ქალთა ფესტივალი თბილისში

იყო ქალი ხელოვნებაა: თბილისი ქალთა საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

68
(განახლებულია 18:42 04.09.2019)
ფესტივალის ავტორების განცხადებით, წარმატებულ ქალებად არ იბადებიან, წარმატებული ქალები ხდებიან.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ქალთა საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მშვენიერი სქესის წარმომადგენლები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა გახდნენ კიდევ უფრო მიმზიდველი, წარმატებული და რეალიზებული, თბილისში 29 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

საქართველოში ქალთა პრაქტიკების ფესტივალი 2016 წლიდან იმართება, რომლის დამაარსებელიც არის ცნობილი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი, ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი ინგა ბლესი.

ფესტივალის ავტორის განცხადებით, მსოფლიოს თითოეულ კულტურაში იყვნენ განსაკუთრებული ქალები, რომლებიც ფლობდნენ ძალასა და მომხიბვლელობას, რომლითაც აღაფრთოვანებდნენ საზოგადოებას და ეს იყო არა თანდაყოლილი, არამედ შეძენილი ნიჭი.

ფესტივალის ფარგლებში ამ უნიკალურ გამოცდილებასა და ცოდნას ფორუმის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნის შვიდი პროფესიონალი ტრენერი გაუზიარებს.

სემინარების თემები შეეხება ჯანმრთელობის, ნაყოფიერების, მიმზიდველობის, ახალგაზრდობის, სექსუალურობის, ენერგიის, ჰარმონიისა და ქალის დანიშნულების საკითხებს.

„ჩვენი ტრენერები გადმოგცემენ იმ საიდუმლო ცოდნის გასაღებს, რომელიც შენი ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების ულამაზეს ბაღნარში მიგიყვანს... დროა საიდუმლოს კარი შეაღო და გადადგა ნაბიჯები ყველაზე ფარული ოცნებების ასახდენად – სილამაზისა და ქალურობის ზეიმი სწორედ აქედან იწყება!" – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ერთდღიანი ღონისძიება თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება. მასზე დასწრება შეუძლიათ ქალებს 18 წელს ზემოთ. ღონისძიების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

68
თემები:
საქართველო და კულტურა (369)