„შავნაბადა

„შავნაბადა" ხელოვნების მასშტაბურ ფესტივალზე მექსიკაში მიემგზავრება

32
(განახლებულია 13:55 02.10.2019)
ანსამბლის რეპერტუარშია ფოლკლორული სიმღერები, საგალობლები, ქართული ინსტრუმენტული მუსიკა.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა" მიემგზავრება მექსიკაში, სადაც 9-10 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს ლათინური ამერიკის ხელოვნების მასშტაბურ ფესტივალში „სერვანტინო".

ფესტივალი ქალაქ გუანახუატოში 1972 წლიდან იმართება. ყოველწლიური ღონისძიება არა მხოლოდ ყველაზე მასშტაბურია, არამედ პრესტიჟულიც ლათინურ ამერიკაში, რომელიც მთელი მსოფლიოდან რამდენიმე ათას ხელოვანს კრებს.

ფესტივალი ქალაქის სტუდენტობის წყალობით გაჩნდა. თავდაპირველად სტუდენტებმა პატარა ქუჩის წარმოდგენებით დაიწყეს, რის შემდეგაც ქალაქის ხელისუფლებამ ახალგაზრდული ინიციატივისთვის საერთაშორისო ხასიათის მიცემა გადაწყვიტა. მას შემდეგ ფესტივალის დროს მთელი ქალაქი თავისი მუზეუმებით, თეატრებითა და მოედნებით ხელოვნების სამყაროში ეფლობა. იუნესკომ გუანახუატო კაცობრიობის კულტურულ მონაპოვრად აღიარა.

წელს ფესტივალი „სერვანტინო" 47-ედ გაიმართება და 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

„შავნაბადას" მონაწილეობა ფესტივალში იყო ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტისა და მექსიკის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

ქართველი მუსიკოსები მექსიკაში დაახლოებით 20 სიმღერას შეასრულებენ. პროგრამაშია ქართული საგალობლები, ხალხური სიმღერები და ქართველი ავტორების კომპოზიციები.

ანსამბლი „შავნაბადა" სტრასბურგიდან დაბრუნდა>>

„შავნაბადა" 2005 წლიდან არსებობს. ის ფოლკლორული ანსამბლების „მართვესა" და „ბიჭების" აღზრდილებისგან შედგება. ანსამბლის რეპერტუარშია ქართული ხალხური სიმღერები, საგალობლები და ინსტრუმენტული მუსიკა.

ანსამბლი გასტროლებზე იმყოფებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მონაწილეობდა მრავალ ფესტივალში.

32
თემები:
საქართველო და კულტურა (450)