ბოტანიკური ბაღი აჭარაში

საქართველო ოფიციალურად შეუერთდა ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირს

124
ისტორიული ბაღების საერთაშორისო მარშრუტებში საქართველო ხუთი ობიექტით იქნება წარმოდგენილი

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. საქართველო ოფიციალურად შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირში შედიან (European Network of Historic Gardens), ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე.

საქართველოს ორგანიზაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოეწერა პორტუგალიის პატარა ლამაზ ქალაქ სინტრაში, ლისაბონის მახლობლად, სადაც გაიმართა ისტორიული ბაღების ევროპული კავშირის მესამე საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით „ახალი ერა ისტორიული ბაღების მართვასა და შენარჩუნებაში". საქართველო გერმანიასთან ერთად კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

ღონისძიებაზე საქართველოს სახელით წარდგნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ საქართველო კავშირის საერთაშორისო ფორუმს პირველად ესწრებოდა.

ამიერიდან საქართველო ისტორიული ბაღების საერთაშორისო მარშრუტებში 5 ისტორიული ობიექტით იქნება წარმოდგენილი - თბილისის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, ქუთაისის ბოტანიკური ბაღი და ჭავჭავაძეების ისტორიული ბაღი წინანდალში.

ღონისძიებაზე გადაწყდა, რომ გაერთიანების IV ევროპულ ფორუმს 2020 წლის სექტემბერში საქართველო უმასპინძლებს. ღონისძიებები თბილისსა და ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში გაიმართება.

გაზაფხულის შთაგონება: აყვავებული თბილისის ბოტანიკური ბაღის საოცარი სურათები >>

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ საქართველოს გაწევრიანება კავშირში საბაღე-საპარკე ხელოვნების ძეგლებით დაინტერესებული ვიზიტორების რიცხვს მნიშვნელოვნად გაზრდის.

საქართველოსა და გერმანიამდე, ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირში შედიოდა სამი ქვეყანა - ესპანეთი, იტალია და პორტუგალია.

124
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (56)
ჯგუფი „მგზავრები“

პირველი კონცერტი კარანტინის შემდეგ: „მგზავრები“ ბათუმში წარდგებიან

219
ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ ეს იქნება პირველი კონცერტი, თუმცა მუსიკოსების თქმით, კარანტინში ისინი აქტიურ რეპეტიციებს გადიოდნენ და ახალ სიმღერებს წერდნენ

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. პოპულარული ქართული ჯგუფი „მგზავრები" ბათუმში 14 აგვისტოს კონცერტს გამართავს, ნათქვამია ვებგვერდზე tkt.ge.

"მგზავრები" ვინილის ფირფიტებზე და საგაზაფხულო ტური რუსეთსა და ბელარუსში >>

ცნობილია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ჯგუფმა უცხოეთში უამრავი კონცერტი გააუქმა. გადაიდო აპრილის მასშტაბური ტური, რომელიც მუსიკოსებს რუსეთის ქალაქებში უნდა ჩაეტარებინათ.

შესაბამისად, ეს ბიჭების პირველი კონცერტია კარანტინის შემდეგ და ის ბათუმში 23:00 საათზე გაიმართება.

ჯგუფის მუსიკოსები გამოირჩევიან შესრულების ინდივიდუალური მანერით, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ფოლკლორული რიტმი, მრავალხმიანობა, იმპროვიზაცია, ასევე თანამედროვე და კლასიკური ელემენტები.

ჯგუფი „მგზავრები" ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა 2006 წელს დააარსა. 2008 წელს გამოვიდა სადებიუტო ალბომი „მე მოვიგონე", რომელმაც საქართველოში დიდი პოპულარობა მოიპოვა. 2016 წლის თებერვალში „მგზავრებმა" რუსეთში ნომინაციაში Взлом პრემია Чартова Дюжина მოიპოვა.

„მგზავრები" აქტიურად მართავენ კონცერტებს რუსეთში, უკრაინასა და, რა თქმა უნდა, საქართველოში.

219
თემები:
საქართველო და კულტურა
მეჰენდის ხელოვნება

თბილისში ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

244
(განახლებულია 19:22 13.08.2020)
დღესასწაულზე სტუმრებს ელოდება ინდური და ქართული ხალხური ცეკვები, სიმღერები, ასევე ტრადიციული ინდური მოხატვა ინით

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. მთაწმინდის პარკში 15 აგვისტოს ინდოეთის დამოუკიდებლობის 74-ე დღე აღინიშნება, ნათქვამია ორგანიზატორების Facebook-გვერდზე.

როგორი ამინდი იქნება თბილისში 15 აგვისტოს >>

ღონისძიებას ატარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის" და ინდური კულტურის ცენტრი „ლაკშმი".

„გეპატიჟებით მეგობრებო, რომ იყოთ მისი ნაწილი და დატკბეთ ღონისძიებით: ინდური ცეკვებით, სიმღერით და ასევე ქართული ხალხური ცეკვებით. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ინდური მეჰენდით მოიხატონ ხელი, რომელსაც ინდოელი სტუდენტები გაუკეთებენ მსურველებს“, - პირდებიან ორგანიზატორები.

ინდოეთის დამოუკიდებლობის დღე ყოველწლიურად 15 აგვისტოს აღინიშნება. ინდოეთში მთავარი ცერემონიები ტარდება ნიუ-დელიში, სადაც პრემიერ-მინისტრი წითელი ფორტის თავზე ეროვნულ დროშას აღმართავს, წარმოთქვამს სიტყვას, რომლის ტრანსლაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. პრემიერი იხსენებს მთავრობის მიღწევებს განვლილი წლის განმავლობაში, აყენებს მნიშვნელოვან საკითხებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

ინდოეთის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მნიშვნელოვანი ნაწილია კაშკაშა მსვლელობა, რომელიც წარმოაჩენს ინდოეთის კულტურულ მრავალფეროვნებას, ქვეყნის მიღწევებს მეცნიერებასა და ტექნიკაში, ასევე მის სამხედრო შესაძლებლობებს.

244
თემები:
საქართველო და კულტურა
მესტიის ცენტრი

მესტიაში ინფიცირებულთა ყველა ადგილობრივი კონტაქტი დადგენილია

0
რთული ეპიდემიური ვითარების გამო მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, პროდუქტების მაღაზიები, ბანკები და ღია ცის ქვეშ განთავსებული კვების ობიექტები

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. მესტიაში ინფიცირებულთა ყველა ადგილობრივი კონტაქტი დადგენილია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კონსტანტინე გვეტაძემ.

რამდენიმე დღის წინ სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა სოფელ ლენჯერს. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.

გვეტაძის თქმით, მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლდება.

„ფაქტობრივად, მესტიის მუნიციპალიტეტის 90% უკვე მოცულია, თავისი სოფლებით, თავის დაბით. დღეს კიდევ დაემატა აღებული 246 ნიმუში და ჯამში რაც ეს პროცესები დაიწყო, 3 367 ადამიანია გატესტილი. ჩანს, რომ დაზარალებულ ზონაში დადასტურებული შემთხვევების მატება არის ძალიან ცოტა“, - განაცხადა გვეტაძემ.

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემაც განაცხადა, რომ  თბილისში სულ 14 კოვიდინფიცირებულია, ვისი ინფიცირების წყაროც მესტიაში ყოფნას უკავშირდება.

„ბოლო დღეებში თბილისში ათასამდე ადამიანმა მიაკითხა ცხელების ცენტრებს, ვინც ნამყოფი იყო მესტიაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში. აქედან ცხრა გუშინ გამოვლინდა. მანამდე იყო კიდევ შემთხვევა გამოვლენილი. ასე რომ, სულ 14-მდე ადამიანია თბილისში, ვისი ინფიცირებაც მესტიის მუნიციპალიტეტში ყოფნას უკავშირდება“, – აღნიშნა იმნაძემ.

მესტიაში არსებული საკითხების გადასაჭრელად სპეციალურად შექმნილი რეგიონული შტაბი მუშაობს.

რთული ეპიდემიური ვითარების გამო მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, პროდუქტების მაღაზიები, ბანკები და ღია ცის ქვეშ განთავსებული კვების ობიექტები.

მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 9 511 ადამიანს შეადგენდა. მუნიციპალიტეტში 132 დასახლებული პუნქტია, მათ შორის ქალაქის ტიპის ერთი დასახლება – მესტია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა და 1321-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1088 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 261 პაციენტია. პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად დღეისათვის სულ 300 ათასი PCR-ტესტი გაკეთდა.

იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს: რა ხდება ქობულეთში >>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

0
თემები:
COVID-19 საქართველოში