გეილ ანა ჰარდი

„ფორსაჟის“ შემდეგ თბილისს „ტერმინატორისა“ და „მოსიარულე მკვდრების“ პროდიუსერი ესტუმრება

762
როგორც ჩანს, ცნობილ ამერიკელ ქალბატონს საქართველოსთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. თბილისში „ფორსაჟის“ ეპიზოდების გადაღების შემდეგ საქართველოს ტელესერიალ „მოსიარულე მკვდრების“ (The Walking Dead) აღმასრულებელი პროდიუსერი გეილ ანა ჰარდი (Gale Anne Hurd) ეწვევა. იგი ცნობილია ასევე, როგორც საკასო ფილმების – „ტერმინატორის“, „უცხოს“ და „არმაგედონის“ პროდიუსერი.

„ნუ გაბოროტდებით...“ - ვინ არის ქართველი ქალი, რომელსაც „ფორსაჟი 9-ში“ იღებენ >>

ჰარდის ვიზიტი 2019 წლის 15–23 სექტემბერსაა დაგეგმილი. ამერიკელი კინემატოგრაფისტი საქართველოს ესტუმრება ორგანიზაციის – „ქალები კინოსა და ტელევიზიაში – კავკასია“ – მოწვევით.

გეილ ანა ჰარდი მოივლის ქვეყნის რეგიონებს და შეხვდება კინოინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებს. ვიზიტის პროგრამაშია ასევე დისკუსიები, შეხვედრები და გეილის მიერ დაფინანსებული ფილმების ჩვენება.

გარდა ამისა, ჰარდის მიერ დაფინანსებულ 2017 წლის დოკუმენტურ ფილმ „მენკილერს“, რომელიც ვალერი რედ–ჰორს მოჰლმა ჩერიკის ინდიელების ბელადსა და აქტივისტ ვილმა მენკილერზე გადაიღო, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე (BIAFF) აჩვენებენ.

გეილ ანა ჰარდი ორგანიზაციის „ქალები კინოსა და ტელევიზიაში“ (WIFTI ) საპატიო წევრია. 2019 წლის ივლისში ჰარდის მხარდაჭერით შეიქმნა ორგანიზაციის კავკასიის ფილიალი, რომლის წევრებიც არიან კინომოღვაწეები საქართველოდან, პრეზიდენტი კი – რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილი.

„როდის დაბრუნდება ნინო“ – რუსმა ქალმა ქართველ მამაკაცზე ფილმი გადაიღო და ჯილდო დაიმსახურა >>

WIFTI ორგანიზაციას თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს. თავდაპირველად გაერთიანება შეიქმნა ლოს–ანჯელესში 1973 წელს და ეწოდა „ქალები კინოში“. 1990–იან წლებში მან საერთაშორისო ხასიათი შეიძინა. დღეისათვის WIFTI მთელ მსოფლიოში კინოს სფეროში დასაქმებულ ქალთა ერთ–ერთი უმსხვილესი გაერთიანებაა.

კიდევ რით არის ცნობილი გეილ ანა ჰარდი?

გეილ ანა – თანამედროვე ჰოლივუდის ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი და „ტიტანიკის“ ავტორის, კინორეჟისორ ჯეიმს კამერონის ყოფილი მეუღლეა. მისი კინემატოგრაფიული კარიერა დაიწყო რეჟისორის ასისტენტ როჯერ კორმანთან მუშაობით. უკვე 1982 წელს გეილმა საკუთარი პროდიუსერული კომპანია Pacific Western Productions გახსნა.

საინტერესოა, რომ სწორედ გეილმა ირწმუნა იმ დროისთვის ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი დამწყები რეჟისორისა და სპეცეფექტების დამდგმელი ჯეიმს კამერონისა, რომელიც „ტერმინატორის“ ეკრანიზაციისთვის სპოსნორს ეძებდა. მსხვილი კინოკომპანიები არ ენდობოდნენ ახალბედას, ჰარდმა კი გარისკა და პროექტის პროდიუსერობას დასთანხმდა.

შედეგად კინოფილმმა კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა და სპონსორებს დიდი მოგებაც მოუტანა. გეილმა თავისი პირველი ჯილდო – პრემია „სატურნი“ (1985წ.) დაიმსახურა საუკეთესო სცენარისთვის (კამერონთან ერთად). „ტერმინატორის“ წარმატების შემდეგ ჰარდმა დააფინანსა რეჟისორის მომდევნო პროექტები „უცხო“ (1986) და „უფსკრული“ (1989).

ამჟამად ჰარდი კვლავ აფინანსებს ფანტასტიკურ ფილმებსა და სერიალებს: 2010 წლიდან მუშაობს აღმასრულებელ პროდიუსერად ტელესერიალში „მოსიარულე მკვდრები“. ამასთანავე, ჰარდი არის ჰოლივუდის ქალთა პოლიტიკის კომიტეტის აქტივისტი, ხშირად ატარებს სიმპოზიუმებს დამწყები ქალი რეჟისორებისთვის.

2012 წელს გეილ ანა ჰარდის პატივსაცემად ჰოლივუდის „დიდების ხეივანში“ კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის ვარსკვლავი გაიხსნა.

762
თემები:
საქართველო და კულტურა (362)