ფრანგი მომღერალი Vendredi sur Mer

ფრანგული პოპ-მუსიკის გრაციოზული ვარსკვლავი Vendredi sur Mer თბილისში იმღერებს

41
(განახლებულია 21:41 04.11.2019)
წარმოშობით შვეიცარიელი, ოცდაოთხი წლის შარლინ მინიოს სიმღერებში მსმენელს განსაკუთრებით ხიბლავს სიყვარულზე შექმნილი ტექსტები და რეტრომელოდიები

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. ცნობილი ფრანგი პოპ-მომღერლის Vendredi sur Mer-ის კონცერტი თბილისის მულტიფუნქციურ სივრცეში - Mono Hall-ში 7 დეკემბერს გაიმართება.

Vendredi sur Mer - სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც „პარასკევი ზღვაზე“. ოცდაოთხი წლის შარლინ მინიო წარმოშობით შვეიცარიიდანაა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, პარიზული პუბლიკის გული მოენადირებინა სიყვარულზე შექმნილი ტექსტებითა და რეტრომელოდიებით.

„Charline Mignot-m, იგივე Vendredi Sur Mer-მა მსმენელის ყურადღება 2017 წელს, პირველი მინი-ალბომით Marée Basse მიიქცია და კრიტიკოსებში პოპულარობაც მარტივად მოიპოვა. არტისტს მუსიკა ბავშვობიდანვე იზიდავდა. მისთვის ხელოვნება სამყაროს აღქმის და ემოციების გადმოცემის საუკეთესო საშუალებაა, სწორედ ეს აღაფრთოვანებს მსმენელს Charline-ის უკომპრომისო ცოცხალ შესრულებაში“, - ნათქვამია კონცერტის ანონსში.

Vendredi sur Mer შემოქმედებითი გზის დასაწყისში ფოტოგრაფიით იყო გატაცებული, რაც გულდასმით გადაღებულ კლიპებშიც იგრძნობა. მომღერალი არც მოდის მიმართაა გულგრილი. ადრე მიცემულ ინტერვიუებში მას არაერთხელ უთქვამს, რომ მოსწონს სხვადასხვა დიზაინერის ჩვენებებზე სიმღერების შესრულება. მისი ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამოსვლა სწორედ Sonia Rykiel-ის ჩვენებას უკავშირდება, რომელზეც მომღერალმა დღეს უკვე ჰიტად ქცეული La femme à la peau bleue შეასრულა.

2019 წელს მისი მუსიკა მხოლოდ მოდური ღონისძიებებით არ შემოიფარგლება - ბოლო ერთ წელიწადში Vendredi sur Mer-მა ანშლაგით ჩაატარა კონცერტები პარიზის პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში, 30 ნოემბერს კი ლეგენდარულ „ოლიპიაში“ იმღერებს.

თბილისში კონცერტის ორგანიზატორია Monument Events-ი - კომპანია, რომელსაც არტისტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოჰყავს. ყველაზე ხშირად ესენი არიან მუსიკოსები, რომლებიც ელექტრონულ მუსიკას ასრულებენ. Monument Events-ის მიერ მოწვეულ შემოქმედთა შორის არიან ბელგიური ელექტროპოპ ჯგუფი Oscar and the Wolf, გერმანელი დიჯეები სტეფან ბოძინი, ჟან ბლომკვისტი, პროდიუსერი, მუსიკოსი, დიჯეი რუდ ჰაგელშტაინი და სხვები.

 

41
თემები:
საქართველო და კულტურა (537)