა (932)
ცისფერი გალერეა

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა

121
ეს ფერმწერი საოცრად ხატავს ზამთრის პეიზაჟებს - მისი ნახატები ერთი შეხედვით ფოტოებში შეიძლება აგერიოთ

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, „ზამთრის მხატვრის“ - გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა.

დამთვალიერებლები შუქჩრდილის ვირტუოზული „თამაშით“ განთქმული ოსტატის სხვადასხვა ნამუშევრებს ნახავენ. დოლენჯაშვილის ნახატები, რომლებსაც ის უბრალო ფანქრით ხატავს, იმდენად რეალისტურად არის შესრულებული, რომ ბევრს ფოტოები ჰგონიათ.

„შუქჩრდილი ფანტასტიკურია, არის შეგრძნება, თითქოს მთვარის შუქი თვალს ჭრის. მის ნამუშევრებში სილამაზის სივრცეები ერთდროულად არსებობს - მაყურებელი მაკროსამყაროდან მიკროსამყაროში ხვდება, თანაც ისე, რომ სუნთქვა ჩერდება. კოსმიურად მშვენიერი ზეციდან - იმერელი გლეხის ურმამდე, თიხის ქოთნის უმცირეს ბზარამდე. ტოტებზე დადებული საოცრად რეალური თოვლიდან - კვლავ განუსაზღვრელი სიმაღლის ზეცაში, მთვარისკენ, კოსმოსში“, - წერს დოლენჯაშვილის შესახებ მოსკოველი ხელოვნებათმცოდნე რაისა ნესტერენკო.

გამოფენა 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გურამ დოლენჯაშვილი 1943 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საქართველოს დამსახურებული მხატვარია, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები იყო გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, არგენტინაში, ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, ვიეტნამში, გერმანიაში, ინდოეთში, ერაყში, კვიპროსში, კუბაში, მექსიკაში, მონღოლეთში, ნიდერლანდებში, ნიკარაგუაში, პოლონეთში, რუმინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, იუგოსლავიასა და იაპონიაში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები ასევე ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში და მსოფლიოს მრავალ მუზეუმში.

121
თემები:
საქართველო და კულტურა (932)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალგაზრდა ლიტერატორებისთვის კონკურსს ატარებს

40
(განახლებულია 18:44 22.09.2020)
პროექტი განკუთვნილია დამწყები ლიტერატორებისთვის, ხოლო 2020 წლის თემა – ახალ რეალობაში ჩაძირული სამყაროს გავლენაა.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ დაწყება გამოაცხადა. კონკურსი უკვე მეთორმეტედ ტარდება, აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

თსუ-ის და კომპანია Silknet-ის ერთობლივი პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვინც ქმნის პროზაულ ნაწარმოებებს, სურს ლიტერატურული გამოცდილების მიღება, და მათი შემოქმედების საქართველოსთვის გაცნობა.

„ლიტერატურა სოლიდარობისთვის“: მწერლების მხარდასაჭერად ახალი პროექტი იწყება>>

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ. წელს კონკურსი გაფართოვდა და ის კონკურსში მონაწილეობისთვის ასევე პროფსასწავლებლების მოსწავლეებსაც იწვევს.

წლევანდელი კონკურსის კონცეფციაა – ახალი რეალობითა და რეგულაციებით შეცვლილი სამყაროს გავლენა, სადაც თითოეული ადამიანი მარტოა და, ამავე დროს, სამყაროსთან კავშირშია.

„შემოდგომის ლეგენდა“ ორ ეტაპად ტარდება. პირველ ტურში კონკურსანტებმა კონკურსის ონლაინ–აპლიკაციის მეშვეობით უნდა გაგზავნონ საკუთარი ნამუშევრები ჟანრისა და თემისგან დამოუკიდებლად.

შემდეგ ჟიური შეარჩევს ათ მონაწილეს, რომლებიც გადავლენ ფინალურ ტურში და 12 საათის განმავლობაში დაწერენ თავიანთ ნამუშევარს ჟიურის წევრების მიერ წარმოდგენილ თემაზე. ფინალური ტური გაიმართება წინანდალში, ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე.

წელს ცვლილებები შეეხო ლიტერატურული ჟიურის შემადგენლობასაც: დათო ტურაშვილის, თეონა დოლენჯაშვილისა და მაკა ლდოკონენის ტრიოს ორი ახალი წევრი – ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით გაბუნია დაემატება. ჟიურის წევრებს შორის არიან ასევე გასული წლის გამარჯვებული ცოტნე ავსაჯანიშვილი და დავით ქართველიშვილი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და კონკურსში დისტანციურად იმუშავებს.

სტუდენტურ კონკურსში გამოვლინდება სამი გამარჯვებული. ისინი დაჯილდოვდებიან 1000, 700 და 500 ლარის ოდენობის ფულადი პრიზებით თსუ-სგან და Silknet-სგან.

გამარჯვებული ნოემბერში გამოვლინდება.

40
თემები:
საქართველო და კულტურა (932)
მიხეილ ჩხენკელი

ჩხენკელი: აჭარის რეგიონის მოსწავლეები სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ

0
(განახლებულია 15:09 24.09.2020)
საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 259-ით გაიზარდა.

თბილისი,  24 სექტემბერი - Sputnik. აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება, განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ეპიდემიოლოგებმა აჭარას COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით „წითელი ზონა“ უკვე უწოდეს - ბოლო 24 საათში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის  I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან,  ფოთსა და გორში კი  სკოლებს ყველა კლასის მოსწავლე დაუბრუნდება. 

„დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი წარიმართოს საკლასო ოთახებში.   ყველა სკოლა, სადაც სასწავლო პროცსი  განახლდება, სრულ მზადყოფნაშია, რათა სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იყოს დაცული“, – განაცხადა ჩხენკელმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აჭარის გარდა, ყველა რეგიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სკოლის ტერიტორიაზე, სპეციალურად განკუთვნილ რესურს–ოთახში შეხვდნენ სპეცმასწავლებელს.  1 ოქტომბრიდან შემუშავდება  სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სკოლები მშობლებთან შეათანმხებენ, განაცხადა ჩხენკელმა.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით დისტანციურად გაგრძელდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება.

0
თემები:
განათლება საქართველოში