ეროვნული გალერეა

გვიანი რენესანსიდან როკოკომდე თბილისი იტალიელ მხატვრებს უმასპინძლებს

99
(განახლებულია 18:56 25.09.2019)
თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები იხილავენ ტინტორეტოს, გუერჩინოს, ბერნარდო სტროცის, ანტონიო კანალეტოსა და ჯოვანი ლორენცო ბერნინის ტილოებს.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. გამოფენა „ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 27 სექტემბერს გაიხსნება – ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება გვიანი რენესანსიდან როკოკომდე ეპოქის იტალიელი ფერმწერების ნამუშევრები.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოში იტალიის საელჩოსთან ერთად. გამოფენა პროგრამა Vivere ALL'italiana-ს ნაწილს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც ჩატარებული გამოფენები საქართველოში 150 ათასზე მეტმა დამთვალიერებელმა უკვე იხილა.

დამთვალიერებლებს ელოდებათ დიდი იტალიელი ფერმწერების მდიდარი კოლექცია – ტინტორეტოს, გუერჩინოს, ბერნარდო სტროცის, ანტონიო კანალეტოს, ჯოვანი ლორენცო ბერნინისა და სხვა ფერმწერების 55 ნამუშევარი. ყველა ნიმუში რომში ძველი ხელოვნების ეროვნულ გალერეაში ინახება.

თბილისის მუზეუმში წარმოდგენილი ნამუშევრები – პორტრეტები, პეიზაჟები, ნატურმორტები, ანტონიო კანალეტოს ვენეციის ხედები – მოიცავს XVI-XVIII საუკუნეების ჩრდილოეთ იტალიაში არსებულ ფერწერის ძირითად სკოლებს (გენუა, ბოლონია, ლომბარდია). საკუთარი ტილოებისთვის ფერმწერები ძირითადად არჩევდნენ ისტორიულ, ალეგორიულ-რელიგიურ და მითოლოგიურ თემატიკას.

როგორც ეროვნულ მუზეუმში აღნიშნავენ, ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის: იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს, იტალიის საელჩოსი საქართველოში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის.

გამოფენა „ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე" თბილისში 2019 წლის 21 ნოემბრამდე გაგრძელდება. მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი, 11.

99
თემები:
საქართველო და კულტურა (614)