წეროსხევის ტაძარი

გორთან წეროსხევის ტაძარი სრულად აღდგინეს

50
(განახლებულია 14:04 22.10.2019)
სარეკონსტრუქციო სამუშაოები ფონდი „ქართუს" ფინანსური უზრუნველყოფით განხორციელდა

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. დასრულდა გორის რაიონის სოფელ წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია, რომელსაც ისტორიკოსები განვითარებულ ფეოდალურ ხანას მიაკუთვნებენ, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებაში.

აღდგენითი სამუშაოები სააგენტოს ორგანიზებითა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" დაფინანსებით განხორციელდა.

„ტაძარი იყო უმძიმეს მდგომარეობაში, პირველ რიგში განისაზღვრა ტაძრის გუმბათის, თაღების, სვეტების და რიგელების სასწრაფო წესით აღდგენა.სამუშაოები მიმდინარეობდა უმკაცრესი სიფრთხილის ზომების დაცვითა და არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ", - ნათქვამია განცხადებაში.

ტაძარს რომ პირვანდელი სახე მიეღო, მისი კედლების და გუმბათის ყელი შეიმოსა სპეციალურად შერჩეული ნიჩბისის ქვით; გუმბათზე მოეწყო ავთენტური, ახლად დამზადებული კრამიტი, ხოლო ტაძრის ქანობიანი სახურავებზე დატანილ იქნა იმერული კრამიტი.

რაც შეეხება ინტერიერს, აქ შესრულდა შემდეგი სამუშაოები: სპეციალისტებმა დააკონსერვეს არსებული ძველი წარწერები; კანკელი აღდგა ნატურალურ ზომაში და დაკონსერვდა მისი შემორჩენილი ფრაგმენტი; იატაკი მოიჭიმა კირხსნარით.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ფონდმა „ქართუმ" ქართლში 28 ისტორიული ძეგლის აღდგენა დააფინანსა. პროექტების საერთო ღირებულებაა 2 738 300 ლარი. სულ 2015-2019 წლებში „ქართუმ" დააფინანსა 800-ზე მეტი ობიექტის რესტავრაცია (მთლიანი თანხა - 86 539 010 ლარი).

50
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (55)
ლიანა ისაკაძე

ფესტივალი „ღამის სერენადები“ განსაკუთრებულ ფორმატში გაიმართება

54
(განახლებულია 11:13 08.08.2020)
წელს ფესტივალი მოკრძალებულად ჩატარდება – კორონავირუსის პანდემიის გამო მასში მონაწილეობას ვერ მიიღებენ უცხოელი მუსიკოსები და ის ცარიელ დარბაზში გაიმართება

თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. რიგით მეთორმეტე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“ 27 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით განსაკუთრებულ ფორმატში ჩატარდება.

როგორც Sputnik–საქართველოს ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალი წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, პირველად გაიმართება ონლაინ–რეჟიმში და უცხოელი მუსიკოსების გარეშე. გარემოებების მიუხედავად ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ საკონცერტო საღამოებზე აჟღერდება კლასიკური მუსიკის შედევრები და ასევე გაიმართება თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პრემიერები.

ფესტივალი, ტრადიციულად, 27 აგვისტოს ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში გაიხსნება. ონლაინ–ტრანსლაციას აჭარის ტელევიზია უზრუნველყოფს.

კონცერტი ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და პედაგოგის სულხან ცინცაძის 95 წლისთავს მიეძღვნება. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მრავალი კონკურსის ლაურეატი, პიანისტი თამარ ლიჩელი და გია ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი.

კონცერტები 2 და 4 სექტემბერს თბილისში გაიმართება. საღამოზე გამოვლენ ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ ლიანა ისაკაძის ხელმძღვანელობით, პიანისტები სანდრო ნებიერიძე, ლიზა ჩხაიძე და ელენე შავერზაშვილი.

თბილისიდან ლაივ–სტრიმს Lenovo Records განახორციელებს, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ტელეკომპანიებთნ.

ფესტივალის პროგრამაში სამი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებების პრემიერები. ესაა სანდრო ნებიერიძის კონცერტი №2 ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის, გიორგი შავერზაშვილის კონცერტი №4 ფორტეპიანოსა და კამერული ორკესტრისთვის, ჯიმშერ ჩხაიძის „სენტიმენტები“კამერული ორკესტრისა და არფისთვის, რომლის პრემიერა გერმანიაში 2011 წელს გაიმართა, თუმცა საქართველოში ის პირველად აჟღერდება.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები" 1982 წელს დაარსდა და ყოველ ზაფხულს ბიჭვინთაში იმართებოდა. ფესტივალი ძალიან პოპულარული იყო, თუმცა 1991 წელს არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს აღდგა — ამჯერად აჭარაში. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები.

54
თემები:
საქართველო და კულტურა
გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში

„ფოტოგრაფები საქართველოსთვის“: დაიწყო პროექტი შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის

235
(განახლებულია 18:12 07.08.2020)
სამეგრელოში გამართულ  ტურში სხვადასხვა ფოტოგრაფებთან ერთად მონაწილეობდა ცნობილი ფოტოხელოვანი გიორგი შერმაზანაშვილიც

თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik.  საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით,  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „ფოტოგრაფები საქართველოსთვის“ დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ახალი პროექტი „იმოგზაურე საქართველოსთვის“ შიდა ტურიზმის კამპანიის ნაწილია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ფოტოტურები უკვე გაიმართა აჭარაში,  ხევსურეთსა და სამეგრელოში, სადაც  გადაღებული ფოტოები უკვე გავრცელდა სხვადახვა სოციალური ქსელებითა და ავტორთა ბლოგების საშუალებით. ტურებში ფოტოგრაფებთან ერთად ჩართულები არიან გიდები და სატრანპორტო კომპანიები.

„ტურების შედეგად უკვე მომზადდა ულამაზესი ფოტომასალა, რომელიც ქვეყნის ტურიზმის პოტენციალს ასახავს და რომელსაც შიდა და საერთაშორისო კამპანიების დაგეგმვისას გამოვიყენებთ. ამ პროექტით ხელს ვუწყობთ შიდა ტურიზმის სტიმულირებას და კოვიდით დაზარალებული პროფესიების: ფოტოგრაფების, გიდების, ტურისტული სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლების დასაქმებას და მათი ცოდნის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას". - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

სამეგრელოში გამართულ  ტურში სხვადასხვა ფოტოგრაფებთან ერთად მონაწილეობდა ცნობილი ფოტოხელოვანი გიორგი შერმაზანაშვილიც.

  • გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
    გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
  • გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
    გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
  • გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
    გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
  • გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
    გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში
1 / 4
გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ფოტო პროექტ „ფოტოები საქართველოსთვის“ ფარგლებში

„პროექტი ძალიან კარგად არის ორგანიზებული, ტრანსპორტთან ერთად გამოყოფილი იყო გიდიც, რომელმაც შეგვირჩია ადგილები, დაგვათვალიერებინა სხვადასხვა ლოკაციები. რამდენიმე საათიც არ გასულა, რაც სამეგრელოს შესახებ ფოტო ალბომი ავტვირთე სოციალურ ქსელში და უკვე რამდენიმე ათასი მოწონება და გაზიარება აქვს, რაც ძალიან მახარებს“, - აღნიშნა გიორგი შერმაზანაშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის მიზანი COVID-19-ის დროს დაზარალებული პროფესიების გაძლიერება და ერთობლივი ძალებით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

235
თემები:
ტურიზმი საქართველოში
სარფი

საქართველოს მთავრობა: თურქეთში გადასვლაზე თანხმობა 101 პირს მიეცა

35
თურქეთთან საზღვრის გადაკვეთის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამთვიანი ოფიციალური მიწვევა ექნებათ თურქი დამსაქმებლისგან.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე დადებითი პასუხი 101 პირს მიეცა. რამდენიმე მათგანმა უკვე გადაკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი, იუწყება აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათ ექნებათ დამსაქმებლის მიერ გაცემული ოფიციალური სამთვიანი მიწვევა, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობასთან შექმნილ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

თურქეთში გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაციის პროცედურა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, ასევე აჭარის დასაქმების სააგენტოს დახმარებით abroadworkers.moh.gov.ge-ზე უნდა გაიარონ.

განაცხადს ის მოქალაქეები ავსებენ, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირისგან მოწვევა უკვე მიიღეს და ნოტარიულად ქართულ ენაზე დაამოწმეს.

„პროცედურა მარტივია, პირადი ნომრისა და მობილურის ნომრის შეყვანის შემდეგ განმცხადებელი ღებულობს აქტივაციის კოდს, რომლის შემდეგაც საშუალება ეძლევა ატვირთოს თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული მოწვევა. განმცხადებელს პასუხი უმოკლეს ვადაში, არაუგვაინეს შვიდ დღეში ეცნობება“, – ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროცესს კოორდინაციას უწევს აჭარის მთავრობა, სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ადგილობრივი თვითმმართველობების პირველი პირები და დასაქმების სააგენტო, რომლებიც იზრუნებენ რეგისტრაციის პროცესსა და შემდგომ მონიტორინგზე. 

როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სარფის საბაჟოზე განაცხადა, საქართველოს შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ უმოკლეს ვადებში დასრულდეს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა და იმ პირებმა, რომლებმაც უკვე მიიღეს მოწვევა თურქეთში მცხოვრები ფიზიკური ან იურიდიული პირის მხრიდან, მალე გადაკვეთონ საქართველო-თურქეთის საზღვარი და დანიშნულების ადგილზე მივიდნენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ 20 მარტიდან, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა და ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეაჩერა.

პანდემიის პერიოდში სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნების მიზნით.

ოთხთვიანი წყვეტის შემდეგ საქართველომ საჰაერო სივრცე გახსნა ხუთი ქვეყნისთვის, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა უპირობოდ შეუძლიათ. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, სახმელეთო საზღვრები დღემდე ჩაკეტილია.

35
თემები:
COVID-19 საქართველოში