თამუსია ტაბატაძე

ქართველი დიზაინერი, რომლის სამკაული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება

2738
(განახლებულია 18:58 27.11.2019)
თამუსია ტაბატაძის მიერ ბისერებით შექმნილი დახვეწილი სამკაული დიდი ოსტატობით არის შესრულებული და განსაკუთრებული ორიგინალურობით გამოირჩევა

თამუსია პროფესიით ეკონომისტია, თუმცა ამ სფეროში თავის თავს ვერ ხედავდა, ამიტომ გადავწყვიტა ესწავლა ის, რაც მთელი გულით სურდა. ფერადი ბისერებით მოიხიბლა და ეს გატაცება შემდეგ სერიოზულ საქმიანობად აქცია. მისი სამკაული გამოირჩევა დახვეწილი ორნამენტებით, საოცარი კომბინაციებით და თვალისმომჭრელი სილამაზით.

ბისერებით შექმნილი სამკაული
photo: courtesy of Tamusia Tabatadze
ბისერებით შექმნილი სამკაული

- გაგიკვირდებათ და პროფესიით ეკონომისტი ვარ. ახლა რომ მკითხოთ, რატომ ავირჩიე ეს პროფესია, სიმართლე გითხრათ პასუხი არ მაქვს. თუმცა მაშინ დიდი მონდომებით შევუდექი მის დაუფლებას. არც ისე გვიან მივხვდი, რომ ეს სფერო ჩემი სიამოვნების წყარო არ იყო. სიყვარულით კეთება შედეგის უმაღლესი ხარისხის გარანტია მგონია და ალბათ ამიტომ გადავწყვიტე მესწავლა ის, რაც მთელი გულით მსურდა. აი ასე, ჩემით, დამოუკიდებლად ვისწავლე აქსესუარებზე მუშაობა და ახლა უკვე თვითნასწავლი დიზაინერის რეგალია მაქვს. შესაძლოა, ეკონომისტი თამუსია ვყოფილიყავი, მაგრამ დიზაინი, ფორმა და შინაარსი, ეს უკვე ბევრი წელია ჩემი საყვარელი საქმიანობაცაა და ძირითადი პროფესიაც. „თამუსიები“ მე ვარ, ჩემი განწყობა, ხასიათი და ემოციებია. დაახლოებით შვიდი წელია „თამუსიებზე“ ვმუშაობ და ჩემი ძირითადი ხაზი უმეტესად ქალბატონების სამშვენისებია, აქსესუარებად წოდებული.

ბისერებით შექმნილი სამკაული
photo: courtesy of Tamusia Tabatadze
ბისერებით შექმნილი სამკაული

- გაიხსენეთ თქვენი პირველი ნამუშევარი, რამდენად მოგეწონათ და რა შეფასებები მიიღეთ მაშინ ახლობლების მხრიდან?

- საკუთარი ნამუშევრის მოწონება არ არის მარტივი ამბავი. ეს ახალი სიცოცხლის დაბადებას ჰგავს. გინდა გაზარდო, დახვეწო, ყოველ ჯერზე ახალი ხასიათი მოარგო. ეს პროცესი კი თვითკრიტიკის გარეშე წარუმატებელია. ჩემი პირველი ნამუშევარი ექვსი წლის წინ შეიქმნა და პირველად, ცხადია, ოჯახის წევრებმა ნახეს, მომიწონეს კიდეც. თუმცა პირველი ნამუშევრის შემდეგ ბევრი ვისწავლე და ძალიან გავიზარდე. მეგობრების მხარდაჭერამ კი, მთავარი ნაბიჯის გადადგმა გამაბედვინა – პირველი გამოფენაც გავაკეთე. მეგობარი ჯერ გულწრფელი კრიტიკოსია და ამასთან ლამის შენსავით დიდი გულშემატკივარი შენი ქმნილებისა.

ბისერებით შექმნილი სამკაული
photo: courtesy of Tamusia Tabatadze
ბისერებით შექმნილი სამკაული

- ალბათ, პირველი ნაბიჯები ძალიან რთული იყო. როგორ მიხვდით, რომ ეს იყო საქმე, რომელიც გინდოდათ, მთელი ცხოვრება გეკეთებინათ?

- რთული მხოლოდ ის დროა, რომელსაც „თამუსიების“ გარეშე ვატარებ. ამის გამო ვცდილობ, რომ მოგზაურობის დროსაც ხშირად თან ვატარო პატარა სამუშაო. შესაძლოა, თავიდან ჰობი იყო და მხოლოდ საკუთარი სიამოვნების გამო ვაკეთებდი, მაგრამ შემდეგ, როდესაც ყოველი ახალი აქსესუარი მოწონებას იმსახურებდა მეგობრებში, მოტივაცია გაიზარდა და ბიზნესის დაწყების რისკიც აღარ ყოფილა გაუმართლებელი.

ბისერებით შექმნილი სამკაული
photo: courtesy of Tamusia Tabatadze
ბისერებით შექმნილი სამკაული

საქმე, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა აკეთო? – კი, ეს ნამდვილად ასეთი საქმეა. საქმე, რომელიც ყველაზე საინტერესო თერაპიაა, როცა ის თან სწავლაა, თან ბრძოლა, თან გამარჯვება, ძნელია საქმე დაუძახო. როგორ ცუდადაც არ უნდა ვიყო, „თამუსიებზე“ მუშაობისას ყველაფერი მავიწყდება. ახლა ამის გარეშე ცხოვრება ვერც წარმომიდგენია. ზოგჯერ, წინასწარ არც ვიცი რა გამოვა, მუშაობის დროს ვხვდები რომელი დეტალი ან ფერი იქნება უკეთესი და საბოლოოდ შეიძლება ისეთი რამ მივიღო, რაც ჩაფიქრებული საერთოდ არ მქონდა.

ბისერებით შექმნილი სამკაული
photo: courtesy of Tamusia Tabatadze
ბისერებით შექმნილი სამკაული

- რთულია ბისერზე მუშაობა?

- რთული და წარმოუდგენლად შრომატევადია. თავზე ისე დაგათენდება, ვერაფერს გაიგებ. მაგრამ სიყვარულით შრომა სირთულეს აუფერულებს. იმდენად საინტერესო გამოწვევაა ფერების სწორად შერჩევა, ნამუშევრის სუფთად შექმნა, რომ მუშაობის პროცესში ვერც ვიაზრებ რამხელა ძალა და ენერგია შეიძლება წაიღოს. მთავარი განტვირთვა კი ისაა, რომ შედეგი, რომელიც დგება, ამად ყოველთვის ღირს.

ბისერებით შექმნილი სამკაული
photo: courtesy of Tamusia Tabatadze
ბისერებით შექმნილი სამკაული

- როგორ ქმნით ფერთა გამას და რის მიხედვით არჩევთ ფერებს?

- ფერების შერჩევა უმნიშვნელოვანესია, რადგან მისით გადმოვცემ ემოციებს, ხასიათს, განწყობას. თითოეული ჩემი ნამუშევარი ამბავს ჰყვება, იმ დღის, საათის, როცა მასზე ვმუშაობ. ჩემი აქსესუარები სიფერადით გამოირჩევა, რადგან მათზე დიდი აღტაცებით ვმუშაობ, მე კიდევ მიყვარს მხიარული და თბილი ფერები. მუშაობის დროს ერთ კონკრეტულ ფერს რომ შევარჩევ, შემდეგ ვუხამებ გარდამავალ ფერებს.

ბისერებით შექმნილი სამკაული
photo: courtesy of Tamusia Tabatadze
ბისერებით შექმნილი სამკაული

- ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი შემფასებელი და კრიტიკოსი? ვის აზრს ითვალისწინებთ ყველაზე ხშირად?

- ყველაზე დიდი კრიტიკოსი საკუთარი თავია, მაქსიმალისტი ვარ და ყველა საქმეში ვცდილობ საუკეთესო შედეგი მქონდეს. მქონია შემთხვევა, სულ მცირე, თქვენთვის უმნიშვნელო დეტალი არ მომწონებია, დასრულებული აქსესუარი დამიშლია და თავიდან გამიკეთებია. ხელნაკეთი ნივთები ხასიათის და დახვეწილობის გარეშე მფლობელს მალე ბეზრდება და „თამუსიებს“ ამისთვის ვერ გავწირავ. რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახისა და მეგობრების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი  ჩემი ნამუშევრების პირველი შემფასებლები არიან.

ბისერებით შექმნილი სამკაული
photo: courtesy of Tamusia Tabatadze
ბისერებით შექმნილი სამკაული

- ძალიან წარმატებული ხართ არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ბევრი იცნობს თქვენს ნამუშევრებს. არასოდეს გიფიქრიათ, რომ ბევრად უფრო პერსპექტიულ და წარმატებულ ქვეყანაში წასულიყავით საცხოვრებლად, სადაც თქვენი ნიჭის მეტად წარმოჩენის შესაძლებლობა მოგეცემოდათ?

- რთული კითხვაა და პასუხის გაცემა ძალიან გამიჭირდება. რა თქმა უნდა ჩემი ქვეყანა ძალიან ძვირფასია ჩემთვის და ამას ახსნაც არ სჭირდება, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემი წარმატებისთვის აქ ჰორიზონტი უფრო ვიწროა, მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. თორემ ქართველი მომხმარებელი არანაკლებ დახვეწილია დიზაინის მიმართულებით, როგორც სხვა ქვეყნებში.

ბისერებით შექმნილი სამკაული
photo: courtesy of Tamusia Tabatadze
ბისერებით შექმნილი სამკაული

ჩემი ნამუშევრები წარდგენილი იყო ჩვენებაზე პარიზსა და ლონდონში და მახარებს, რომ ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, მინდა და ვგეგმავ, რომ სხვა ქვეყანაშიც ვცადო ბედი. ამისთვის ვემზადები. მინდა, რომ ჩემი ნამუშევრებისთვის ჰორიზონტი უფრო ფართო და მასშტაბური იყოს, რაშიც ჩემი თავის იმედი ნამდვილად მაქვს.

ბისერებით შექმნილი სამკაული
photo: courtesy of Tamusia Tabatadze
ბისერებით შექმნილი სამკაული

- საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში იყიდება თქვენი ნამუშევრები?

- პარიზისა და ლონდონის ჩვენებების შემდეგ კიდევ უფრო დიდი გამოხმაურება მოჰყვა სხვა ქვეყნებიდანაც. სურვილის შემთხვევაში, ყველგან ვგზავნი ნამუშევრებს და ქვეყნების ჩამონათვალიც საკმაოდ ვრცელია.

ბისერებით შექმნილი სამკაული
photo: courtesy of Tamusia Tabatadze
ბისერებით შექმნილი სამკაული

- გამოფენებში რამდენად ხშირად იღებთ მონაწილოებას და პერსონალური გამოფენა თუ გქონიათ?

- ამ წლების განმავლობაში მქონდა სამი პერსონალური გამოფენა, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა და დღემდე მომყვება ის ემოციები. აგრეთვე, ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა საქველმოქმედო გამოფენებში, რაზეც უარს არ ვამბობ და მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი შემოქმედებით სხვებისთვისაც აღმოვჩნდე დამხმარე ძალა, თუნდაც სიმბოლურად.

ბისერებით შექმნილი სამკაული
photo: courtesy of Tamusia Tabatadze
ბისერებით შექმნილი სამკაული

– როდისმე პლაგიატების მსხვერპლი გამხდარხართ?

- კი, რამდენჯერმე ვიყავი პლაგიატის მსხვერპლი და არ იყო სასიამოვნო. დღეს ყველაზე ფასეული არის იდეა და მე სულ ვცდილობ ჩემი ნამუშევრები იყოს განსხვავებული და ამიტომ გამუდმებით ახლის ძიებაში ვარ. საწყენია, როდესაც შენ ძალიან ბევრს შრომობ და ვიღაც ამით გადის ფონს.

ბისერებით შექმნილი სამკაული
photo: courtesy of Tamusia Tabatadze
ბისერებით შექმნილი სამკაული

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- როგორც ვთქვი, ვფიქრობ, სხვა ქვეყანაშიც ვცადო ბედი. ვემზადები ამისთვის. მინდა გავაფართოვო როგორც ჩემი ნამუშევრები, ასევე გავიღრმაო ცოდნაც. ვგეგმავ ვიმუშაო ახალ კოლექციებზე, მონაწილეობა მივიღო პრესტიჟულ ჩვენებებში და დანარჩენს დრო გვიჩვენებს. მოკლედ, ბევრ შრომას და შედეგებით ტკბობას ვაპირებ.

2738
თემები:
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე (47)