საქართველოს ქალაქებში უფასო ჯაზ-კონცერტების სერია იწყება

გამოწერა
კონცერტები დაგეგმილია ქუთაისში, თელავსა და თბილისში.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. გიორგი კიკნაძის ჯაზ-კვარტეტი საქართველოს ქალაქებში კონცერტების სერიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც მუსიკოსები შეასრულებენ კომპოზიციებს სადებიუტო ალბომიდან Paysage, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

კონსერვატორიის მცირე დარბაზი - Sputnik საქართველო
იაპონელი ფლეიტისტი იოსუკე ირიე საქართველოში კონცერტს გამართავს

პირველი კონცერტი ქუთაისში, ლ. მესხიშვილის თეატრში ხუთშაბათს, 10 ოქტომბერს გაიმართება, მეორე – თელავში შაბათს, 12 ოქტომბერს ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

საქართველოს დედაქალაქში მუსიკოსები ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ სცენაზე 14 ოქტომბერს გამოვლენ.

ქუთაისსა და თელავში კონცერტზე დასწრება უფასო იქნება, თბილისში კონცერტზე დასწრების მსურველებს კი ბილეთების შეძენა შეუძლიათ როგორც ონლაინ, ისე საკონცერტო დარბაზის სალაროებში.

კონცერტებზე მსმენელის წინაშე კონტრაბასისტ გიორგი კიკნაძესთან ერთად წარდგებიან საქსოფონისტი ფრანკ დელე (Frank Delle), პიანისტი ლუკას კლაპი (Lukas Klapp) და დრამერი კონრად ულრიხი (Konrad Ullrich). სწორედ ამ მუსიკოსებთან ერთად ჩაიწერა გიორგი კიკნაძის პირველი ალბომი.

„გიორგის სადებიუტო ალბომი Paysage სავსეა მიძღვნებით. ერთის მხრივ მათდამი, ვინც მისი თაყვანისცემის და აღტაცების ღირსი გამხდარან, როგორც კომპოზიტორი ალბან ბერგი ან პისტოლიერო უაილდ ბილ ჰიკოკი, მეორე მხრივ კი მათდამი, ვინც უყვარს და ვისაც მასზე ზეგავლენა ჰქონია", – ნათქვამია კონცერტის ანონსში.

გიორგი კიკნაძე ქართველი კომპოზიტორის რეზო კიკნაძის ვაჟია. მუსიკოსი საქართველოში დაიბადა და გერმანიაში მოღვაწეობს. ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გერმანიის ქალაქ ლიუბეკში წლების წინ გადავიდა, დაამთავრა ჰამბურგის მუსიკისა და დრამის უნივერსიტეტი. ამ დროისთვის მუსიკოსი ხელმძღვანელობს საკუთარ კვარტეტსა და ტრიოს. ასევე არის გაბრიელ კობურგერის ბენდის წევრი, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში და უკრავს ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან ტილ ბრონერი, გარი თომასი, ადამ ნუსბაუმი, ზივ რავიზი, ფლორიან ვებერი, კრისტიან ლილინგერი, ჯონ შროდერი, კლაუს სტოტერი, ფილიპ გროპერი და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0