ბაკურიანი

ბაკურიანში ქართული ფილმების კინოფორუმი გაიმართება

86
ცნობილი კინოოსტატების ნამუშევრების გარდა, მაყურებელი ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების ფილმებსაც ნახავს

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ბაკურიანში 10-13 ოქტომბერს გაიმართება კინოფორუმი „ნახე პირველად ბაკურიანში“, სადაც ყველა მსურველი იხილავს ახალ ქართულ ფილმებს, იუწყება ეროვნული კინოცენტრი.

ფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პირველად ნახონ ქართული ფილმები, რომელიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს. მათ შორის არის დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“, რომლის მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა

პროგრამაში ასევე შევიდა დიმიტრი ცინცაძის ორი ახალი ნამუშევარი -  საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე „შინდისი“ და შანხაის კინოფესტივალის ტრიუმფატორი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“. მაყურებლები ასევე ნახავენ ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების უტა ბერიასა და გიგა ლიკლიკაძის ფილმების პრემიერებს. ასევე გაიმართება გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმის „12 გაკვეთილის“ ჩვენება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კინოჩვენებების გარდა, ღონისძიებაზე გაიმართება საინტერესო დისკუსიები თანამედროვე ქართული კინოწარმოებისა და ქართული კინომემკვიდრეობის თემებზე.

კინოფორუმს ეროვნული კინოცენტრი და მთის კურორტების განვითარების კომპანია ერთობლივად წარმოადგენენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რეგიონში კინოკულტურის განვითარებასთან ერთად, ქართული კინოს ფორუმი ხელს შეუწყობს შემოდგომის სეზონზე საკურორტო ზონის გაცოცხლებას.

კინოჩვენებებზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.

86
თემები:
ქართული კინო (100)
ცისფერი გალერეა

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა

119
ეს ფერმწერი საოცრად ხატავს ზამთრის პეიზაჟებს - მისი ნახატები ერთი შეხედვით ფოტოებში შეიძლება აგერიოთ

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, „ზამთრის მხატვრის“ - გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა.

დამთვალიერებლები შუქჩრდილის ვირტუოზული „თამაშით“ განთქმული ოსტატის სხვადასხვა ნამუშევრებს ნახავენ. დოლენჯაშვილის ნახატები, რომლებსაც ის უბრალო ფანქრით ხატავს, იმდენად რეალისტურად არის შესრულებული, რომ ბევრს ფოტოები ჰგონიათ.

„შუქჩრდილი ფანტასტიკურია, არის შეგრძნება, თითქოს მთვარის შუქი თვალს ჭრის. მის ნამუშევრებში სილამაზის სივრცეები ერთდროულად არსებობს - მაყურებელი მაკროსამყაროდან მიკროსამყაროში ხვდება, თანაც ისე, რომ სუნთქვა ჩერდება. კოსმიურად მშვენიერი ზეციდან - იმერელი გლეხის ურმამდე, თიხის ქოთნის უმცირეს ბზარამდე. ტოტებზე დადებული საოცრად რეალური თოვლიდან - კვლავ განუსაზღვრელი სიმაღლის ზეცაში, მთვარისკენ, კოსმოსში“, - წერს დოლენჯაშვილის შესახებ მოსკოველი ხელოვნებათმცოდნე რაისა ნესტერენკო.

გამოფენა 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გურამ დოლენჯაშვილი 1943 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საქართველოს დამსახურებული მხატვარია, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები იყო გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, არგენტინაში, ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, ვიეტნამში, გერმანიაში, ინდოეთში, ერაყში, კვიპროსში, კუბაში, მექსიკაში, მონღოლეთში, ნიდერლანდებში, ნიკარაგუაში, პოლონეთში, რუმინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, იუგოსლავიასა და იაპონიაში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები ასევე ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში და მსოფლიოს მრავალ მუზეუმში.

119
თემები:
საქართველო და კულტურა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალგაზრდა ლიტერატორებისთვის კონკურსს ატარებს

40
(განახლებულია 18:44 22.09.2020)
პროექტი განკუთვნილია დამწყები ლიტერატორებისთვის, ხოლო 2020 წლის თემა – ახალ რეალობაში ჩაძირული სამყაროს გავლენაა.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ დაწყება გამოაცხადა. კონკურსი უკვე მეთორმეტედ ტარდება, აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

თსუ-ის და კომპანია Silknet-ის ერთობლივი პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვინც ქმნის პროზაულ ნაწარმოებებს, სურს ლიტერატურული გამოცდილების მიღება, და მათი შემოქმედების საქართველოსთვის გაცნობა.

„ლიტერატურა სოლიდარობისთვის“: მწერლების მხარდასაჭერად ახალი პროექტი იწყება>>

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ. წელს კონკურსი გაფართოვდა და ის კონკურსში მონაწილეობისთვის ასევე პროფსასწავლებლების მოსწავლეებსაც იწვევს.

წლევანდელი კონკურსის კონცეფციაა – ახალი რეალობითა და რეგულაციებით შეცვლილი სამყაროს გავლენა, სადაც თითოეული ადამიანი მარტოა და, ამავე დროს, სამყაროსთან კავშირშია.

„შემოდგომის ლეგენდა“ ორ ეტაპად ტარდება. პირველ ტურში კონკურსანტებმა კონკურსის ონლაინ–აპლიკაციის მეშვეობით უნდა გაგზავნონ საკუთარი ნამუშევრები ჟანრისა და თემისგან დამოუკიდებლად.

შემდეგ ჟიური შეარჩევს ათ მონაწილეს, რომლებიც გადავლენ ფინალურ ტურში და 12 საათის განმავლობაში დაწერენ თავიანთ ნამუშევარს ჟიურის წევრების მიერ წარმოდგენილ თემაზე. ფინალური ტური გაიმართება წინანდალში, ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე.

წელს ცვლილებები შეეხო ლიტერატურული ჟიურის შემადგენლობასაც: დათო ტურაშვილის, თეონა დოლენჯაშვილისა და მაკა ლდოკონენის ტრიოს ორი ახალი წევრი – ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით გაბუნია დაემატება. ჟიურის წევრებს შორის არიან ასევე გასული წლის გამარჯვებული ცოტნე ავსაჯანიშვილი და დავით ქართველიშვილი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და კონკურსში დისტანციურად იმუშავებს.

სტუდენტურ კონკურსში გამოვლინდება სამი გამარჯვებული. ისინი დაჯილდოვდებიან 1000, 700 და 500 ლარის ოდენობის ფულადი პრიზებით თსუ-სგან და Silknet-სგან.

გამარჯვებული ნოემბერში გამოვლინდება.

40
თემები:
საქართველო და კულტურა
ჟოზეპ ბორელი

ჟოზეპ ბორელი: ევროკავშირი ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს

0
(განახლებულია 10:29 24.09.2020)
ლუკაშენკოს ინაუგურაციის საკითხი გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ მისი დაწყების წინ გახდა ცნობილი, მაღალი რანგის სტუმრები პრეზიდენტის რეზიდენციაში ბოლო მომენტში მიიწვიეს

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციას არ გააჩნია დემოკრატიული ლეგიტიმურობა და ბელარუსში კრიზისის გაღრმავებისკენ მივყავართ, განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჟოზეპ ბორელმა. 

„ევროკავშირი კვლავ ადასტურებს, რომ ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და კეთილსინდისიერი. ევროკავშირი არ ცნობს არჩევნების შედეგებს, რომლებიც ფალსიფიცირებული იყო. გამომდინარე აქედან, 2020 წლის 23 სექტემბრის ეგრეთ წოდებული ინაუგურაციასა და ახალ [საპრეზიდენტო] მანდატს, რომელზეც პრეტენზია აქვს ლუკაშენკოს, არ გააჩნია არანაირი დემოკრატიული ლეგიტიმურობა“, — ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ: ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია 23 სექტემბერს გაიმართა მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში. ინაუგურაციის ჩატარების საკითხი გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ მისი დაწყების წინ გახდა ცნობილი. ამასთან, მაღალი რანგის სტუმრები ბელარუსის პრეზიდენტის რეზიდენციაში ბოლო მომენტში მიიწვიეს.

0
თემები:
მსოფლიო დღეს