მუცო

უნიკალური ციხე-სოფელი მუცო შესაძლოა „ევროპა ნოსტრას" მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდეს

263
(განახლებულია 18:22 27.08.2019)
გამარჯვებულს 29 ოქტომბერს პარიზში დაასახელებენ, იგი სოლიდურ ფულად პრიზს მიიღებს.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. არქიტექტურის უნიკალური ქართული ძეგლი – ხევსურეთში მდებარე შუა საუკუნეების ციხე-სოფელი მუცო შესაძლოა „ევროპა ნოსტრას" პრემიის პრიზიორი გახდეს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მიღწევებისთვის გადასცემენ. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს" საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცნობეს.

„ევროპა ნოსტრა" – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ერთგვარი ევროპული „ოსკარია". ყოველწლიურად დამოუკიდებელი ექსპერტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ირჩევენ პრიზიორებს ოთხ ნომინაციაში: „კონსერვაცია-რესტავრაცია", „კვლევითი საქმიანობა", „სფეროში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის", „ფორმალური და არაფორმალური განათლება, ცნობიერების ამაღლება".

2018 წელს ძეგლი ნომინაციაზე წარადგინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან ახორციელებს.

2019 წლის მაისში მუცო მოხვდა ჯილდოს ლაურეატების ვრცელ სიაში ნომინაციაზე „კონსერვაციის საუკეთესო პროექტი". საქართველოსთან ერთად ამავე ნომინაციაზეა წარდგენილი 10 ძეგლი საფრანგეთიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

უძველესი ქართული სოფლის აღდგენა 2020 წელს დაიწყება>>

დაჯილდოების ცერემონია 29 ოქტომბერს პარიზში მემკვიდრეობის საკითხთა ევროპული კონგრესის ფარგლებში გაიმართება. პრიზებს გამარჯვებულებს გადასცემს „ევროპა ნოსტრას" პრეზიდენტი, საყოველთაოდ ცნობილი ტენორი პლასიდო დომინგო.

შატილი
photo: courtesy of Paata Vardanashvili

„დაჯილდოების ცერემონიაზე დასახელდება გრან-პრის შვიდი ლაურეატი, რომელთაც პრიზის სახით 10-10 ათას ევროს გადასცემენ. აქვე გახდება ცნობილი, ვინ მოიპოვებს „საზოგადოების რჩეულის" ტიტულს. ამ ნომინაციაში გამარჯვებულისთვის ინტერნეტით ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია", – განუცხადა „Sputnik-საქართველოს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ბარამიძემ.

ხმის მიცემა ინტერნეტის მეშვეობით შესაძლებელია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. კენჭისყრა 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ხმის მიცემა შესაძლებელია ერთხელ და აუცილებლად სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილი სამი პროექტისთვის.

მუცოს ისტორია

ციხე-სოფელი მუცო ხევსურეთის ისტორიულ მხარეში რთული რელიეფის სამ ვერტიკალურ ტერასაზეა განლაგებული. რამდენიმე ათეულ საცხოვრებელ სახლთან და ციხე-კოშკებთან მისასვლელი გზა რთულ, 300-მეტრიან ციცაბო ფერდობზე გადის.

ძველად მუცო საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა. ეს იყო ავანპოსტი, რომელიც საქართველოში ჩრდილოეთიდან მომავალ გზებს იცავდა. საქართველოსთვის, რომელსაც მუდმივად უწევდა დაცვა ჩრდილოკავკასიელი, სპარსი, არაბი, თურქი, მონღოლი და სხვა დამპყრობლების შემოსევებისგან, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო თავდაცვის საშუალებები.

ადგილობრივი მოსახლეობა, მეომრები და მონადირეები მთავარანგელოზ ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ და საუკუნეები იცავდნენ ხატისთვის ნაბოძებ საგანძურს. ლეგენდის თანახმად, ეს საგანძური რჩეულის მოლოდინში დღემდე ინახება მთებში, მუცოს მახლობლად.

რა არის „ევროპა ნოსტრა"?

„ევროპა ნოსტრა" – კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელია, რომელიც 1963 წელს შეიქმნა და ევროპის 50-ზე მეტი ქვეყნიდან 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. ფედერაციის შტაბ-ბინა ჰააგაში მდებარეობს. „ევროპა ნოსტრა" თანამშრომლობს ისეთ მსხვილ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ევროკავშირი, ევროსაბჭო და იუნესკო. საქართველო „ევროპა ნოსტრას" ასოცირებული წევრი 2016 წელს გახდა.

263
თემები:
საქართველო და კულტურა (1137)
კოლხეთის ეროვნული პარკი

საქართველოს ოთხი ნაკრძალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ჩამონათვალში მოხვდა

5
მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლებად აღიარებულია მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკები, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები.

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საქართველოს ოთხ ნაკრძალს - მტირალას ეროვნული პარკი,  კოლხეთის ეროვნული პარკი,  კინტრიშის და ქობულეთის დაცული ტერიტორიები იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა, ნათქვამია იუნესკოს Twitter-ის გვერდზე.

„კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ბრავო!“ - ნათქვამია შეტყობინებაში.

საქართველოს ხელისუფლებამ მტირალას და კოლხეთის ეროვნული პარკებისა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიებისთვის ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე იუნესკოში განაცხადი შეიტანა. ყველა ეს ტერიტორია შავი ზღვის სანაპიროზე ძველი კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

„საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონის მასშტაბით. იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივ მემკვიდრეობად დასახელებული ტერიტორიები, წარმოადგენს კავკასიის ეკო-რეგიონისა და შავი ზღვის აუზის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“, - დაწერა ღარიბაშვილმა.

 როგორც პრემიერმა აღნიშნა, დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას და მათი რაოდენობის ზრდას.

„მსოფლიო მასშტაბით, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებული აქვს სულ რაღაც 213 უბანს, მათ შორის: ამაზონის ტყეს, გრანდ კანიონის ეროვნულ პარკს, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკს, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლთა ჩამონათვალში ხვდება ის უნიკალური ტერიტორიები, რომელთა პირველყოფილი სახით შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამჟამად ჩამონათვალი ბუნების 200 ძეგლს მოიცავს.

• მტირალას პარკი

მტირალას ეროვნული პარკი ქობულეთი–ჩაქვის ქედზე, შავი ზღვის სიახლოვეს მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 15,7 ათას ჰექტარს შეადგენს. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული.

მტირალას ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. მტირალას მთა ზღვის დონიდან 1761 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მთელი წლის განმავლობაში მთა ნისლშია გახვეული და აქ გამუდმებით წვიმს. მთის მიკროკლიმატი ყველაზე ნესტიანია მთელ საქართველოში და ასევე ევროპაში. წელიწადში აქ 4500 მილიმეტრი ნალექი მოდის.

მტირალას პარკში 284 სახეობის მცენარე ხარობს. აქ თავმოყრილია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი, რელიქტური და ენდემური მცენარეები. ტერიტორიას განსაკუთრებულ ორიგინალურობას უკანასკნელი ორი სახეობა – მარადმწვანე უნგერნის შქერი და ეპიგეა მატებს, რომლებიც მხოლოდ აჭარასა და თურქეთის მიმდებარე ტერიტორიებზეა გავრცელებული. პარკის ფაუნა მრავალფეროვანია – აქ 95 სახეობის ცხოველი ბინადრობს. მათგან 23 საქართველოს „წითელ ნუსხაში“, ცხრა კი გლობალური გადაშენების პირასაა და „წითელ წიგნშია“ შეტანილი.

• კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი სამეგრელოში, კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. პარკი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს.

პარკის შემადგენლობაში შედის კოლხეთის ჭაობები, რომლებიც შემორჩა რელიქტური ტროპიკული და სუბტროპიკული ეკოსისტემიდან, რომელიც ევრაზიაში 10 მილიონი წლის არსებობდა. პარკში ზამთრობენ ისეთი გადამფრენი ფრინველები, როგორებიცაა კაკაჩები, ძერები, კირკიტები, მარჯნები, შევარდნები, ძელქორები, კრაზანაჭამია, თეთრკუდა, ველის და ბექობის არწივები, იხვები, ბატები, გედები, ჩვამები. ადგილობრივად გავრცელებულია შემდეგი სახეობები: ტყის ქათმები, კაუჭნისკარტა კრონშნეპები, მელოტები, კოკონები, ქოჩორები, თეთრშუბლა ბატები, სისინა და მყივანა გედი, ხუჭუჭა ვარხვი და კოლხური ხოხობი.

გარდა ამისა, პარკში ბინადრობს 16 სახეობის ენდემური ძუძუმწოვარი ცხოველი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპული ზღარბი, კავკასიური თხუნელა და რამდენიმე სახეობის ღამურა. ასევე ბინადრობენ ტურა, გარეული ღორი, შველი, წავი. კოლხეთის ბინადარი ამფიბიებიდან ყურადღებას იქცევს ვასაკა და ტბორის ბაყაყი. ქვეწარმავლებიდან - ჩვეულებრივი და მცირეაზიური ტრიტონი, წყლის ანკარა, ესკულაპის მცურავი და ჭაობის კუა გავრცელებული.

• ქობულეთის დაცული ტერიტორიები

ქობულეთის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო მნიშვნელობის, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების, როგორც მაღალი ღირებულებების მქონე ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით შეიქმნა. ტორფნარები მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მოიცავს ქობულეთის ზღვისპირა ვაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს. გამოირჩევა წყლის ფრინველთა და მცენარეთა მრავალფეროვნებით.

• კინტრიშის დაცული ტერიტორიები

კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდებარეობს აჭარაში და მოქცეულია მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის. ნაკრძალში შემორჩენილია მესამეული პერიოდის ენდემური და რელიქტური სახეობის უამრავი მცენარე.

5
ქართული ყველი

თბილისში დღეს ყველის ფესტივალი ჩატარდება

46
(განახლებულია 11:01 25.07.2021)
ყველაზე გემრიელი და ახალი ყველი, ასევე პერფორმანსები და მუსიკა - დედაქალაქის მთაწმინდის პარკი ყველას გემრიელ ფესტივალზე ეპატიჟება.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. მთაწმინდის პარკი დღეს, 25 ივლისს ქართული ყველის ყოველწლიურ ფესტივალს უმასპინძლებს, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფესტივალი 15:00 საათზე დაიწყება და 21:00 საათამდე გაგრძელდება.

მთაწმინდის პარკის მთავარ მოედანზე სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ყველი, რომელიც გამოცდილი მეყველეების და ყველის კომპანიების მიერ არის წარმოდგენილი. ფესტივალზე 40-მდე მონაწილე იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალზე ასევე დაგეგმილია საინტერესო პერფორმანსები, დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საქართველოში ყველის წარმოება 8 ათას წელს ითვლის. საქართველოში ოფიციალურად ყველის 14 სახეობაა დარეგისტრირებული: დამბალხაჭო, ჩოგი, ტენილი ყველი, კალტი, კობი, აჭარული ჩეჩილი, მესხური ჩეჩილი, სულგუნი, მეგრული სულგუნი, სვანური სულგუნი, გუდის ყველი, თუშური გუდა, იმერული და ქართული.

46