ფოტოგამოფენა: არქტიკა: ახალი საზღვრები

თბილისში გლობალური დათბობის შესახებ გამოფენა გაიმართება

122
(განახლებულია 19:29 11.09.2019)
ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელი იქნება არა მარტო უნიკალური კადრების დათვალიერება, არამედ პროექტის ავტორების გაცნობაც.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში თბილისის ყოველწლიური ფოტოგამოფენის ფარგლებში 13 სექტემბერს გაიხსნება გლობალური დათბობისა და ეკოლოგიის პრობლემებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა „არქტიკა: ახალი საზღვრები", ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ერთობლივი პროექტის „არქტიკა: ახალი საზღვრების" ავტორები არიან საერთაშორისო სააგენტო NOOR-ის ორი ნიჭიერი ფოტოგრაფი, რუსი იური კოზირევი და ჰოლანდიელი კადირ ვან ლოჰუიზენი (Kadir van Lohuizen).

კოზირევმა და ვან ლოჰუიზენმა დედამიწის ყველაზე ჩრდილოეთ ნაწილში იმოგზაურეს, დოკუმენტურად დააფიქსირეს ციმბირის, შპიცბერგენის, გრენლანდიის, კანადისა და ალასკის ცხოვრება. კადირმა დასავლეთ ნახევარსფერო, იურიმ კი რუსეთის ტერიტორია გამოიკვლია.

თავიანთი ექსპედიცია ფოტოგრაფებმა 2018 წელს ერთობლივად დაიწყეს და შედეგად უნიკალური ფოტოების გადაღება შეძლეს. ავტორები დარწმუნებული არიან, რომ მათი ერთობლივი ფოტოპროექტი ადამიანებს გამოაფხიზლებს და დაანახებს, თუ რამდენად სწრაფად დნება ყინული და რა ეფექტი აქვს ამ მოვლენას მთელი პლანეტისთვის.

აღსანიშნავია, რომ მოგზაურობისას ფოტოგრაფები შეეხნენ არა მარტო ბუნების, ტემპერატურისა და კლიმატის საკითხებს, არამედ იმას, თუ როგორ მოქმედებს კლიმატური ცვლილებები ადამიანებზე, ასევე გეოპოლიტიკისა და არქტიკის მილიტარიზაციის თემებს.

თბილისში ფოტოგამოფენა „არქტიკა: ახალი საზღვრები" ძველ თბილისში, ლეღვთახევის რაიონში 19:00 საათზე გაიხსნება. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ არა მარტო დაათვალიერონ ნამუშევრები, არამედ გაიცნონ პროექტის ავტორები – შეხვედრა სასტუმრო Rooms-ში 15 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

მეათე საიუბილეო Tbilisi Photo Festival-ი 12 სექტემბერს გაიხსნება. ფესტივალი დაარსების დღიდან მიზნად ისახავს გახდეს აზიელი, ირანელი, თურქი, რუსი თუ ევროპელი ფოტოგრაფების შეხვედრის მთავარი ადგილი.

122
თემები:
საქართველო და კულტურა (885)
საზაფხულო სკოლა

შეკვეთილში საზაფხულო თეატრალური სკოლა გაიხსნა

40
(განახლებულია 19:55 05.08.2020)
სკოლის მონაწილეებს – ახალგაზრდა თეატრალებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სასცენო მეტყველების, მოძრაობის, ცეკვის გაკვეთილები, მოისმინონ თეატრალური მეტრების ლექციები და კარგად დაისვენონ.

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საკურორტო დასახლება შეკვეთილში საზაფხულო თეატრალური სკოლა გაიხსნა, რომელიც 15 აგვისტომდე იმოქმედებს.

ორგანიზატორების განცხადებით, ეს წელი საზაფხულო სკოლისთვის განსაკუთრებულია, რადგან კავკასიაში უძველეს გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრს, რომელიც ამ სკოლას ყოველ წელს მართავს, 175 წელი უსრულდება.

წლევანდელი საზაფხულო სკოლა გამოირჩევა თავისი მასშტაბებითაც. კორონავირუსის პანდემიის გამო მისი ჩატარება საერთაშორისო ფორმატით ვერ მოხერხდა. ამიტომ მისი მონაწილეები არიან მსახიობები გრიბოედოვის თეატრიდან, დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან და ასევე ნორჩი მსახიობის თეატრ–სტუდია „ოქროს ზღურბლის" მსახიობები, ნათქვამია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბის" განცხადებაში, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორია.

მოსალოდნელია, რომ საზაფხულო სკოლის პროგრამაში შევა მეცადინეობები სასცენო მეტყველებაში, სასცენო მოძრაობასა და სამსახიობო ოსტატობაში, ცეკვასა და ვოკალში, ასევე გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორის ავთანდილ ვარსიმაშვილის და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორის, გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორის გიორგი მარგველაშვილის ლექციები.

ასევე დაგეგმილია შემოქმედებითი შეხვედრები ცნობილ რეჟისორ რობერტ სტურუასთან და საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტ თემურ ჩხეიძესთან. საქართველოს თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების ტრენინგები, ლექციები თანამედროვე რუსული თეატრის ისტორიაზე.

როგორ დაიპყრო ფილმ „დამცველების“ ქართველმა მსახიობმა რუსეთი>>

გარდა ამისა, „საზაფხულო სკოლა 2020“-ის ფარგლებში გაიმართება პოეტური საღამო „ბორის პასტერნაკი და „ცისფერყანწელები"; ვლადიმერ მაიაკოვსკისადმი მიძღვნილი საღამო; ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო; მსახიობისა და პოეტის ნიკო გომელაურის ხსოვნის საღამო.

პროექტს ახორციელებს საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი" ფონდ „რუსკი მირისა" „როსსოტრუდნიჩესტვოს" ფინანსური მხარდაჭერით.

40
თემები:
საქართველო და კულტურა (885)
ქართული სუფრა

ვიდეოგაკვეთილები ქართული სამზარეულოს მოყვარულთათვის

97
(განახლებულია 18:27 04.08.2020)
ამ ვიდეოგაკვეთილების მეშვეობით შეიძლება არა მხოლოდ ქართული კერძების მომზადების სწავლა, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობაც.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ქართულმა გასტრონომიულმა ასოციაციამ პროგრამის The USAID Economic Security Program მხარდაჭერით შვიდი ვიდეოგაკვეთილი მოამზადა, რომლებშიც ნაჩვენები იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გასტრონომიული თავისებურებანი.

როგორც ქართული გასტრონომიული ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის „აღმოაჩინე ქართული გასტრონომია" მთავარი მიზანი გასტრონომიული ტურიზმის მხარდაჭერა და წახალისებაა.

პროექტის ფარგლებში შვიდი მინი-ვიდეორგოლი მომზადდა, რომლებიც საქართველოს შვიდი სხვადასხვა რეგიონის – კახეთის, სვანეთის, იმერეთის, აჭარის, გურიის, მესხეთის, რაჭა-ლეჩხუმის უნიკალურ გასტრონომიულ ტრადიციებს წარმოაჩენს.

ვიდეოში მონაწილეობენ წარმატებული ქართველი შეფ-მზარეულები, რომლებიც ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ამზადებენ ამა თუ იმ რეგიონისთვის დამახასიათებელ კერძებს, დადიან ადგილობრივ ბაზრებში და მაყურებელს ტრადიციების შესახებ უყვებიან.

"საკვები და მოგზაურობა ორი მჭიდროდ დაკავშირებული რამაა. ისეთ პერსპექტიულ გასტრონომიულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, აქვს დიდი პოტენციალი, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც საერთაშორისო ტურისტებისთვის, ისე საშუალებას მისცემს ადგილობრივ მცხოვრებლებს, ხელახლა აღმოაჩინონ საქართველო და მისი გასტრონომია", – ნათქვამია განცხადებაში.

„სუსტი გულის მქონენი არ გაეკაროთ" – CNN ქართულ სამზარეულოზე>>

მინი-ფილმები წარმოადგენს საქართველოს რეგიონულ გასტრონომიასა და ღირსშესანიშნაობებს, სადაც საქართველოს რეგიონები ნაჩვენებია როგორც ულამაზესი, ხელმისაწვდომი და მდიდარი გასტრონომიული მემკვიდრეობის მქონე ტურისტული დანიშნულებები. მინი-ვიდეოები გავრცელდება და ხელმისაწვდომი იქნება USAID-სა და გასტრონომიის ასოციაციის სოციალურ ქსელებში, ასევე ტურიზმის ადმინისტრაციის, DMO-ებისა და სხვადასხვა შესაბამის არხებზე.

97
თემები:
საქართველო და კულტურა (885)
აბანოთუბანი

ონლაინ–ექსკურსია საქართველოში: რუსეთში ქართველებისთვის სპეცპროექტი დაიწყო

0
(განახლებულია 09:37 06.08.2020)
საქართველოს დედაქალაქში პირველი ონლაინ–ექსკურსია 2020 წლის 15 აგვისტოს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე მოეწყობა.

თბილისი, 6 აგვისტო  — Sputnik.  რუსეთში ქართული დიასპორისთვის უფასო ონლაინ–გასეირნების პროექტი ჩაეშვა, რომლის ინიციატორიც ქართულ–რუსული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდია. 

საინტერესოა, რომ ფორმატი ითვალისწინებს არა მარტო ვირტუალურ მოგზაურობას, არამედ გიდისთვის კითხვების დასმასაც. ექსკურსიას უხელმძღვანელებს საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის თანადამფუძნებელი და წევრი, 2018 წლის პრემია „საუკეთესო გიდის“ ლაურეატი მარიკა სილაგაძე.

 „ჩვენი კულტურულ–საგანმანათლებლო პროექტი  შესაძლებლობას იძლევა პროფესიონალ გიდთან ერთად საქართველოში მოხვდეთ, ერთად გაისეირნოთ სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, გაიგოთ ბევრი რამ ქვეყნის ისტორიის, არქიტექტურისა და კულტურის შესახებ, მოხვდეთ ჩვენი ისტორიული სამშობლოს აქამდე უცნობ ადგილებში. ჯერჯერობით აღნიშნული პროექტი მხოლოდ დიასპორებზეა გათვლილი, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ დროთა განმავლობაში მასში ჩაერთვება ყველა ის ადამიანი, ვისაც საქართველოს გაცნობა სურს“, – განაცხადა ქართუ–რუსული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ.

საქართველოს დედაქალაქში პირველი ონლაინ–ექსკურსია 2020 წლის 15 აგვისტოს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე მოეწყობა.

ონლაინ–ექსკურსიაზე უფასოდ ჩაწერა შესაძლებელია აქ.

0