მუცო

მუცოს აღდგენის პროექტი Europa Nostra-ს პრიზიორი გახდა

96
(განახლებულია 11:46 30.10.2019)
2018 წელს ძეგლი ნომინაციაზე წარადგინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან ახორციელებს

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ხევსურეთში მდებარე შუა საუკუნეების ციხე-სოფელი მუცოს აღდგენის პროექტმა პრიზში გამართული კულტურული მემკვიდრეობის სამიტის Europa Nostra-ის გამარჯვებული პროექტების დაჯილდოების ცერემონიაზე პრიზი „საზოგადოების რჩეული" და „კონსერვაციის საუკეთესო პროექტის" ჯილდო მიიღო.

მუცოს პროექტი 34 ქვეყნის მიერ წარდგენილ 149 კანდიდატი-პროექტებიდან საუკეთესოდ ცნეს.

2018 წელს ძეგლი ნომინაციაზე წარადგინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან ახორციელებს.

დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.

„მუცოს აღდგენის პროექტი სოსო ბანძელაძის სახელს უკავშირდება, რომელიც დღეს ჩვენს შორის აღარ არის. ის, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ როდესმე პარიზში, შატლეს თეატრში მისი პროექტი „საზოგადოების რჩეულის" პრიზს მიიღებდა. ეს ევროპაში დაბრუნებას ნიშნავს. ვფიქრობ რომ ჩემი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მისია მისი ევროპაში დაბრუნებაა. ევროპაში კი ჩვენ აი, ასე - კულტურით ვბრუნდებით", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ყველა დელეგატი საქართველოში მოიწვია, რათა მათ თავად მოინახულონ მუცო და „ერთგვარად სხვა საუკუნეში იმოგზაურონ".

გარდა ამისა, ზურაბიშვილმა სამიტის მონაწილეებს საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დღეების ჩატარება შესთავაზა.

დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს მთელი გუნდი წარმოადგენდა. მათ შორის, განათლების მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, განათლების, კულტურისა და მეცნიერების სფეროში პრეზიდენტის მრჩეველი კონსტანტინე ნაცვლიშვილი, "ფონდი ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროექტის თანადამფუძნებელი ნიკოლოზ ჩხეიძე და ა.შ.

ციხე-სოფელი მუცო ხევსურეთის ისტორიულ მხარეში რთული რელიეფის სამ ვერტიკალურ ტერასაზეა განლაგებული. რამდენიმე ათეულ საცხოვრებელ სახლთან და ციხე-კოშკებთან მისასვლელი გზა რთულ, 300-მეტრიან ციცაბო ფერდობზე გადის.

ძველად მუცო საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა. ეს იყო ავანპოსტი, რომელიც საქართველოში ჩრდილოეთიდან მომავალ გზებს იცავდა. საქართველოსთვის, რომელსაც მუდმივად უწევდა დაცვა ჩრდილოკავკასიელი, სპარსი, არაბი, თურქი, მონღოლი და სხვა დამპყრობლების შემოსევებისგან, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო თავდაცვის საშუალებები.

ადგილობრივი მოსახლეობა, მეომრები და მონადირეები მთავარანგელოზ ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ და საუკუნეები იცავდნენ ხატისთვის ნაბოძებ საგანძურს. ლეგენდის თანახმად, ეს საგანძური რჩეულის მოლოდინში დღემდე ინახება მთებში, მუცოს მახლობლად.

მუცოს აღდგენის მასშტაბური პროექტი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა საქველმოქმედო „ფონდი ქართუმ" დააფინანსა.

96
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (56)
ჯგუფი „მგზავრები“

პირველი კონცერტი კარანტინის შემდეგ: „მგზავრები“ ბათუმში წარდგებიან

219
ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ ეს იქნება პირველი კონცერტი, თუმცა მუსიკოსების თქმით, კარანტინში ისინი აქტიურ რეპეტიციებს გადიოდნენ და ახალ სიმღერებს წერდნენ

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. პოპულარული ქართული ჯგუფი „მგზავრები" ბათუმში 14 აგვისტოს კონცერტს გამართავს, ნათქვამია ვებგვერდზე tkt.ge.

"მგზავრები" ვინილის ფირფიტებზე და საგაზაფხულო ტური რუსეთსა და ბელარუსში >>

ცნობილია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ჯგუფმა უცხოეთში უამრავი კონცერტი გააუქმა. გადაიდო აპრილის მასშტაბური ტური, რომელიც მუსიკოსებს რუსეთის ქალაქებში უნდა ჩაეტარებინათ.

შესაბამისად, ეს ბიჭების პირველი კონცერტია კარანტინის შემდეგ და ის ბათუმში 23:00 საათზე გაიმართება.

ჯგუფის მუსიკოსები გამოირჩევიან შესრულების ინდივიდუალური მანერით, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ფოლკლორული რიტმი, მრავალხმიანობა, იმპროვიზაცია, ასევე თანამედროვე და კლასიკური ელემენტები.

ჯგუფი „მგზავრები" ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა 2006 წელს დააარსა. 2008 წელს გამოვიდა სადებიუტო ალბომი „მე მოვიგონე", რომელმაც საქართველოში დიდი პოპულარობა მოიპოვა. 2016 წლის თებერვალში „მგზავრებმა" რუსეთში ნომინაციაში Взлом პრემია Чартова Дюжина მოიპოვა.

„მგზავრები" აქტიურად მართავენ კონცერტებს რუსეთში, უკრაინასა და, რა თქმა უნდა, საქართველოში.

219
თემები:
საქართველო და კულტურა
მეჰენდის ხელოვნება

თბილისში ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

243
(განახლებულია 19:22 13.08.2020)
დღესასწაულზე სტუმრებს ელოდება ინდური და ქართული ხალხური ცეკვები, სიმღერები, ასევე ტრადიციული ინდური მოხატვა ინით

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. მთაწმინდის პარკში 15 აგვისტოს ინდოეთის დამოუკიდებლობის 74-ე დღე აღინიშნება, ნათქვამია ორგანიზატორების Facebook-გვერდზე.

როგორი ამინდი იქნება თბილისში 15 აგვისტოს >>

ღონისძიებას ატარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის" და ინდური კულტურის ცენტრი „ლაკშმი".

„გეპატიჟებით მეგობრებო, რომ იყოთ მისი ნაწილი და დატკბეთ ღონისძიებით: ინდური ცეკვებით, სიმღერით და ასევე ქართული ხალხური ცეკვებით. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ინდური მეჰენდით მოიხატონ ხელი, რომელსაც ინდოელი სტუდენტები გაუკეთებენ მსურველებს“, - პირდებიან ორგანიზატორები.

ინდოეთის დამოუკიდებლობის დღე ყოველწლიურად 15 აგვისტოს აღინიშნება. ინდოეთში მთავარი ცერემონიები ტარდება ნიუ-დელიში, სადაც პრემიერ-მინისტრი წითელი ფორტის თავზე ეროვნულ დროშას აღმართავს, წარმოთქვამს სიტყვას, რომლის ტრანსლაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. პრემიერი იხსენებს მთავრობის მიღწევებს განვლილი წლის განმავლობაში, აყენებს მნიშვნელოვან საკითხებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

ინდოეთის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მნიშვნელოვანი ნაწილია კაშკაშა მსვლელობა, რომელიც წარმოაჩენს ინდოეთის კულტურულ მრავალფეროვნებას, ქვეყნის მიღწევებს მეცნიერებასა და ტექნიკაში, ასევე მის სამხედრო შესაძლებლობებს.

243
თემები:
საქართველო და კულტურა
მესტიის ცენტრი

მესტიაში ინფიცირებულთა ყველა ადგილობრივი კონტაქტი დადგენილია

0
რთული ეპიდემიური ვითარების გამო მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, პროდუქტების მაღაზიები, ბანკები და ღია ცის ქვეშ განთავსებული კვების ობიექტები

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. მესტიაში ინფიცირებულთა ყველა ადგილობრივი კონტაქტი დადგენილია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კონსტანტინე გვეტაძემ.

რამდენიმე დღის წინ სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა სოფელ ლენჯერს. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.

გვეტაძის თქმით, მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლდება.

„ფაქტობრივად, მესტიის მუნიციპალიტეტის 90% უკვე მოცულია, თავისი სოფლებით, თავის დაბით. დღეს კიდევ დაემატა აღებული 246 ნიმუში და ჯამში რაც ეს პროცესები დაიწყო, 3 367 ადამიანია გატესტილი. ჩანს, რომ დაზარალებულ ზონაში დადასტურებული შემთხვევების მატება არის ძალიან ცოტა“, - განაცხადა გვეტაძემ.

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემაც განაცხადა, რომ  თბილისში სულ 14 კოვიდინფიცირებულია, ვისი ინფიცირების წყაროც მესტიაში ყოფნას უკავშირდება.

„ბოლო დღეებში თბილისში ათასამდე ადამიანმა მიაკითხა ცხელების ცენტრებს, ვინც ნამყოფი იყო მესტიაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში. აქედან ცხრა გუშინ გამოვლინდა. მანამდე იყო კიდევ შემთხვევა გამოვლენილი. ასე რომ, სულ 14-მდე ადამიანია თბილისში, ვისი ინფიცირებაც მესტიის მუნიციპალიტეტში ყოფნას უკავშირდება“, – აღნიშნა იმნაძემ.

მესტიაში არსებული საკითხების გადასაჭრელად სპეციალურად შექმნილი რეგიონული შტაბი მუშაობს.

რთული ეპიდემიური ვითარების გამო მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, პროდუქტების მაღაზიები, ბანკები და ღია ცის ქვეშ განთავსებული კვების ობიექტები.

მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 9 511 ადამიანს შეადგენდა. მუნიციპალიტეტში 132 დასახლებული პუნქტია, მათ შორის ქალაქის ტიპის ერთი დასახლება – მესტია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა და 1321-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1088 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 261 პაციენტია. პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად დღეისათვის სულ 300 ათასი PCR-ტესტი გაკეთდა.

იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს: რა ხდება ქობულეთში >>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

0
თემები:
COVID-19 საქართველოში