რით გააოცებს BIAFF-2019 კინომოყვარულებს – ფესტივალის პროგრამა

© BIAFF BATUMI BIAFF
 BIAFF - Sputnik საქართველო
გამოწერა
არტ-ჰაუსის ვარსკვლავები და თაყვანისმცემლები ზღვისპირა ქალაქში ფესტივალზე შეიკრიბებიან.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF აჭარის დედაქალაქში 15-22 სექტემბრის პერიოდში მეთოთხმეტედ გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ტრადიციულად, ჩვენების საკონკურსო სექციაში შედის მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. თითოეულ სექციას საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან დაკომპლექტებული ცალკე ჟიური აფასებს.

ქართული კერძები - Sputnik საქართველო
ვინ წარადგენს საქართველოს კულინარიულ „ოსკარზე"?!

წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების მთავარ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს 10 ფილმი, რომელთაგან ნახევარი კოპროდუქციაა. ფილმებს წარმოადგენენ ფინეთი, კანადა, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი და საქართველო.

„მხატვრული ფილმების" კატეგორიაში მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ რეჟისორ ვეიტ ჰელმერის „ბიუსტჰალტერი", კივანჩ სეზერის „გულგრილად ლამაზი", მარკო სკოპის „და იქმნა ნათელი", ჯორჯ პალფის „მბრძანებლის ხმა", მარკ ჯენკინის „სატყუარა", ელმარ იმანოვის „სეზონის დასასრული", რეზა მირკარიმის „სიზმრების ციხე-სიმაგრე", ემინ ალპერის „სამი დის ზღაპარი" და იაცეკ ბორცუხის „დღის სასიამოვნო დასასრული".

სექციას შეაფასებს ხუთი წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური: ალექსანდრე მინდაძე (ჟიურის თავმჯდომარე, რუსეთი), ტატიანა დეტლოფსონი (აშშ), მარტინ ბლეინი (დიდი ბრიტანეთი), კარმენ გრეი (დიდი ბრიტანეთი) და რუსუდან გლურჯიძე (საქართველო).

დოკუმენტურ ფილმებს შეაფასებენ: კშიშტოფ გიერატი (ჟიურის თავმჯდომარე, პოლონეთი), გასიდე გოლმაკანი (ირანი), კარენ ავეტისიანი (სომხეთი), ოლეს იანჩუკი (უკრაინა) და ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი (საქართველო).

კადრი ფილმიდან  კომეტები - Sputnik საქართველო
ტორონტოში ქართულ ფილმს არატრადიციულ სიყვარულზე „ფესტივალის განძი" უწოდეს

დოკუმენტური კინოს კატეგორიაში 8 ფილმია წარმოდგენილი, რომელთა შორისაც არის ქართველი რეჟისორ მიშო ანთაძის ახალი ფილმი "მოსავალი".

მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში მონაწილეობას ხუთი ქართველი რეჟისორის ფილმი იღებს: ნიკოლოზ გუგუშვილის „გაბანა", ნიკა ქურდაძის „კარს მიღმა", სოსო ბლიაძის „ტრადიცია", ამირან დოლიძის „ცხოველი" და გიორგი სიხარულიძის „ცუდი ხალხი".

რაც შეეხება კინოფესტივალის სექციას „დიდოსტატთა კოლექცია", რომელიც მოიცავს ბოლო წლის განმავლობაში ცნობილი რეჟისორების ნამუშევრებს, წელს პროგრამაში 8 ფილმია შესული: „ალფა: მკვლელობის უფლება" (ფილიპინები), „ეთერი" (პოლონეთი), „ოქროს ხელთათმანი“ (საფრანგეთი/გერმანია), „ბატონი ჯონსი" (პოლონეთი/დიდი ბრიტანეთი/უკრაინა), „უკაცრავად, გამოგვრჩით" (დიდი ბრიტანეთი/საფრანგეთი/ბელგია), „მოღალატე" (იტალია/საფრანგეთი/ბრაზილია), „ახალგაზრდა აჰმედი“ (ბელგია/საფრანგეთი) და „ტრანიზიტი" (გერმანია/საფრანგეთი).

„სპეციალური ჩვენებების" სექციაში წელს უჩვენებენ ამერიკელი რეჟისორის ვალერი რედ-ჰორსის ფილმს „კაცების მკვლელი" და Punto y Raya-ს (გერმანია) ფესტივალიდან საუკეთესო ექსპერიმენტულ ფილმებს.

ალექსანდრა ზახვატკინა - Sputnik საქართველო
„როდის დაბრუნდება ნინო“ – რუსმა ქალმა ქართველ მამაკაცზე ფილმი გადაიღო და ჯილდო დაიმსახურა

ფესტივალის საპატიო სტუმრები წელს იქნებიან ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და კინოს თეორეტიკოსი პოლ შრედერი (Paul Schrader), ფრანგი მსახიობი, უფრო მეტად ცნობილი როგორც ლეოს კარაკსას ალტერ-ეგო და მის ფილმებში თითქმის ყველა მთავარი როლის შემსრულებელი დენის ლავანი (Denis Lavant). ორივეს კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრიზი გადაეცემა.

BIAFF-ის ფარგლებში კინოჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „აპოლოში", სასტუმრო Wyndham-ში და ღია ცის ქვეშ სპეციალურად მოწყობილ მოედნებზე.

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 2006 წელს დაარსდა. ის ორიენტირებულია არტ-ჰაუსისა და დამოუკიდებელი კინოს სიახლეებზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. BIAFF-ი ითვალისწინებს სამ მთავარ ნომინაციას – საუკეთესო მხატვრული, საუკეთესო დოკუმენტური და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

საკონკურსო პროგრამასთან ერთად ფესტივალის პროგრამა ითვალისწინებს მრავალრიცხოვან მასტერ-კლასებს, სექციებსა და სემინარებს.

ყველა ახალი ამბავი
0