ჯვრის მონასტერი

ჯვრის მონასტერში საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდება

43
(განახლებულია 08:57 13.11.2019)
ტაძრის დაზიანებული ფასადის კვლევის მერე შემდგომი აღდგენითი სამუშაოების გეგმა შემუშავდება. სამუშაოების პირველ ეტაპს საქართველოში აშშ-ის საელჩო დააფინანსებს

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ეტაპს ჩაატარებს.

პროექტის ღირებულებაა 100 ათასი დოლარი და მას საქართველოში აშშ-ის საელჩო დააფინანსებს.

„ცენტრი სხვადასხვა პროფესიონალებისგან შემდგარი ჯგუფის დახმარებით განახორციელებს სამუშაოებს: პროექტის საკონსერვაციო ციკლის პირველი ფაზის ფარგლებში ჩატარდება ყოვლისმომცველი კვლევა ფასადის დაზიანებისა და განადგურების დონის დადგენის, კლასიფიკაციისა და შემდგომი გეგმის შემუშავების მიზნით", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ძირითადი ტაძარი, რომელიც 586-605 წლებით თარიღდება, ჯვრის მონასტრის მნიშვნელოვანი და ფასეული ძეგლია. ჯვრის მონასტერი მცხეთის ისტორიული ძეგლების ნაწილს წარმოადგენს და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

„აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა მსოფლიოს მასშტაბით 125-ზე მეტ ქვეყანაში უკვე 1000-ზე მეტი პროექტი დააფინანსა. მისი წვლილი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში დაახლოებით 74 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოში ფონდმა 19 პროექტი დააფინანსა, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 1.5 მილიონ დოლარს შეადგენს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

43
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (50)